სამწუხაროდ დანამდვილებით ვერ იტყვი ეს სკამი მართლაც სკამია თუ ტახტი. ეგებ ჩემი შეხედულება საერთოდ მცდარია საგნებთან მიმართებით. ეგებ სწორად ვერ ვაფასებ იმას რასაც ვხედავ...
დილით უნივერსიტეტში მივდივარ ან არც მივდივარ. შესაძლოა ერთ ადგილას ვზივარ და სხვა ყველაფერი გონების, წარმოსახვის ნაყოფია. ლექციები რომლებსაც ვუსმენ, ლექტორები, კურსელები და ხალხი ვისთანაც ძირითადად ვურთიერთობ. რამდენად არის ეს ყველაფერი რეალური?
ხშირად სახე მეყინება ზამთრის საღამოს სახლში მომავალს. თავდაპირველად კანი გრძნობას კარგავს, შემდეგ კი საშინელი ქავილის შეგრძნება მაქვს...
ლამპიონები აანთეს... შუქი იფანტება... ნუთუ ყველაფერი რეალურად არსებობს. განცდები და წარმოსახვები წარმოსახვათა შიგნით...
ყველაფერი ისეთი არეულია...
სახლიდან გასულს არასდროს გამჩენია აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩემი არყოფნის დროს შენობა სადაც ვცხოვრობ სამოგზაუროდ მიდის და ჩემი უკან დაბრუნებისას ისიც ბრუნდება...
მეზობლები... თუ ისინიც მე გამოვიგონე გამოდის თავადაც ვიღაცის "წარმოსახვითი რეალობის" ნაყოფი ვარ. რთულ სისტემას ვაგებთ და შიგვე ვიკარგებით შემდეგ...
მე მაინც ეს სკამი მგონია უფრო მეტად ვიდრე ტახტი, თუმცა ამ საკითხზე დავას მოვერიდებოდი გულწრფელად, რომ ვთქვა...
No comments:
Post a Comment