Sunday 30 June 2013

ფედერალიზმის როლი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში

განვლილმა წლებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ცენტრიდანული პოლიტიკა უშედეგოა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში ასევე უსარგებლო აღმოჩნდა უნიტარული წყობის „დეცენტრალიზებული“ მოდელი, რომელმაც ვერ უზრუნველყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში (პროცესის გარკვეული, დადებითი პერსპექტივაც კი ვერ აჩვენა), პირიქით ამ ეტაპზე სიტუაცია სავალალოა, რაც სამწუხაროდ გვააფიქრებინებს, რომ იქმნება საშიშროება კონფლიქტური რეგიონების შემორიგება-შემოერთების პროცესი უსასრულოდ გაიწელოს და უარეს შემთხვევაში საერთოდაც „დაკონსერვდეს“.
 თუკი საქართველოს უახლეს ისტორიას თვალს გადავავლებთ ზემოთხსენებულ თემასთან მიმართებაში, რაციონალურად მოაზროვნე გონება შენიშნავს, რომ მულტიკულტურული და მრავალეთნიკური ქვეყანა ნაკლებად თუ ქმნიდა იმის საშუალებას, რომ ცალკეულ რეგიონებს მინიჭებოდათ ავტონომიური უფლებები, რაც თავის მხრივ ამ ტერიოტორიული ერთეულების ეფექტური განვითარების საშუალებას მოგვცემდა.
 სამწუხაროდ ქართული ხელისუფლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უგულებელყოფდა პრობლემებს და ეშინოდა იმ პროცესის დაწყების, რომელიც სინამდვილეში შექმნიდა გარანტიათა ისეთ კომპლექსს, რომლითაც საზრდოობს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო.
 ნებისმიერი ძალადობაზე დამყარებული კავშირი იდეაშივე განწირულია უეჭველი მარცხისთვის. ამის ნათელი დადასტურება კი საბჭოთა კავშირის იმპერიაა, რომელმაც მის ხელთ არსებული უზარმაზარი რესურსის მიუხედავად ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა შემადგენელი ერთეულები და მისი მოცულობისთვის მეტად „შეუფერებელი“ 70 წელი იარსება. გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობდა არანაირი წინაპირობა და საკუთრივ შემადგენელ ერთეულთა სურვილი თანაცხოვრების; არ იყო ისტორიულად გამყარებული მათი ასეთი ტიპის კავშირი; „ფედერალური ხელისუფლება“ განსაზღვრავდა როგორც შემადგენელი ერთეულის ასევე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უმცირეს დეტალებს; ყოველივე ამან ჯამში გამოიწვია კოლაფსი, რომელიც განიცადა ბოლო პერიოდის ყველაზე დიდმა იმპერიამ.
საბჭოთა კავშირის მაგალითი გამოხატავს ფედერალიზმის რთულ ბუნებას, რაც გამომდინარეობს მისი არსებობისთვის აუცილებელი კომპონენტების სიმრავლესა და სპეციფიურობაში.
 ფედერალური მოწყობის ჯანსაღი, ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა რამოდენიმე პირობის დაცვა:
 პირველი, უნდა არსებობდეს პრე ანუ წინარე ისტორიული გამოცდილება თანაარსებობის. უნდა იყოს ჩამოყალიბებული გარკვეული ურთიერთობების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთობათა ახალ ეტაპზე გადასვლას.
მეორე და უმთავრესი აუცილებლობა ფედერალური სისტემისათვის არის მასში შემავალი ელემენტების სურვილი იყვნენ ამ კავშირის წევრი. თავისუფალი ნება რომლის საფუძველზეც იქმნება კავშირი არის ყველაზე დიდი საყრდენი გაერთიანების სიმტკიცისა.(გარდა ამისა თავის მხრივ ფედერალური მთავრობის ინსტიტუტი უზრუნველყოფს ერთიანობის დაცვას)
 მესამე აუცილებლობა გულისხმობს თავად ფედერალური მოწყობის ინდივიდუალურობას. კონკრეტული ქვეყნისთვის ფორმირდება მხოლოდ და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფედერაციული სისტემა, რომელმაც აბსოლიტურად უნდა უზრუნველყოს ფედერაციაში შემავალ ცალკეულ ელემენტთა ნების გამოხატვა. არ არსებობს ფედერალური მოწყობის უნივერსალური მოდელი. ფედერალიზმი არ განაზოგადებს საკუთარ თავს თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ რომელიმე უცხო ქვეყნის მოდელის რომელიმე ელემენტი.
