Tuesday 24 December 2013

ანალიზი (ნაწილი პირველი)

 ჩვენ გვიწევს ვიარსებოთ ისეთ გარემოში,რომელიც შედგება კომპლექსურ პროცესთა უწყვეტად მზარდი ჯამისგან. თავად სამყარო კი რთულად აგებული ვარირებადი სისტემაა, სადაც ყოველი ცალკეული ელემენტი გარკვეულ როლს ასრულებს მთლიანი მექანიზმის „გამართული“ ფუნქციონირებისთვის.
 მეცნიერების აშკარა პროგრესის მიუხედავად ამ დროისთვის არ გვაქვს ნათელი პასუხი უამრავ კითხვაზე. არის რაღაც, რაც ჩვენი ცნობიერის მიღმა რჩება და მასთან მუდმივი მიახლოებისას იგი ორჯერ მეტად გვცილდება.
 კაცობრიობა დასაბაბამიდან ცდილობს გაანალიზოს თუ რაში მდგომარეობს, როგორც ერთიანი პოპულაციის ასევე ცალკეული ინდივიდის არსებობის თეზა. ჩვენ შესაძლოა კონკრეტული მაგალითის განხილვის საფუძველზე, თავად შესასწავლი ობიექტის მოსაზრებიდან გამომდინარე ამ კითხვას მარტივი პასუხი გავცეთ, მაგრამ იქნება კი ეს პასუხი შესატყვისი სამყაროს უსასრულობასთან და განუსაზღვრელობასთან?! ნუთუ ჩვენი დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ იმ პრიმიტიული ყოფით განიმარტება, რასაც ადამიანთა ყოველდღიურობა ჰქვია.
 სავარაუდოდ ერთხელაც, რომ შევძლოთ იმის წარმოდგენა თუ რამდენად უძლურნი და მცირე ზომისანი ვართ ვეებერთელა კოსმოსიურ სივრცეში, მიღებული ინფორმაციის მასშტაბურობა და განცდილი არარაობა უმალ გაანდაგურებდა ჩვენს ამქვეყნიურ მოცემულობას. სწორედ ამიტომ გვაქვს ალბათ ბოძებული უსაზღვრო ამბიცია და სიბრიყვე, რომლებიც გვიცავენ ჭეშმარიტების შეუბრალებლობისაგან და რეალობის მოუხეშაობისაგან.
 ასევე ვარაუდის დონეზე მსურს დავუშვა, რომ ოდესმე ყოველი საიდუმლო სამყაროს შესახებ ცხადი გახდება, თუმცა არა ახლა და ამ ფორმით. ადამიანთა არსებობისთვის განსაზღვრული დრო საკმარისი არ არის ეტაპობრივად ჩამოაყალიბოს იმგვარი ინტელექტი, რომლისთვისაც საშიში არ იქნება შეულამაზებელი და სიღრმისეული „არსის“ გაგება, თუმცა გენეტიკური ცოდნა, რაც აერთიანებს წარსულსა და აწმყოში მიღებულ გამოცდილებას ინსტიქტურ დონეზე გვაახლოებს მასთან (პასუხთან, პასუხებთან) და ამგვარად ძიების პროცესი მეტად აზარტული ხდება. ალბათ ამიტომ შიგა და შიგ იმ ანარეკლში, რომელსაც ჩვენ რეალობას ვუწოდებთ ფრაგმენტულად, მცირე დროით ჩნდება ჭეშმარიტების სუსტი გაელვება.


Thursday 7 November 2013

არეული სამოტივაციო

   ყველაზე მთავარი ცხოვრებაში მაინც საბოლაო მიზანია. ვინც არ უნდა იყო ახლა და სადაც არ უნდა იყო, თუ ზუსტად არ იცი რა გსურს, ივლი მუდამ შეწუხებული სახით და ასევე შეწუხებული შიგთავსით. ტყუილად იფიქრებთ, რომ დრო ამ შემთხვევაში თქვენზე იმუშავებს. ეს შეგრძნება არ გაქრება, არ ჩაცხრება. ჟამის უსასრულო დინება (უსასრულო არა თქვენთვის) პირიქით დაამძიმებს მას და გაამრავლებს, როგორც ნაოჭებს მოხუცის სახეზე.    
 ვინ, თუ არა შენ უნდა იცოდე რა გინდა, რამეთუ არავინ გიცნობს იმდენად კარგად, რამდენადაც თავად იცნობ საკუთარ თავს!
 თუმცა „ახლა“ ადვილი როდია გაარკვიო რისკენ ილტვი. აქ მთელი რიგი ხელისშემშლელი ფაქტორები ავტომატურად ჩაირთვებიან ხოლმე და უმეტესად წარმატებით, ცრუ წარმოსახვათა მეშვეობით, აგაცდენენ ჭეშმარიტ გზას. მაგალითისთვის ამის ანალოგია  ინდივიდუალური „მეს“ ნაცვლად განიხილო საზოგადო „ჩვენ“. მოსპო ის, რაც  რეალურად ფასეულია და აღიარო მასათა ბრჭყვიალა ბიჟუტერია. ამას ძალიან ადვილად ჭამს გონებათა უმეტესობა, სადაც ცარიელი ადგილი ოხრად არის და თვით ცარიელი ადგილიც ელოდება რომელიმე იაფფასიანი პროგრამის მიერ არენდით იქნას აღებული.(დღევანდელი კომერციული სამყარო ძნელად თუ დატოვებს მსგავს სიცარიელეს თავისუფალს) სინამდვილეში ეს ოცნება იმდენად კარგად არის ფორმირებული, რომ ძნელია გაარჩიო საკუთარისგან, ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება მისი საყოველთაობის და ამავდროულად უნივერსალურობის. (ასე „ართულებს“ კარგი რეკლამა საზოგადოების ცხოვრებას)
სიფხიზლე გვმართებს!
 ერთი  შეხედვით ესოდენ მარტივი თემა რეალურ „სტატუს კვოში“ საკმაოდ ძნელად განხორციელებადია. ამას კი რწმენის ნაკლებობა განაპირობებს. ვგულისხმობ რა საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენას. თუ ვაპირებთ უკეთესები გავხდეთ ჯერ უბრალოდ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს შეგვიძლია. სხვა შემთხვევაში ყოველი ცდა ამაოდ წყლის ნაყვა იქნება.
 და ბოლოს!   

 არ არსებობს მიუღწეველი მიზანი, არსებობს მხოლოდ გამოუყენებელი შესაძლებლობა! 

Thursday 17 October 2013

ფეხები და გზა

 გარეთ გავდივარ... მზის შუქი ისედაც გაღიზიანებულ თვალებს მეტად და მეტად მიღიზიანებს. ცრემლი მდის თუმცა „სელპაკი“ ჩემთანაა და არაფერი მაშინებს. იმ იღბლიან შემთხვევას კი უკვე აღარ ველოდები, რეკლამაში როგორც აჩვენებდნენ (მე ჩემი ისტორია მაქვს უკვე). გოგონა ლამის სრულყოფილი ფორმებით შემზარავი დაცემინების ზღვარზეა, ამ დროს კი ახალგაზრდა ყმაწვილი „სელპაკის“ მიერ წარმოებულ სალფეთქს მოკრძალებით ააფარებს პირდაპირ ცხვირის ნესტოებზე და ვირუსის გავრცელების პრეცენდენტს არ უშვებს. ეკრანზეა საოცარი რომანტიკა და იმედისმომცემი პერსპექტივა უაზროდ თუ უზომოდ ბედნიერი ურთიერთობისა. ზოგჯერ განსაკუთრებით რთულია ნათელი აზრის დანახვა, თუნდაც ჩვენ ცხვირწინ იყოს ის.
 თავს მაქსიმალურად ღრმად ვხრი საკუთარი მკერდისკენ და გზას ასე ვაგრძელებ. ძირითადად ადამიანების ფეხებს ვხედავ. ზოგი ლამაზია ზოგი არა. ასე მარტივად ვახდენ მათ დაჯგუფება გადაჯგუფებას. ლამაზი ფეხები მარტო მანდილოსნებს აქვთ, თუმცა ყველას არა, რაც საკმაოდ სამწუხარო ფაქტია. ძალიან ბედნიერად ვიგრძნობდი თავს ნებისმიერი მდედრობითი სქესის წარმომომადგენლის ფეხი, რომ მომწონდეს, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. წარმოვიდგენდი რა სამოთხეს დედამიწაზე და თავს „ბაუნტის“ შოკოლადის კაიფში გამოვიჭერდი, რისთვისაც მკაცრად გამასამართლებდა კონკურენტი „სნიკერსი“ და მომისჯიდა დაახლოებით- „არ გაჩერდე წაუსნიკერსე“ ოდენობით თავისუფლების აღკვეთას სადმე ისეთ ადგილას სადაც არც ინტერნეტია და არც კომპიუტერი.
 მე სულაც არ მიზიდავს დაგრეხილი ფეხები ან დაკუნთული, ათლეტურად მკვრივი. მსუბუქ გულის რევასაც კი ვგრძნობ, როცა ასეთს შევნიშნავ ხოლმე და უმეტესად ორს. ფეხიც ხომ ძირითადად წყვილი სახით გვხვდება ბუნებაში, როგორც „ტვიქსი“, მაგრამ ტვიქსის განსხვავებულ ნაწილებს კიდევ აიტანს კაცი ხოლო მსგავსად განსხვავებული ფეხების ატანა არც ისე იოლია. (იოლი ანუ სუპერმარკეტების ქსელი? - არა)
 ამ ისტორიას ლოგიკური დასასრული არ აქვს, რადგან გზა (მანძილს) რომელსაც გავივლი საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლო დაწესებულებამდე, ამის საშუალებას რეალურად არ მაძლევს.
და ბოლოს,  გაუმარჯოს იმგვარ გაფრთიანებას, რომელიც “RedBull”-ისაგან არ არის მონიჭებული! 

