Thursday 28 August 2014

28/08/2014 მცირე მიმოხილვა

საკმაო პაუზა ავიღე. დამავიწყდა კიდეც ბოლოს როდის დავტკბი ჩემი გატაცებით და როდის  ჩავჩხაპნე ორიოდ წინადადება, სადმე „შავ, სამუშაო ფურცელზე“.
 მოგეხსენებათ რაც დრო გადის მით მეტი სათქმელი გიგროვდება და ამ მხრივ არაფრით გამოვირჩევი.
 ბევრმა წყალმა ჩაიარა როგორც იტყვიან. შეიცვალა სამყარო, პოზიცია ოპოზიციად იქცა, ხოლო ოპოზიციამ პოზიციაში გადმოინაცვლა, თუმცა არითმეტიკის ურყევი აქსიომა ამ შემთხვევაშიც უკონკურენტოდ წარმოაჩენს მთელი ამ ქაოტური კომედიის შიგთავსს. მონაცემთა გადანაცვლებით ჯამი, რომ არ იცვლება ცოტა ხნით დაგვავიწყდა, მაგრამ არაუშავს უფრო მეტიც დაგვვიწყებია და გადაგვიტანია ეგეც...
 საზოგადოების პრო აქტიური ნაწილი რაღაც მითიური ლანდების დევნას გადაყვა. ზღაპრულ ურჩხულებს სტატუს კვოს ნაცარქექიები უპირისპირდებიან და იმარჯვებენ კიდეც, თუმცა ეს გასაკვირი როდია. გამარჯვება ადვილია როცა მოწინააღმდეგე არათუ არ გამოცხადდა, არამედ საერთოდ არ არსებობს.
 ერთი სიტყვით ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს. გადაწყვეტილება მივიღეთ და ახლა ვფიქრობთ, რომ ვიღაც გამოივლის, ჩვენ საქმეებს მოაგვარებს და ამაში არაფერს გამოგვართმევს. მეტიც ბოდიშს მოიხდის დაგვიანებისთვის და თავს დაგვიკრავს გამომშვიდობებისას. ზოგჯერ იმედის ყველაზე ცუდი თვისება ისაა, რომ იგი ბოლოს კვდება...

 ბოლოს ისღა დამრჩენია ვისურვო - ღმერთმა დაიფაროს საქართველო ვიდრე გონს მოვეგებით.