Sunday 30 June 2013

ფედერალიზმის როლი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში

განვლილმა წლებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ცენტრიდანული პოლიტიკა უშედეგოა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში ასევე უსარგებლო აღმოჩნდა უნიტარული წყობის „დეცენტრალიზებული“ მოდელი, რომელმაც ვერ უზრუნველყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში (პროცესის გარკვეული, დადებითი პერსპექტივაც კი ვერ აჩვენა), პირიქით ამ ეტაპზე სიტუაცია სავალალოა, რაც სამწუხაროდ გვააფიქრებინებს, რომ იქმნება საშიშროება კონფლიქტური რეგიონების შემორიგება-შემოერთების პროცესი უსასრულოდ გაიწელოს და უარეს შემთხვევაში საერთოდაც „დაკონსერვდეს“.
 თუკი საქართველოს უახლეს ისტორიას თვალს გადავავლებთ ზემოთხსენებულ თემასთან მიმართებაში, რაციონალურად მოაზროვნე გონება შენიშნავს, რომ მულტიკულტურული და მრავალეთნიკური ქვეყანა ნაკლებად თუ ქმნიდა იმის საშუალებას, რომ ცალკეულ რეგიონებს მინიჭებოდათ ავტონომიური უფლებები, რაც თავის მხრივ ამ ტერიოტორიული ერთეულების ეფექტური განვითარების საშუალებას მოგვცემდა.
 სამწუხაროდ ქართული ხელისუფლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უგულებელყოფდა პრობლემებს და ეშინოდა იმ პროცესის დაწყების, რომელიც სინამდვილეში შექმნიდა გარანტიათა ისეთ კომპლექსს, რომლითაც საზრდოობს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო.
 ნებისმიერი ძალადობაზე დამყარებული კავშირი იდეაშივე განწირულია უეჭველი მარცხისთვის. ამის ნათელი დადასტურება კი საბჭოთა კავშირის იმპერიაა, რომელმაც მის ხელთ არსებული უზარმაზარი რესურსის მიუხედავად ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა შემადგენელი ერთეულები და მისი მოცულობისთვის მეტად „შეუფერებელი“ 70 წელი იარსება. გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობდა არანაირი წინაპირობა და საკუთრივ შემადგენელ ერთეულთა სურვილი თანაცხოვრების; არ იყო ისტორიულად გამყარებული მათი ასეთი ტიპის კავშირი; „ფედერალური ხელისუფლება“ განსაზღვრავდა როგორც შემადგენელი ერთეულის ასევე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უმცირეს დეტალებს; ყოველივე ამან ჯამში გამოიწვია კოლაფსი, რომელიც განიცადა ბოლო პერიოდის ყველაზე დიდმა იმპერიამ.
საბჭოთა კავშირის მაგალითი გამოხატავს ფედერალიზმის რთულ ბუნებას, რაც გამომდინარეობს მისი არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტების სიმრავლესა და სპეციფიურობაში.
 ფედერალური მოწყობის ჯანსაღი, ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა რამოდენიმე პირობის დაცვა:
 პირველი, უნდა არსებობდეს პრე ანუ წინარე ისტორიული გამოცდილება თანაარსებობის. უნდა იყოს ჩამოყალიბებული გარკვეული ურთიერთობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთობათა ახალ ეტაპზე გადასვლას.
მეორე და უმთავრესი აუცილებლობა ფედერალური სისტემისათვის არის მასში შემავალი ელემენტების სურვილი იყვნენ ამ კავშირის წევრი. თავისუფალი ნება რომლის საფუძველზეც იქმნება კავშირი არის ყველაზე დიდი საყრდენი გაერთიანების სიმტკიცისა.(გარდა ამისა თავის მხრივ ფედერალური მთავრობის ინსტიტუტი უზრუნველყოფს ერთიანობის დაცვას)
 მესამე აუცილებლობა გულისხმობს თავად ფედერალური მოწყობის ინდივიდუალურობას. კონკრეტული ქვეყნისთვის ფორმირდება მხოლოდ და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფედერაციული სისტემა, რომელმაც აბსოლიტურად უნდა უზრუნველყოს ფედერაციაში შემავალ ცალკეულ ელემენტთა ნების გამოხატვა. არ არსებობს ფედერალური მოწყობის უნივერსალური მოდელი. ფედერალიზმი არ განაზოგადებს საკუთარ თავს თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ რომელიმე უცხო ქვეყნის მოდელის რომელიმე ელემენტი.