Monday 14 October 2013

ცოტა რამ "ლიტერატურულ ქმნილებაზე"

  რა არის საჭირო იმისთვის რომ ნაწერს ჰქონდეს მკითხველისთვის სასიამოვნო მხატვრული იერი? ან როდის და რატომ ვიწყებთ წერას? როდესაც ეჭვი გვეპარება თუ პირიქით, როდესაც არსებულს გრავიტაციის არნახული სიმძიმით შევიგრძნობთ?  
 მე თუ მკითხავთ „ლიტერატურული  ქმნილება“ ლამაზ მელოდიას უნდა მიემსგავსოს, რომელიც თავის წარუშლელ კვალს ტვიფრავს მსმენელის(მკითხველის) სულში. მისი ყოველი გაჟღერება გაბრწინება უნდა იყოს... უნდა იყოს სინათლე უსინათლოთათვის, წყალი მწყურვალთათვის და შვება მომაკვდავთათვის. სამყაროში ერთი და ერთში ყოველი...
 განაპირობებს თუ არა ნაწარმოების ხარისხს მისი მოცულობა? - რა თქმა უნდა არა. ნებისმიერი სისულელის განვრცობა უფრო ადვილია ვიდრე „სწორად“ ჩამოყალიბებული ნააზრევის გადმოტანა ფართო მოცულობით. ზოგიერთის ერთი წინადადება მეტს იტევს და ამბობს ვიდრე სხვათა ათტომეულნი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთეულ გენიებს შეუძლიათ გამოხატონ სათქმელი ზუსტად იმდენი სიტყვით, რამდენითაც „ჯერ არს“...
 სტილი? - სტილით ვახდენთ ნაწარმოების იმგვარ წყობით ვიზუალიზაციას, რომ შესაძლებელი გახდეს კონკრეტული მწერლის იდენტიფიცირება. ის ნაშრომის ყველაზე ინდივიდუალური და ფაქიზი შემადგენელია. სტილი ავტორის ფაქსიმილიაა. ასევე იგია ბილიკი, ჩვენს მიერ არჩეული, მკითხველამდე მისასვლელად. ეს ნიშნავს გქონდეს შენი სამოსი (კარგი ან ცუდი) და შესაბამისად მას იცვამდე მოხდენილად ან პირიქით...
 სად ჩანს ხელნაწერში (ნაბეჭდში) სული? რა არის მასში ფასეული და რას უნდა მიექცეს ყურადღება? - ეს არის თემა, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის დამოუკიდებელია. კარგი ნაწერის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მას თანაბრად გასდევს არსობრივი დატვირთვა და ამით, შენ მკითხველი არჩევანში თავისუფალი ხარ, რამეთუ შეგიძლია იპოვო ის რასაც ეძებ, როგორც დასაწყისში ასევე ნებისმიერ სხვა ადგილას...

 და მაინც რა ქმნის ნაწერს დაუვიწყარს? - მხოლოდ და მხოლოდ მკითხველი... 

Tuesday 24 September 2013

პასუხი


 სიმშვიდე მომენატრა... ვცდილობ წარმოვიდგინო ორგანულად მწვანედ შეღებილი წიწვოვანი ტყე, სადაც შეგიძლია საკუთარ სუნთქვას ყური დაუგდო და რიტმი დაიჭირო, კონკრეტული სიცოცხლის რიტმი... მომენატრა მთის მკაცრი კლიმატი და ჰაერი, რომელიც ჟანგბადით არის სავსე... წმინდა ქარის მოტანილი ნადირის ღრიალი და მდინარის უშრეტელი ხმაურის აღრევა მომენატრა...
 სულ ორი წამით ვფიქრობ შეჩერებას... მიმოვიხედო ეგებ და მივხვდე რა გავაკეთე ან რა გავაფუჭე, რა დავანგრიე ან რა ავაშენე. ძალიანაც, რომ მოვინდომო ეს შესვენება ვერ გამაჩერებს. კმაყოფილების გრძნობა საქმის მიმართ ერთ დღეზე მეტხანს არასდროს მქონია. მიზნისკენ სწრაფვას უკვე ინსტიქტურად ვაგრძელებ, რამეთუ სისხლში მაქვს სასურველი სასრულის წითელი ნაწილაკები, რომლებიც ხასიათდებიან თვითგანახლებით, რაც თავის მხვრივ ჩემ მუდმივ მოძრაობას განაპირობებს ყველგან და ყველაფრისკენ.
 მინდა თუ არა მაინც მომიწევს შესვენება ავიღო... რა ჯიუტი ხასიათის პატრონიც არ უნდა იყო ვერაფერს გახდები თიხით შეტიტყნილი სხეულის ყოველი მცირე წერტილი, რომ გიმტყუნებს თავისი მიწიერი არარაობითა და უსუსურობით. აი იდეა, აზრი, მიზანი კი მუდმივად შეინახება და მას ვერაფერი შეეხება თუ ჭეშმარიტად გწამს და გაკმაყოფილებს არგუმენტები, რომელთაც ფლობ. (შეიძლება არაფერსაც არ ფლობდე და „ბრმა“ ფანატი იყო)
 თუმცა ზემოთხსნებეულთან აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ყველაფერი მართლაც საოცრად მარტივდება, როდესაც მომდევნო დილის გათენებას ეჭვის ქვეშ აყენებ. უკვე დრო თავის უზარმაზარ ძალას თვალნათლივ წარმოაჩენს, ისევ და ისევ შენივე ძალისხმევით. გეგმებიც თავისით იფილტრება წვრილმანებიდან აუცილებლებამდე.(აქ საკითხავია თუ ვისთვის რა არის მთავარი) ზოგჯერ იმედგაცრუებაც გველის, მაგრამ სიტყვა ზოგჯერ უკვე იმედის მომცემია, მით უფრო ასეთ კრიზისულ გარემო პირობებს თუ წარმოვქმნით...
 წმინდა ქარის მოტანილი ნადირის ღრიალი და მდინარის უშრეტელი ხმაურის აღრევა მომენატრა...



Wednesday 4 September 2013

კითხვები ჩემს თავში (პირველი ნაწილი, დაბადება... ძიება…)

 ვიღვიძებ?
(კითხვა დაიბადა დილით, როცა რეალობასა და სიზმარს შორის არსებული ბურუსი ვერაფრით გავფანტე)
 ფხიზლად ვარ?
(კითხვა დაიბადა მზის ჩასვლისას... ხედის საყურებლად მისულმა ვერც კი შევნიშნე როგორ გაქრა მზე ჰორიზონტიდან)
 საკუთარი სურვილები მმართავენ?
(კითხვა დაიბადა როდესაც სწრაფი კვების ობიექტში შესვლისას აღმოვაჩინე რომ უკვე 50–მეათედ ვდებ პირობას, რომ ოდესმე შევეშვები არაჯანსაღი პროდუქტით კვებას)
 სურვილი რომელიც ჩნდება, ჩვენივე გონების თავისუფალი ნების საფუძველზეა აღმოცენებული?
(კითხვა დაიბადა სარეკლამო ბანერის წინ, როცა მომინდა ის რაც არასდროს მომინდებოდა)
 რასაც ვეხები რეალურია?
(კითხვა დაიბადა მცდელობისას ყინულის ცივი ნატეხი აღმექვა გავარვარებულ ლითონის ნაგლეჯად... საპირისპირო ექსპერიმენტი მავნებელი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის)
 მატერია თავისი არსით მატერიაა?
(კითხვა დაიბადა სპონტანურად, არაფრისგან, მაგრამ იგი მაინც გაჩნდა)
 სიტუაცია მხოლოდ ერთ განზომილებაში და მხოლოდ ერთი სახით ვითარდება?
(კითხვა დაიბადა მას შემდეგ რაც ვუყურე DC-ს ანიმაციას, სუპერ გმირ Flash-ის მონაწილეობით... იგი ავითარებს ზებუნებრივ სიჩქარეს რის საშუალებითაც გადაადგილდება დროის ხვრელში და წარსულში ცვლის გარკვეულ მოვლენებს რაც თავის მხვრივ იწვევს მომავლის სახეცვლილებასაც)
 მისია რომელიც უნდა შევასრულო, ჩემივე არსებობის გამართლებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს? 
(კითხვა დაიბადა ჩემს მიერ ჩემივე მისისს განსაზღვრისას)
 რამდენჯერ ვაღებთ კარს ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში?
(კითხვა დაიბადა როდესაც ბუდისტურ წარმოდგენებს ვეცნობოდი გარდაცვალებაზე)
 ვინ არის ჰომოსაპიენსი... ბუნების ჭეშმარიტი მკვიდრი თუ სიმსივნური წარმონაქმნი რომლის მოკვეთა გახდება საჭირო?
(კითხვა დაიბადა 2012 წლის მიწურულს)
 შევძლებ კი ოდესმე ჩემ გენეტიკურ კოდში დაშიფრული, ისტორიული გამოცდილების სრულად ათვისებას და გამოყენებას?
(კითხვა დაიბადა BBC-ის შემეცნებითი პროგრამის ჩვენების შემდეგ)
  დროის მსვლელობა სამყაროს გაფართოების პროცესის პირდაპირ პროპორციულია?
(კითხვა დაიბადა მას შემდეგ რაც სამყაროს წარმოშობის შესახებ დიდი აფეთქების თეორიას გავეცანი, ასევე „ინფლაციის“ თეორიასაც)
  სად ვიყავით , სად მოვედით და სად მივდივართ?

(კითხვა დაიბადა...) 

Saturday 17 August 2013

იყო და არა იყო რა ანუ რით ვჯობივართ ღორებს ?

იყო და არა იყო რა...  ასე „აბოლებდნენ“ ბავშვებს ჩემს ბავშვობაში. ახლა იგივე მეთოდს პოლიტიკოსები იყენებენ, რათა მართონ „მორჩილნი ცხვარნი ქვეყანასა ამას ზედა“... რას ვიზამთ რაც ვართ ეს ვართ და ხელის ჩაქნევაშიც კიდევ ბადალი არა გვყავს... 
 სახლში მივდიოდი სამარშრუტო ტაქსით და როგორც წესად აქვთ ხოლმე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქაც დაიწყო ქვეყნის მიმდინარე, წარსული და მომავალი პოლიტიკური მიმართულების გაკრიტიკება ... მეწყინა ცოტა არ იყოს საკუთარ დანაშაულს არავინ ხედავდა... ასე ვიფიქრე ყველაფერს მე და ჩემ თაობას გვტენიან თქო (ეს ასეც იყო)... გადააბრალეს მთელი ქვეყნის დანგრევა ბინძურ ახალგაზრდებს და არავინ არ გაიხსენა ერთი აგური მეც მაქვს ისეთი საწარმოდან წამონაღები რომელიც, რომ არა ის აგური შესძლებდა გაეგრძელებინა ფუნქციონირებაო... არც ის თქვეს ახლაც იგივეს ვიზამთ მთავარია შანსი მოგვეცესო...  ისე გავბრაზდი, რომ დავარღვიე ყველა კონონი რომელსაც საკუთარ თავს ვუწერ და ჩავერიე „უცხოთა“ კამათში...  ვუთხარი „დიდ პოლიტიკურ ექსპერტებს“, თქვენ და თქვენისთანები არ იყვნენ ბიძაჩემო ხან კალაშნიკოვით და ხან ვარდებით რომ დარბოდნენ თქო... ეწყინა... არაფერ შუაში ვარო... სიტუაციის შემთხვევითი მსხვერპლი ვარო... დრო იყო ისეთი და აბა რა მექნაო... მით უფრო ყველაფერს მთავრობა წყვეტს და ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართო... 
 ამ ბიძაკაცს ვერაფრით გაამტყუნებ საკუთარი დაზეპირებული სიმართლით დადის, რომელიც ლოგიკას „ძვლებში ამტვრევს“ პირდაპირ(მათ ასე ჰგონიათ პრინციპში)... საუბედუროდ ასეთ ბიძაკაცთა მთელი კასკადა არსებობს, რომლებიც მისტირიან კომუნისტურ სიამტკბილობას, 90იანების უსაზღვრო შესაძლებლობებს და ციხეში მომხდარ შემთხვევებსაც მეტად ჰუმანურს უწოდებენ... 
 მივხვდი შთაგონების ძალა უცნაურია ძალიან. თუ ჯანმრთელ ადამიანს დაარწმუნებ ხელები არა გაქვსო საჭმელს ღორივით შეჭამს თეფშიდან. რა ვუყოთ, ვგავართ ჩვენც ამ უწყინარ შინაურ ცხოველებს და არა მარტო ამ თვალსაზრისით. ვიდრე გვაჭმევენ არ ვჭყვიტინებთ, თუმცა მადა მუდმივად გვეზრდება და მეტს ვითხოვთ. როდესაც საჭმლის მოწოდება შეგვიმცირდება ჯერ ხმაურს ვიწყებთ შემდეგ კი „პატრონსაც“ დღიურ ულუფად ვაქცევთ და ისევ, ხელახლა რომელიმე ღორს მივანიჭებთ ძალაუფლებას ჩვენ კი კვლავ დაველოდებით კუთრ ულუფას...
 გულით მინდა დავიჯერო, რომ გავიზარდეთ, მეტი ვისწავლეთ და საკუთარი თავის, ოჯახის, ქვეყნის მშენებლობისთვის თავადვე ვაგროვებთ საჭირო მასალას, მაგრამ საწყენია როცა არავინ ხმას არ იღებს იმაზე, რომ საგადასახადო წნეხი შეამცირონ და პარალელურად ყველა ყვირის მთავრობამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს წარმოებული პროდუქციის გასაღება და გასასაღებელი ბაზრის ძიებაცო... გინდათ, რომ განათლება უფასო იყოს და არა ის თავადვე შეგეძლოთ ნებისმიერი საფასურის თავისუფლად გადახდა განათლების მიღებისათვის... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ჩვენ არ გვსურს თავადვე ვიყოთ საკუთარი ბედისა და თავის წამმართველნი, თითქოს გვწადია, რომ ვიღაცამ ზემოდან (სავარაუდოდ ზეადამიანმა) ჩვენსავე მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები და ის რაც ჩვენი გასაკეთებელია მან გააკეთოს...

 იყო და არა იყო რა...      

Wednesday 17 July 2013

ქალაქის ხმაურს ემსხვერპლა ბავშვი

ქალაქის ხმაურს, ემსხვერპლა ბავშვი...
შიშით გაზარდეს, არიდეს ქუჩას
გადაუმტვრიეს ის ხერხემალი
თავისუფლებას ხიდად, რომ უდგას.

უკვე წირავენ სკოლის კვარცხლბეკზე,
„დედიკოს ლექსებს“ შემკრთალი ამბობს,
სუნთქვას თუ არა? სუნთქავს თუ არა?
აქ არვინ იმჩნევს... აქ არვის ახსოვს...

აჰა მოვიდა წელი დიდების,
უნივერსიტეტს ახვევენ თავზე,
მიმართულებას ირჩევს „მამიკო“
შვილი ვერ ამბობს კვლავ თავის სათქმელს.

გადაუარა ყველა საფერხურს
ზოგსაც ოჯახმა გადაატარა,
ხარისხებს ვერ თვლის, თუმცაღა რაც სურს,
არ ღირსებია... არა... აღარა....

ცოლი? რა ცოლი მას შეურჩიეს
ოჯახის შვილი, ბებოს რჩეული,
ქალი უღიმის, ქალსაც უღიმის,
და მაინც იგი არს დაბნეული.

შვილი ყავს უკვე, თან არა ერთი,
ცოლიც ფუსფუსებს, დიდ-მყუდრო სახლში
ერთი შეხედვით ეს იდილია
ვარსკვლავებს მოწყვეტს და შემდეგ დათვლის.

ცაზე ღრუბელმა, შავად, მზაკვრულად,
დაიღრიალა და ელვად ინთო,
ეს ჩვენი გმირი თავის მანსარდში
თავ-ჩამომღრჩვალი, პირღია თითქოს...
ეკითხებოდა, ვიდრე დამარხეს,
მე რა ვიყავი? ან ვინ ვარ ახლა?
პასუხად მხოლოდ, წვიმის წვეთების
ჩუმი ხარხარი, ხშირ-ხშირად ატყდა...