დამეთანხმებით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემთხვევაში ამ პირობებიდან არცერთი არ იყო შესრულებული, რამაც მიიყვანა კიდეც იგი ტოტალიტარულ მმართველობამდე. აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი ცენტრი წყვეტდა ისეთ არა რელევანტურ საკითხს, როგორიც იყო მაგალითად რამდენი წყვილი ფეხსაცმელი ეწარმოებინა ამა თუ იმ რესპუბლიკაში არსებულ საწარმო ობიექტს.
საპირისპიროდ ამისა და ჩვენდა საბენიეროდ, ქართულ რეალობასა და წარსულში არებობს იმის საფუძველი, რომ გადავიდეთ ფედერალური მოწყობის საკმაოდ მოსახერხებელ და ჩვენთვის მომგებიან მოწყობაზე.
 პირველი რასაც შესაძლებელია ხაზი გავუსვათ არის ის, რომ საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა თანაცხოვრება აბხაზებთან და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან, გვქონდა მათთან, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური ურთიერთთანამშრომლობა და ამის გამოცდილება არსებობს. სტატუს ქვოში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ვფიქრობ შესაძლებელია მოხდეს რეინტეგრაცია ჩვენთვის ესოდენ მტკივნეული ტერიტორიების და ეს ფედერალური მოწყობის პირობებში გაცილებით სწრაფად განხორციელდება, რამეთუ ასეთი მოდელის არსებობისას შეიძლება გახდე ერთი მთლიანის წევრი, შენი ავტონომიური უფლებების დაკარგვის გაერშე.
 თავისუფალი ნება, რომელიც უნდა გამოავლინონ ჩვენ შემთხვევაში ფედერაციის სუბიექტებმა, იყვნენ ასეთი ტიპის კავშირში, დამოკიდებულია იმაზე თუ რა მოცულობის უფლებამოსილებას მივანიჭებთ ცალკეულ ერთეულებს. გარდა ამისა აუცილებელია აღდგეს კვლავწარმოებითი ურთიერთობები რაც ხელს შეუწყობს იმ პროცესების დაჩქარებას, რომელიც აუცილებელია ურთიერთობათა ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რადგან ისტორიული მაგალითები გვიჩვენებენ, რომ  სწორედ ასეთ საწყისებზე წარმოიშვება საგარეო მისწრაფებათა ისეთი ურთიერთ თანხვედრა, რომელიც უზრუნველყოფს ფედერალურ კავშირსა და მის სიმტკიცეს.
 შემოერთების პოლიტიკის უმტკივნეულოდ განხორციელებისთვის აუცილებელია შეიქმნას საქართველოზე  ორიენტირებული და მორგებული ფედერალური სისტემის მოდელი, რომელიც გახდება გარანტი მასში შემავალი ერთეულების თვითმყოფადობის დაცვის და განმტკიცების.
 როგორც ზემოთ ავღნიშნე არ არსებობს ფედერალიზმის უნივერსალური მოდელი. არ არსებობს რაიმე ზოგადი აბსოლიტურად ყველა შემთხვევაზე მორგებული მაგალითი, მაგრამ სწორედ ეს თავისებურება გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ ჩვენთვის ხელსაყრელი სისტემა, რომლითაც მოვახერხებთ დავაკამაყოფილოთ ფედერაციის ყოველი, ცალკეული სუბიექტი.
 ამ ეტაპისთვის მთავარია გავაანალიზოთ არსებული სიტუაცია, გადავხედოთ და გავიაზროთ წარსულის გამოცდილება. გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ რას ვაღიარებთ, აბხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ ტერიტორიებს იქ დასახლებული ეთნიკური უმცირესოებებით თუ მხოლოდ ტერიტორიებს მოსახლეობის გარეშე. გამომდინარე იქედან, რომ იქ მოსახლეობა უკვე არსებობს და მეორე დაშვება უტოპიურია, ერთადერთი ცივილური გზა რაც გვრჩება არის გავითვალისწინოთ მათი სურვილი და შევთავაზოთ საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში იმ სახით შემოსვლა, რომელიც რამდენადმე მისაღები იქნება, როგორც მათთვის ასევე ჩვენთვის.

No comments:

Post a Comment