Sunday 14 July 2013

"დილის აერობიკა"

 სამსახურში მისვლამდე 15-წუთით ადრე, ჩვევად მაქვს ქალაქის შუაგულში მდებარე პატარა პარკში შევისვენო. პარკში სიგრილეა და ამავდროულად დატვირთულია ისეთი ტიპის სანახაობებით, რომელიც ჩემი აზრით არ უნდა დაიკარგოს და სასურველია მომავალ თაობებს გადაეცეს ყოველგვარი შელამაზების თუ შესწორების გარეშე (ისტორია კი თავისი არქივებით, ნამდვილად არ წყალობს პარკში "დროის მომკვლელთა" საზოგადოებას).
 9:40-ზე წითელ ფორმიანი დამლაგებლები , დიდი თეთრი წარწერებით (ეს ალბათ ისეთ ფსიქოლოგიურ ფერთა შეხამებაა, სამუშაო განწყობა, რომ უნდა შეგიქმნას) "სუფთა ქალაქი", უკვე ამთავრებენ თავიანთ საქმეს. სიამაყით აკვირდებიან გარემოს და საკუთარი ღვაწლის სიდიადის წარმოდგენაც კი უჭირთ (ეს მათ აღიბეჭდება თუ კარგად დააკვირდებით). დიახაც! რომ არა ისინი, ბინძურ დედამიწას "რა თვალით შეხედავდნენ" მეზობელი პლანეტები მხოლოდ ღმერთმა უწყის (ისე ახლაც უკვირთ, ამდენი არა ჯანსაღი გამონაბოლქვის შემდეგ, როგორ არ უჩნდება ფილტვების ან ყელის კიბოო, თუმცა ვინ იცის რა სენი აქვს შეყრილი ამ პასიურ მწეველს...). ოდნავ უცნაურ შეგრძნებას მარტო ის ფაქტი ტოვებს, რომ სისუფთავის დამცველები თავად არც ისე სუფთად გამოიყურებიან. ეს იცით რას გავს? - სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, ცოცხლად დარჩენილ მეომრებს ტანსაცმელსა და აღჭურვილობაზე, რომ შერჩენიათ მძიმე "შეტაკების" კვალი.
 ძვირფასო დამლაგებლებო! დაე თქვენი მარჯვენის მეოხებით მუდმივად "კრიალებდეს" ჩვენი ქალაქისა და პლანეტის მთლიანი ტერიტორია თუ არა დიდი ნაწილი მაინც!
 9:45-ზე არაფერი შეცვლილა პარკის ერთ-ერთ სკამზე (მისთვის საწოლზე) ჩაძინებული მოქალაქისთვის. ისე მართლა საინტერესო შემთხვევაა, რადგან ერთი შეხედვით ვერ მიაკუთვნებ იმათ კატეგორიას, ვისაც ასეთ პირობებში უხდებათ ძილი. ამ კონკრეტული შემთხვევის მიზეზი ან დიდი დოზით ალკოჰილი, ან გაბრაზებული ცოლია, ან ორივე ერთად.
 ჩვენ გმირს სკამის ძელზე, პირით ქვემოთ სძინავს და ცხვირი ხის მაგარი ზედაპირის გამო სახეში აქვს შეჭყლეტილი, სწორედ ამიტომ სუნთქვა უძნელდება და "გაჭირვებით" ცდილობს გვერდი იცვალოს, თუმცა თავს ვერაფერს უხერხებს და ისევ ძველ პოზიციას უბრუნდება. ასე მეორდება იგივე პროცესი 30 წამიანი ინტერვალით დაახლოებით 3-ჯერ. ბოლოს ნებდება ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობას ორგანიზმი, თან იღლება ამდენი წარუმატებელი მცდელობით და ჰაერის მიწოდების ალტერნატიულ გზად პირის ღრუს ირჩევს. ღია პირით კი დაკვირვების ობიექტი, მისდა უნებურად ლოკავს ურიცხვ საჯდომთა მიერ "სტერილურად მოხეხილ" სავარძელს (იცოდეთ ანჩხლო ცოლებო სად უშვებთ და რისთვის წირავთ საკუთარ ქმრებს. ასეთ დროს "ჭეშმარიტად" პრინციპული და ამავდროულად მზრუნველი მეუღლე მოხარულიც კი უნდა იყოს თუ მის ქმარს, რომელიმე სხვა მანდილოსანი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე, თბილ კერას გაუზირებს და ააცდენს ამგვარ განსაცდელს). არაფრით სასიამოვნო სანახაობას სწრაფად ვარიდებ თვალს, თუმცა ის აზრი, რომ გარეთ ძილი ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნოა, თავიდან ავტომატურად მივარდება.
 9:50... დღეს საქმე საკმარისზე მეტი მაქვს... ეს სასიამოვნოა... მშვიდად ვეთხოვები ბუნებრივ სიგრილეს და ხელოვნურად იმიტირებულ მის ანალოგში ვინაცვლებ...

Saturday 13 July 2013

ვათავისუფლებ წარმოსახვას

 ჩამოიღრჩო თავი ძილმა, გარეთ კი წვიმა არ ეშვება სახლის სახურავს... აღარ მინდა ვიფიქრო, მაგრამ არ მეშვება, ვერ ისვენებს ოხერი გონება... ვათავისუფლებ წარმოსახვას და აჰა გავცდი უკვე ჩემი ოთახის კედლებს... 
 ვმოძრაობ ასე სინათლის სიჩქარით და დედამიწას უკვე რამდენგზის ვუვლი გარსს აღარც კი ვიცი... კოსმოსის სიმძიმე მაწვება უცებ მთელი ძალით და ვეშვები, ვდუნდები, თორემ ტვინს გამიჭყლეტს უეჭველად...
 სამყაროს ისეთ ფორმას ვაძლევ, რომ ადვილად მოვირგო დილით ადრე, გაღვიძებულზე... ბუნდოვნად მესახება საერთოდ დილა, თუმცა ვერ აღვიქვამ ამას პრობლემად, რამეთუ ჩემ მიერ ფორმირებულ სამყაროში არ შეიძლება პრობლემა არსებობდეს...
 მკვდრები, ცოცხლები დააბოტებენ და თელავენ უსასრულო ბილიკებს... ფრთების მოქნილი მოძრაობით ცურავენ ზემოთ თევზები... ლურჯი ფერის ცაზე დავაბიჯებ და შესაფერ ადგილს ვეძებ, რათა რომელიმე მსუქან-ფარფლიან ფრინველზე ვინადირო... 
 აქ არც მანქანები არიან და საერთოდ არაფერია რაც გარემოს დააბინძურებს... დრო მხოლოდ და მხოლოდ უკვდავების ტბისაკენ მიემართება, იქედან უკან, ჩვენთან...
 ხელახლა ვაიძულებ გონებას არაფერზე კონცენტრირდეს და ამჯერად ამას უფრო წარმატებით ვახერხებ... 
 დილით ვგრძნობ, რომ სიამოვნებით მოვკლავდი მას ვინც მაღვიძარა გამოიგონა...

Tuesday 9 July 2013

წამები და წუთები

 ახალგაზრდობისთვის დრო ნელა გადის, ახალგაზრდობა კი მალე მთავრდება... საერთოდ ასეთ რამეზე არ უნდა ფიქრობდე ალბათ, მაგრამ ალბათ არ არსებობს როცა ფიქრს იწყებ...
 განსაკუთრებით დროს სისწრაფე შუალედურიდან–შუალედურამდე ემატება. ვინც არ იცით შუალედურები გამოცდების ერთ–ერთი სახეობაა, რომელიც 2-ჯერ ყოველ მე–7 კვირაში ტარდება. როდესაც ასეთ პრიმიტიულ რამეს ყურადღებით აკვირდები იმწუთს ხვდები, რომ დრო კიდევ უფრო ჩქარა უნდა მიდიოდეს სხვა შემთხვევებშიც.
 ყველაფერი, რასაც იშვიათად თუ უწერია განმეორება განწირული არ არის, მაგრამ სხვა დანარჩენი კი დავიწყებას მიეცემა ოდესმე აუცილებლად. ალექსანდრე მაკედონელის საქმეები კეისარმა გაიმეორა, კეისარს თემურ ლენგმა "მიბაძა", თემურ ლენგს ნაპოლეონ ბონაპარტმა(თავისთავად ფართო მასშტაბის დაპყრობით ომებს ვგულისხმობ მსგავსებაში), ამიტომაცაა მათი სახელები და ქმედებები უკვდავი ვიდრე პლანეტა არ ჩაქვრება მთლიანად. ძალიან ძნელია, როცა ფიქრობ რომ დედამიწაზე ნაცხოვრები N რაოდენობის ადამიანების აბსოლიტური უმრავლესობა უსახელოდ მოკვდა. არაფერი არ შეგაშინებს ისე როგორც ეს.
 დრო მკვლელი მექანიზმი, რომ არის დიდი ხანია მიხვდა ყველა. წამები და წუთები ჩვენგან დამოუკიდებლად და დაუსრულებლად განიბნევიან სივრცეში. ვერაფერს ვცვლით ამასთან მიმართებით, მაგრამ ვიბრძვით, ვიბრძვით როგორც იმედი პანდორას ყუთში ჩაკეტილი მარტო, რომ დარჩა. უკან არ ვიხევთ, რადგან უკან მხოლოდ გვამებია ისტორიის გრძელ გზაზე მიმოფანტული. წინ კი დიდი უფსკრული გვაქვს წამების და წუთების მჟღერი სიმფონიით ამოვსებული პირთამდე. ჩვენ კი უკანასკნელი მებრძოლები ველოდებით მას ვინც ბრძოლის ველს გაგვაშორებს. წამები და წუთები ისევ და ისევ განიბნევიან მარტო, ჩვენ გარეშე, სამარადისოდ...

ეს ჩემი ქვეყანაა

 საქართველო ქვია მას...
 დიდი ხანია უკვე გზას იკვლევს ისტორიის ბილიკებზე და გზაც ხშირად არევია (ან ურევდნენ), თუმცა ჩემამდე მოაღწია და კიდევ ბევრს გაივლის მარადისობამდე. მარადისობა კი ნამდვილად მისი ხვედრია... ჩემი შეხედულება მიკერძოებული და სუბიექტურია, რამეთუ ეს ჩემი ქვეყანაა...
 ხალხი ძალიან თბილი, ჭკვიანი და მედიდურია. ყოველი მათგანი საკუთარ თავს საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირსა და პიროვნულ ინდივიდუალიზმში გამოავლენს... ფეთქებადი ხასიათით დავიკვეხნით, მაგრამ საჭიროებისამებრ შორს ჭვრეტაც შეგვიძლია და მშვიდად აზროვნებაც... გვიყვარს ქეიფი ზე-აღმატებით... ეს  ცოტათი ხელს გვიშლის, თუმცა არ ვაღიარებთ... ეს ჩემი ქვეყანაა...
 ჩვენი ამინდი ძალიან წააგავს ჩვენსავე ხასიათს. იგი ცვალებადია, თუმცა მშვენიერი... ბუნება ალაგ მკაცრი და ალაგ სიმშვიდის მომგვრელი... ზღვარი ყველაფერში დაცულია... სიწმინდე ჩვენი მთის ნაკადულებში სხვა განზომილებაშია გადასული. უფრო მეტად სამოთხის მდინარეებს მოგაგონებთ წყალნი მომჩქეფარნი. მთაცა გვაქვს და ზღვაც. ეს ჩემი ქვეყანაა...
 მე ბედს ვუმადლი ჩემი ქვეყნის შვილად რომ გამაჩინა. ეს ჩემი სამშობლოა...

Saturday 6 July 2013

გამონაკლისი (შეშლილ აზრთა ნაკრები)

 დღისით არ ვწერ ხოლმე... უმეტესად ''მუზა'' საღამოობით მომდის, უფრო სწორად გვიან ღამით როდესაც ყველას სძინავს გარდა რამდენიმე შეშლილისა. აი ამ წუთს კი გავიფიქრე, აუცილებელია რომ მარტო ღამით ვწერო? – რა თქმა უნდა არა ეგ მაინც არის ჩემზე დამოკიდებული რას დავწერ და როდის.
 ზოგიერთი ისტორიის მოყოლა შეიძლება ზოგის არა, უმეტესობას ვერ მოყვები. პირადი ისტორიები მხოლოდ ჩვენთვის არის საინტერესო.
 ვეძებე და ბოლოს ვიპოვე პასუხი. რასაც ვეძებ ის არ არსებობს ან ჯერ ვერ მივაგნებ...  
 სიცოცხლე სამხიარულო დღესასწაულია უბრალოდ აქ ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება. წვეულება ყოველთვის არ შეიძლება იყოს სასიამოვნო. მოდას ყველანი ვერ ავყვებით, რადგან ზოგჯერ ჩვენ ვქმნით მას სხვებისთვის.  გინდა იყო პირველი?– ადგილი უკანა რიგში დაიკავე, გასვლის დრო ყოველთვის დგება, ამიტომ შენ ყოველთვის პირველი გახვალ. მეტი სიხარულისთვის ყოველთვის მეტი საზღაურია და ეს გარდაუვალია. მინდა წყნარად ვიწვალო წარმატების მიღწევის პროცესში, რათა შედეგით მეტად დავტკბე. უაზრო ნუგეში უბრალოდ გვანერვიულებს. თავი შეიკავე, წითელზე თუ გადახვალ მანქანა არ გაწითლდება გადატანითი მნიშვნელობით, აი პიდაპირით კი გაწითლდება. მუდამ იტანჯება მხოლოდ მაზოხისტი. თუ სიამოვნებას არ ეძებ ის თავად ვერ გიპოვის. შეიკავე თავი და დიდხანს იცოცხლებ თუმცა მუდამ ინანებ. არასდროს მოიტყუო და შენ ტრამვებით მოკვდები, სამაგიეროდ ვისაც არ მოატყუებ ისინი ინფარქტით. კეთილი საქმის კეთებისას იყავი მშვიდი და დაფიქრებული, რამეთუ პირიქით არ გამოგივიდეს. ცხოვრება რომ ომია, ეს ფრაზა ზღაპრიდან და კინოფილმიდანაა, ამიტომ აზრი აქვს დაკარგული მხოლოდ მათთვის ვისაც ცხოვრება თამაშად არ მიაჩნია. არ ინერვიულო და არ გაბოროტდები...
 ეს ყველაფერი ვიცი, გააზრებულიც მაქვს და მინდა ასე გავაკეთო, თუმცა ზოგჯერ სხვა რამე მკარნახობს თუ როგორ ვიცხოვრო...

Friday 5 July 2013

"ლინგვისტი ქვეშემრდომი"

ზაფხულია... ასე 12 საათი იქნება და მეც ჩემი კომპიუტერის წინ ვზივარ ჩემსავე სკამზე (სამსახურში). ხალხის ტალღა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ეხეთქება შემოსასვლელსა და გასასვლელს. საკმაოდ მოსაწყენი გარემოა და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ შევამჩნიო რამე ისეთი, რაც ოდნავ მაინც გამომიკეთებს გუნება განწყობილებას. სწორედ ასეთ დროს ვამჩნევ იმას რასაც ვეძებდი და ყურადღების ფოკუსირებას მასზე ვახდენ...
 „ხელების საოცარი მოძრაობა, ჰაერს ლაღად, ნაზად არხევს და ლივლივებს მასში, როგორც კამკამა წყალში თევზი ან ნიავში, რომელიმე ჩიტის მსუბუქი ბუმბული.
 ეს მშვენიერია და ერთი შეხედვით წარმოუდგენელიც, თუ რამდენად მეტყველი შეიძლება გახდეს პანტომიმა განსაკუთრებით იმ დროს, როცა შენი მენეჯერი თავზე დაგყურებს და შენ კი ვალდებული ხარ ინგლისურის ცოდნა გამოამჟღავნო. სხვა გზა აღარ რჩება კონსულტანტს და ისიც იწყებს პრეისტორიულ როკვას, რომლის საშუალებითაც პირველყოფილი ადამიანები კომუნიკაციას ახერხებდნენ ერთმანეთთან. ეს უძველესი მსოფლიოს ენაა, ეს უფრო მეტია ვიდრე ვერბალური მეტყველების შეზღუდულ ფრაზათა ერთობლიობა და აქაც, იგი კვლავ იმარჯვებს კაცობრიობის ყველა პროგრესზე, რამეთუ კლიენტმა ყველაფერი გაიგო, მენეჯერიც კმაყოფილი დაჰყურებს თავის „ლინგვისტ ქვეშემრდომს“ და მაღაზიაც კვლავინდებურად აგრძელებს მუშაობას.
 გულში ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემი საქმე. აქ შეუძლებელია დიდი ხნით დარჩე მოწყენილი...“

 ზაფხულია... საღამოს 7 საათი... სამსახურიდან გავდივარ და უკვე ვიცი თუ რას მოვყვები „ლუდის სმის საღამოზე“...

Thursday 4 July 2013

"ორიოდ ნოტად"

 მუსიკით შთაგონებული ვწერ. ვუსმენ... მიტაცებს... მიზიდავს... მითრევს...
 მშვიდი ვარ როგორც მთა ზვავის მოლოდინში. ვგრძნობ ტალღებს ყოველ ბგერას, რომ მოაქვს თავისი - ახალი, ძლიერი, ლამაზი. თავხედურად ვხდები ყველაფრის ბატონი და ყველაფერი ხდება ჩემი ბატონი. ცა უფრო ლურჯია, ოთახი უფრო ნათელი, ღამე უფრო გრძელი, დილა მზიანი, ცხოვრება შინაარსიანი.
 მუსიკით შთაგონებული ვწერ, ვერ ვჩერდები რამეთუ მეტია ეს ყოველივე ჩემზე. ევერესტზე მაღალიც ვარ და ყველზე ღრმა უფსკრულზე დაბლადაც ვეშვები. აი ამ დროს განსაკუთრებით მწამს, მიყვარს და განვიცდი.
  უკვდავებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვისურვებდი თუ კი ყოველ მოსმენილ მუსიკას თან მოყვება ის პირველი განუმეორებელი შეგრძნება რომელიც დაუვიწყარს ქმნის ცხოვრების ერთ ძალიან პატარა მონაკვეთს.
  პატარა ზვირთი, რომელიც ცუნამად გადაიქცევა, აი რა ძალა აქვს ხელოვნებას. შემოქმედი ქმნის, სხვები კი იგებენ ისე როგორც უნდათ, როგორც შეუძლიათ. თავისთავად ავტორისთვის მნიშვნელოვანი ნაწარმოები საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემად იქცევა. ეს გენიალური მოვლენაა.
გაზაფხული კი ისევ მოვა მუსიკის ორიოდ ნოტად...

დამღლელი რუტინა ანუ ყველაფერი ის რასაც სამსახურს ვეძახით (მუდამ საყვარელი საქმე აკეთე)

 დილით ადრე დგები, ტანზე გამალებით იცმევ. სასწრაფოდ გარბიხარ აბაზანაში თავის მოსაწესრიგებლად. მიუხედავად იმისა რომ წყალი სახეზე 10ჯერ მაინც შეისხი გეძინება თან ძალიან გეძინება. ყველაფრის მიუხედავად აღებ სახლის კარს თუმცა საუზმე ბოლომდე ვერ დაასრულე. გარბიხარ იქ სადაც ყველაზე ნაკლებად გინდა წასვლა.
 დააგვიანე ასე 15 წუთი, მაგრამ ამას ყურადღებას აღარ აქცევენ პირიქით ეს შენი ერთგვარი ხელწერაა. მიმოიხედავ თანამშრომლების დაღლილ, მოლიმონებულ სახეებს გამარჯობას მიახლი და შენ სამყოფელში გადიხარ თუ ასეთი გაქვს რა თქმა უნდა.
 საქმე საქმე და საქმე. ერთი სიტყვით მაგრად ,,დაგენძრა". არაფერი გიშველის გრაფიკს იმდენად აცდი ახლა უკვე შეუძლებელია დროულად დაამთავრო დაწყებული სამუშაო. ეგეც ფეხებზე გკიდია რადგან ამითაც გცნობენ.
 საღამო ხანს სახლში მიდიხარ და არ ფიქრობ, ვერ ფიქრობ. აღებ სახლის კარს, ტელევიზორს უყურებ. ჩაის ან რამეს დალევ ერთ ორ კარაქიან პურთან ერთად. კბილებს გამოიხეხავ თუ არ დაგეზარა და ისევ იძინებ.
 დილით ადრე დგები, ტანზე გამალებით იცმევ, ერთი სიტყვით მაგრად "გენძრევა"

Tuesday 2 July 2013

"რეალობა"

 ჩემ წინ სკამი დგას, უბრალო ხის სკამი. მასზეა ჩემივე ქურთუკი საცოდავად მიგდებული.
 სამწუხაროდ დანამდვილებით ვერ იტყვი ეს სკამი მართლაც სკამია თუ ტახტი. ეგებ ჩემი შეხედულება საერთოდ მცდარია საგნებთან მიმართებით. ეგებ სწორად ვერ ვაფასებ იმას რასაც ვხედავ... 
 დილით უნივერსიტეტში მივდივარ ან არც მივდივარ. შესაძლოა ერთ ადგილას ვზივარ და სხვა ყველაფერი გონების, წარმოსახვის ნაყოფია. ლექციები რომლებსაც ვუსმენ, ლექტორები, კურსელები და ხალხი ვისთანაც ძირითადად ვურთიერთობ. რამდენად არის ეს ყველაფერი რეალური?
 ხშირად სახე მეყინება ზამთრის საღამოს სახლში მომავალს. თავდაპირველად კანი გრძნობას კარგავს, შემდეგ კი საშინელი ქავილის შეგრძნება მაქვს...
 ლამპიონები აანთეს... შუქი იფანტება... ნუთუ ყველაფერი რეალურად არსებობს. განცდები და წარმოსახვები წარმოსახვათა შიგნით...
 ყველაფერი ისეთი არეულია...
 სახლიდან გასულს არასდროს გამჩენია აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩემი არყოფნის დროს შენობა სადაც ვცხოვრობ სამოგზაუროდ მიდის და ჩემი უკან დაბრუნებისას ისიც ბრუნდება...
 მეზობლები... თუ ისინიც მე გამოვიგონე გამოდის თავადაც ვიღაცის "წარმოსახვითი რეალობის" ნაყოფი ვარ. რთულ სისტემას ვაგებთ და შიგვე ვიკარგებით შემდეგ...
 მე მაინც ეს სკამი მგონია უფრო მეტად ვიდრე ტახტი, თუმცა ამ საკითხზე დავას მოვერიდებოდი გულწრფელად, რომ ვთქვა...

Sunday 30 June 2013

ფედერალიზმის როლი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში

განვლილმა წლებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ცენტრიდანული პოლიტიკა უშედეგოა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში ასევე უსარგებლო აღმოჩნდა უნიტარული წყობის „დეცენტრალიზებული“ მოდელი, რომელმაც ვერ უზრუნველყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში (პროცესის გარკვეული, დადებითი პერსპექტივაც კი ვერ აჩვენა), პირიქით ამ ეტაპზე სიტუაცია სავალალოა, რაც სამწუხაროდ გვააფიქრებინებს, რომ იქმნება საშიშროება კონფლიქტური რეგიონების შემორიგება-შემოერთების პროცესი უსასრულოდ გაიწელოს და უარეს შემთხვევაში საერთოდაც „დაკონსერვდეს“.
 თუკი საქართველოს უახლეს ისტორიას თვალს გადავავლებთ ზემოთხსენებულ თემასთან მიმართებაში, რაციონალურად მოაზროვნე გონება შენიშნავს, რომ მულტიკულტურული და მრავალეთნიკური ქვეყანა ნაკლებად თუ ქმნიდა იმის საშუალებას, რომ ცალკეულ რეგიონებს მინიჭებოდათ ავტონომიური უფლებები, რაც თავის მხრივ ამ ტერიოტორიული ერთეულების ეფექტური განვითარების საშუალებას მოგვცემდა.
 სამწუხაროდ ქართული ხელისუფლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უგულებელყოფდა პრობლემებს და ეშინოდა იმ პროცესის დაწყების, რომელიც სინამდვილეში შექმნიდა გარანტიათა ისეთ კომპლექსს, რომლითაც საზრდოობს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო.
 ნებისმიერი ძალადობაზე დამყარებული კავშირი იდეაშივე განწირულია უეჭველი მარცხისთვის. ამის ნათელი დადასტურება კი საბჭოთა კავშირის იმპერიაა, რომელმაც მის ხელთ არსებული უზარმაზარი რესურსის მიუხედავად ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა შემადგენელი ერთეულები და მისი მოცულობისთვის მეტად „შეუფერებელი“ 70 წელი იარსება. გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობდა არანაირი წინაპირობა და საკუთრივ შემადგენელ ერთეულთა სურვილი თანაცხოვრების; არ იყო ისტორიულად გამყარებული მათი ასეთი ტიპის კავშირი; „ფედერალური ხელისუფლება“ განსაზღვრავდა როგორც შემადგენელი ერთეულის ასევე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უმცირეს დეტალებს; ყოველივე ამან ჯამში გამოიწვია კოლაფსი, რომელიც განიცადა ბოლო პერიოდის ყველაზე დიდმა იმპერიამ.
საბჭოთა კავშირის მაგალითი გამოხატავს ფედერალიზმის რთულ ბუნებას, რაც გამომდინარეობს მისი არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტების სიმრავლესა და სპეციფიურობაში.
 ფედერალური მოწყობის ჯანსაღი, ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა რამოდენიმე პირობის დაცვა:
 პირველი, უნდა არსებობდეს პრე ანუ წინარე ისტორიული გამოცდილება თანაარსებობის. უნდა იყოს ჩამოყალიბებული გარკვეული ურთიერთობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთობათა ახალ ეტაპზე გადასვლას.
მეორე და უმთავრესი აუცილებლობა ფედერალური სისტემისათვის არის მასში შემავალი ელემენტების სურვილი იყვნენ ამ კავშირის წევრი. თავისუფალი ნება რომლის საფუძველზეც იქმნება კავშირი არის ყველაზე დიდი საყრდენი გაერთიანების სიმტკიცისა.(გარდა ამისა თავის მხრივ ფედერალური მთავრობის ინსტიტუტი უზრუნველყოფს ერთიანობის დაცვას)
 მესამე აუცილებლობა გულისხმობს თავად ფედერალური მოწყობის ინდივიდუალურობას. კონკრეტული ქვეყნისთვის ფორმირდება მხოლოდ და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფედერაციული სისტემა, რომელმაც აბსოლიტურად უნდა უზრუნველყოს ფედერაციაში შემავალ ცალკეულ ელემენტთა ნების გამოხატვა. არ არსებობს ფედერალური მოწყობის უნივერსალური მოდელი. ფედერალიზმი არ განაზოგადებს საკუთარ თავს თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ რომელიმე უცხო ქვეყნის მოდელის რომელიმე ელემენტი.
დამეთანხმებით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემთხვევაში ამ პირობებიდან არცერთი არ იყო შესრულებული, რამაც მიიყვანა კიდეც იგი ტოტალიტარულ მმართველობამდე. აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი ცენტრი წყვეტდა ისეთ არა რელევანტურ საკითხს, როგორიც იყო მაგალითად რამდენი წყვილი ფეხსაცმელი ეწარმოებინა ამა თუ იმ რესპუბლიკაში არსებულ საწარმო ობიექტს.
საპირისპიროდ ამისა და ჩვენდა საბენიეროდ, ქართულ რეალობასა და წარსულში არებობს იმის საფუძველი, რომ გადავიდეთ ფედერალური მოწყობის საკმაოდ მოსახერხებელ და ჩვენთვის მომგებიან მოწყობაზე.
 პირველი რასაც შესაძლებელია ხაზი გავუსვათ არის ის, რომ საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა თანაცხოვრება აბხაზებთან და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან, გვქონდა მათთან, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური ურთიერთთანამშრომლობა და ამის გამოცდილება არსებობს. სტატუს ქვოში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ვფიქრობ შესაძლებელია მოხდეს რეინტეგრაცია ჩვენთვის ესოდენ მტკივნეული ტერიტორიების და ეს ფედერალური მოწყობის პირობებში გაცილებით სწრაფად განხორციელდება, რამეთუ ასეთი მოდელის არსებობისას შეიძლება გახდე ერთი მთლიანის წევრი, შენი ავტონომიური უფლებების დაკარგვის გაერშე.
 თავისუფალი ნება, რომელიც უნდა გამოავლინონ ჩვენ შემთხვევაში ფედერაციის სუბიექტებმა, იყვნენ ასეთი ტიპის კავშირში, დამოკიდებულია იმაზე თუ რა მოცულობის უფლებამოსილებას მივანიჭებთ ცალკეულ ერთეულებს. გარდა ამისა აუცილებელია აღდგეს კვლავწარმოებითი ურთიერთობები რაც ხელს შეუწყობს იმ პროცესების დაჩქარებას, რომელიც აუცილებელია ურთიერთობათა ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რადგან ისტორიული მაგალითები გვიჩვენებენ, რომ  სწორედ ასეთ საწყისებზე წარმოიშვება საგარეო მისწრაფებათა ისეთი ურთიერთ თანხვედრა, რომელიც უზრუნველყოფს ფედერალურ კავშირსა და მის სიმტკიცეს.
 შემოერთების პოლიტიკის უმტკივნეულოდ განხორციელებისთვის აუცილებელია შეიქმნას საქართველოზე  ორიენტირებული და მორგებული ფედერალური სისტემის მოდელი, რომელიც გახდება გარანტი მასში შემავალი ერთეულების თვითმყოფადობის დაცვის და განმტკიცების.
 როგორც ზემოთ ავღნიშნე არ არსებობს ფედერალიზმის უნივერსალური მოდელი. არ არსებობს რაიმე ზოგადი აბსოლიტურად ყველა შემთხვევაზე მორგებული მაგალითი, მაგრამ სწორედ ეს თავისებურება გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ ჩვენთვის ხელსაყრელი სისტემა, რომლითაც მოვახერხებთ დავაკამაყოფილოთ ფედერაციის ყოველი, ცალკეული სუბიექტი.
 ამ ეტაპისთვის მთავარია გავაანალიზოთ არსებული სიტუაცია, გადავხედოთ და გავიაზროთ წარსულის გამოცდილება. გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ რას ვაღიარებთ, აბხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ ტერიტორიებს იქ დასახლებული ეთნიკური უმცირესოებებით თუ მხოლოდ ტერიტორიებს მოსახლეობის გარეშე. გამომდინარე იქედან, რომ იქ მოსახლეობა უკვე არსებობს და მეორე დაშვება უტოპიურია, ერთადერთი ცივილური გზა რაც გვრჩება არის გავითვალისწინოთ მათი სურვილი და შევთავაზოთ საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში იმ სახით შემოსვლა, რომელიც რამდენადმე მისაღები იქნება, როგორც მათთვის ასევე ჩვენთვის.

Friday 28 June 2013

დრო რომელსაც არ ვიცნობთ (ეფუძნება არგუმენტირებულ უტოპიას)

 წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე, წელი, საუკუნე... დრო მუდამ მოძრაობს და მხოლოდ ერთი მიმართულებით. იგი სივრცეში იშლება და სივრცესაც საკუთარ თავში შლის. მისი პირობითი აღნიშვნებით ჩვენ ვცდილობთ გარკვეულწილად განვსაზღვროთ „მოცულობა“, „მასა“ ან „წილი“, რომელიც გვერგება ხანმოკლე თუ ხანგრძლივი არსებობისთვის.
 დედამიწის წრიულ მოძრაობას მზესთან მიმართებით ვაკავშირებთ „რეალური“ დღისა და ღამის ურთიერთ ჩანაცვლებასთან. ამ პერიოდების დინამიურ სახეცვლილებას კი საათობრივ სისტემას ვარგებთ. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი იმიტაციაა გარკვეული ტიპის ილუზიის შესაქმნელად, რაც რამდენადმე „განსაზღვრულობის“ შეგრძნებას აჩენს და სიმშვიდის გარანტად იქცევა.
 სინამდვილეში  ჩვენ წარმოდგენაც არა გვაქვს რამდენს ვხარჯავთ, ვფლანგავთ ან ვიყენებთ.  დრო არც ბევრი და არც ცოტა სახით არსებობს. იგი იყო, არის, იქნება. მას ახასიათებს მუდმივი „გადინება“.
 სიტყვები გუშინ, დღეს, ხვალ არაფრისმთქმელია. შენი არსებობა რაღაც უცნობი, კონკრეტული და ინდივიდუალური მომენტით შემოიფარგლება, გადაწყვეტილება და მოქმედება კი მკაცრად შემოსაზღვრულია უხილავი კედლებით.
 როდესაც ვამბობთ „მე ამას ხვალ გავაკეთებ“ ყველა ვიჯერებთ, რომ საქმე ერთი დღით გადავდეთ, თუმცა ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რამდენად დიდი პერიოდია ერთი დღე. მით უფრო დედამიწაზე დაფიქსირებული გარკვეული მწერების სახეობები მხოლოდ, რამდენიმე საათს ცოცხლობენ. შესაძლოა რამოდენიმე საათი მათთვის, გაცილებით მეტი პირობითი წელის მომცველი იყოს ვიდრე ჩვენი ერთი საუკუნეა.
დროის ხანგრძლივობა სინამდვილეში ჩვენივე მოგონილი განსაზღვრული ერთეულების რაიმე კონკრეტულ ციფრზე არ არის დამოკიდებული. დარწმუნებით ვერ იტყვი ვინ უფრო მეტი იცოცხლა მაშინაც კი, როცა ზუსტად იცი ორი ადამიანი გარდაცვალებისას რა ასაკისანი იყვნენ. თუ ერთმა 79 პირობითი წელი იარსება და მეორემ 100, მაინც ვერ იქნები დარწმუნებული ვისი არსებობის პერიოდი იყო მეტი. მაგალითად თუ ჩვენ საათის განმავლობაში იმ აქტივობების რაოდენობას გავზრდით რაც ზოგადად მიღებულია ეს გარკვეულწილად დროის მონაკვეთის გაზრდაც იქნება. ანუ ჩვენ დროს ვიყენებთ იმის განსასაზღვრადაც თუ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია გარკვეული პირობითი ერთეულის მოქმედებისას. რაც უფრო სწრაფი ვარ მით უფრო „იწელება“, ხანგრძლივდება ჩემი დრო.
 საბოლაო დასკვნა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა არ განისაზღვრება დროის პირობითი მონაკვეთით, რომელიც ზოგადად არის მიღებული. რეალურად იგი იმ აქტივოებების რაოდენობაზეა დამოკიდებული რომელიც არსებობის პერიოდში დავაფიქსირეთ.

Thursday 27 June 2013

სუიციდის მცდელობა და „საზოგადოება“ (ეფუძნება ძველ მოგონებას)

 ერთხელ ვნახე ქუჩაში, გზის პირზე ჩამომჯდარი კაცი, როგორ აცალკავებდა მარცხენა ხელში დაჭერილი მინის ნატეხით მარჯვენა ხელზე, სისხლით დაბერილ ვენებს. ასაკისთვის შეუფერებელი სურათი საოცარი სიცხადით შემოინახა მეხსიერებამ, თუმცა ასეთი რამის არდამახსოვრებაა უფრო რთული ვიდრე პირიქით.
 „მუქი და ბლანტი წითელი ფერით მოთხვილი ასფალტის სუნი გულს მირევს ოდნავ, სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა. როგორც სვავები შემოიკრიბებიან განწირული ცხოველის ლეშთან, მსგავსად ამისა ადამიანთა მცირე ჯგუფი უცებ შეგროვდა თვითმკვლელის ირგვლივ. ნაწილი განიკითხავს, ნაწილი ანუგეშებს ხოლო სხვები ჩემსავით უბრალოდ ინტერესით აკვირდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სასწრაფო დამხარების მანქანა თითქოს შეგნებულად იგვიანებს, რათა ისტორია უფრო მძაფრი და „შთამბეჭდავი“ გამოვიდეს.
 კარგად თუ დააკვირდები, ნათლად დაინახავ მბზინავი სისხლის წვეთები, როგორ ეცემა მტვრის ხალიჩაზე და ამგვარი შერწყმის შემდეგ უცნაური მოყვანილობის ფიქურად გარდაიქმნება. ამაღელვებელი და შემაძრწუნებელია „ხელოვნების“ ეს მიმდევრობა. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ იგი ადამიანთა ფართო მასებში გავრცელდეს...
 ერთფეროვანი კითხვების მთელი წყება, სტაბილურად აქტიური ვულკანის ლავასავით გადმოიღვრება შიგადაშიგ. „ოჯახი თუ ჰყავს?“... „ნორმალური ხარ საერთოდ?“... „ამას, რომ ჩადიხარ ღმერთის არ გეშინია?“... რაღაც ჩემთვის ამოუცნობი რიტმულობით იმეორებენ ასეთ „მნიშვნელოვან“ შეკითხვებს. დარწმუნებული არა ვარ, რომელიმე კითხვის ავტორს, პასუხი საერთოდ თუ ანაღვლებს.
 როგორც იქნა სასწრაფომ მოაღწია. საოცარი გამძლეობა და სისხლის აშკარად ჭარბი რაოდენობა, რომ არა შესაძლოა სუიციდის მცდელობა, მხოლოდ მცდელობად არ დარჩენილიყო.“

 საუბედუროდ მთელი ნახევარი საათით დავაგვიანე იმ დღეს სკოლაში, თუმცა გასაგებ მიზეზთა გამო მალევე წამოვედი სახლში, მომდევნო კვირა კი მთლიანად გავაცდინე. ნანახის სიმძაფრე გაცილებით გვიან გავაანალიზე...

Sunday 16 June 2013

წვიმა ჩვენ გულში

 მოპირკეტებულ ეზოში  ფილებს წვიმის წვეთები რეცხავს. საღამოს პირია. დაახლოებით ერთ საათში სიბნელე გამეფდება პატარა ქუჩებში. ლამპიონების იმედი თუ გექნება ამის შემხედვარეს.
 ბებერი ჭადარი ფოთლებს აშრიალებს მისდა უნებურად, თორემ ახლა ვინ რას ეკითხება უკვე დაკოჟრილს და გასაცოდავებულს. წვიმაც ნიავს ერევა და ქოლგა ვეღარაფერს შველს ახალგაზრდა ქალბატონებს. სულ გაიწუწენ და ანერვიულდნენ. ანაც რა ადარდებთ, ისევ გაშრებიან, ჯერ სულ ნორჩები არიან. თანაც ხალხი ისეთი სისველიდან გამოდის მშრალი და ისეთი ტალახიდან სუფთა, ზეციური წვიმა რა მოსატანია საერთოდ მაგათთან.
 მოხეტიალე კატები წყლიანი თვალებით გამოხატავენ საყვედურს. აბა კნავილს რა აზრი აქვს?! კაცის არ ესმით კატისას ვინ რას გაიგებს.
 ნაგვის ურნაში მოფუსფუსე კაცი მშვენიერ კონტრასტს ქმნის მის გვერდით ჩავლილ-"მსუქან ბიძიასთან", რომელმაც წითელზე გაიარა თავისი ძვირფასი მანქანით. ალბათ ეს ავტომობილი 2 წლის განმავლობაში გამოკვებავდა მათხოვარს და არა ერთს.
 ბოლოს და ბოლოს გარეთ ისე გაწვიმდა ვეღარაფერს ვეღარ გაარჩევ. მგონი ჯობს ბურუსში და გაურკვევლობაში ცხოვრება, თორემ ეს რეალობა ბოლოს ისე მოგიღებს ვერც კი გაიგებ საიდან მოგიქნია ცელი მსახვრალმა ამა ქვეყნისამან...

Saturday 15 June 2013

არსებობა და წვდომა

 და იქმნა ნათელი“ - კოსმიურ სივრცეში მომზადდა, ჩაისახა  და გაჩნდა საარსებო გარემო, რომელსაც უნდა გამოეკვება, სამყაროს ჩვენთვის ნაცნობ ისტორიაში, ყველაზე კეთილშობილი არსება  სახელად - ადამიანი. ადგილს, სადაც ჩვენი რასისთვის საციცოცხლოდ ხელსაყრელი ელემენტების უცნაური დამთხვევა მოხდა, პირობითად მზის სისტემა ვუწოდეთ ხოლო მოკრძალებულ, მომწვანო-მოლურჯო ფერის პლანეტას კი დედამიწა. სახელწოდების პირობითობა იქედან გამომდინარეობს, რომ არავინ უწყის რეალურად შემოქმედმა, როგორ მოიხსენია (მოიხსენია კი საერთოდ?) საკუთარი ნამუშევარი შექმნის პირველ წამს ან შემდეგ (ახლა რას უძახის ისიც არ ვიცით).
 თანამედროვეობაში მცხორებთა უმრავლესობა ვერც კი ამჩნევს, რამდენი ფაქტორის სინთეზია ის ყოველდღიურობა, რომელშიაც ჩვენ ასე აუღელვებლად ვმოძრაობთ, ვერ აცნობიერებენ თუ რა ოდენობის რთული პროცესი ემსახურება სასიცოცხლო ციკლის შეუქცევად უწყვეტობას. სწორედ, ამიტომ ადამიანები ინარჩუნებენ სიმშვიდეს და ბედნიერების იმგვარ ილუზიას იქმნიან თითქოს საკმარისად მცოდნენი არიან, თითქოს გეგმავენ რაღაცას ან საერთოდ აქვთ შესაძლებლობა რაიმე დაგეგმონ.
 მიმდინარე პერიოდში ცალკეული ბედნიერების საზომად შეგვიძლია ავიღოთ ის თუ რამდენად უვიცია კონკრეტული პიროვნება და რამდენად ფლობს უნარს შესაძლო, ალბათური და უეჭველი მოვლენების იგნორირება მოახდინოს (იშვიათ გამონაკლისთა გარდა). ამიტომაცაა, რომ სულელები უფრო ძნელად ეგუებიან ცვლილებებს, რადგან კითხვებისა და პასუხების ძიების ამბიცია არ აქვთ. ისინი ვერ შეიგრძნობენ სიახლეთა დადებით და უარყოფით ასპექტებს. მით უფრო, რომ მათი მთავარისაკვლევი თემამხოლოდყოველდღიური საარსებო მინიმუმითშემოიფარგლება და იშვიათად თუ გასცდება ამჯადოსნურ წრეს“.  ისინი მედლის მხოლოდ იმ მხარეს ხედავენ, რომლის დანახვაც თავად სურთ და რომელსაც მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები გაწვდება...

 შესაძლოა ვიღაცამ გამოთქვას მოსაზრება, რომ ზემოთ მოყვანილი მსჯელობით ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვინც ცდილობს და რამდენადმე ახერხებს კიდეც გაიაზროს სამყაროს რთული ბუნება, აუცილებლად უბედური უნდა იყოს. არა ეს ნამდვილად არ არის ასე, უბრალოდ ასეთი პიროვნებების ბედნიერება გაცილებით მყარ საძირკველზეა დაშენებული ვიდრე იმათი ვისაც საკუთარი უმეცრებით თვალებზე ხელი აუფარებია და ყურები დაუცავს, რამეთუ ცოდნა და წვდომა წარმოშობს არჩევანის შესაძლებლობას. არჩევანის რომელიც საშუალებას გაძლევს გეშინოდეს ან საპირისპიროდ ამისა აღფრთოვანდე იმ სასწაულით, რაც ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს ჩვენგან დამოუკიდებლად სდევს თან.