დამეთანხმებით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის შემთხვევაში ამ პირობებიდან არცერთი არ იყო შესრულებული, რამაც მიიყვანა კიდეც იგი ტოტალიტარულ მმართველობამდე. აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი ცენტრი წყვეტდა ისეთ არა რელევანტურ საკითხს, როგორიც იყო მაგალითად რამდენი წყვილი ფეხსაცმელი ეწარმოებინა ამა თუ იმ რესპუბლიკაში არსებულ საწარმო ობიექტს.
საპირისპიროდ ამისა და ჩვენდა საბენიეროდ, ქართულ რეალობასა და წარსულში არებობს იმის საფუძველი, რომ გადავიდეთ ფედერალური მოწყობის საკმაოდ მოსახერხებელ და ჩვენთვის მომგებიან მოწყობაზე.
 პირველი რასაც შესაძლებელია ხაზი გავუსვათ არის ის, რომ საუკუნეების განმავლობაში გვიწევდა თანაცხოვრება აბხაზებთან და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან, გვქონდა მათთან, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური ურთიერთთანამშრომლობა და ამის გამოცდილება არსებობს. სტატუს ქვოში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ვფიქრობ შესაძლებელია მოხდეს რეინტეგრაცია ჩვენთვის ესოდენ მტკივნეული ტერიტორიების და ეს ფედერალური მოწყობის პირობებში გაცილებით სწრაფად განხორციელდება, რამეთუ ასეთი მოდელის არსებობისას შეიძლება გახდე ერთი მთლიანის წევრი, შენი ავტონომიური უფლებების დაკარგვის გაერშე.
 თავისუფალი ნება, რომელიც უნდა გამოავლინონ ჩვენ შემთხვევაში ფედერაციის სუბიექტებმა, იყვნენ ასეთი ტიპის კავშირში, დამოკიდებულია იმაზე თუ რა მოცულობის უფლებამოსილებას მივანიჭებთ ცალკეულ ერთეულებს. გარდა ამისა აუცილებელია აღდგეს კვლავწარმოებითი ურთიერთობები რაც ხელს შეუწყობს იმ პროცესების დაჩქარებას, რომელიც აუცილებელია ურთიერთობათა ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რადგან ისტორიული მაგალითები გვიჩვენებენ, რომ  სწორედ ასეთ საწყისებზე წარმოიშვება საგარეო მისწრაფებათა ისეთი ურთიერთ თანხვედრა, რომელიც უზრუნველყოფს ფედერალურ კავშირსა და მის სიმტკიცეს.
 შემოერთების პოლიტიკის უმტკივნეულოდ განხორციელებისთვის აუცილებელია შეიქმნას საქართველოზე  ორიენტირებული და მორგებული ფედერალური სისტემის მოდელი, რომელიც გახდება გარანტი მასში შემავალი ერთეულების თვითმყოფადობის დაცვის და განმტკიცების.
 როგორც ზემოთ ავღნიშნე არ არსებობს ფედერალიზმის უნივერსალური მოდელი. არ არსებობს რაიმე ზოგადი აბსოლიტურად ყველა შემთხვევაზე მორგებული მაგალითი, მაგრამ სწორედ ეს თავისებურება გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ ჩვენთვის ხელსაყრელი სისტემა, რომლითაც მოვახერხებთ დავაკამაყოფილოთ ფედერაციის ყოველი, ცალკეული სუბიექტი.
 ამ ეტაპისთვის მთავარია გავაანალიზოთ არსებული სიტუაცია, გადავხედოთ და გავიაზროთ წარსულის გამოცდილება. გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ რას ვაღიარებთ, აბხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ ტერიტორიებს იქ დასახლებული ეთნიკური უმცირესოებებით თუ მხოლოდ ტერიტორიებს მოსახლეობის გარეშე. გამომდინარე იქედან, რომ იქ მოსახლეობა უკვე არსებობს და მეორე დაშვება უტოპიურია, ერთადერთი ცივილური გზა რაც გვრჩება არის გავითვალისწინოთ მათი სურვილი და შევთავაზოთ საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში იმ სახით შემოსვლა, რომელიც რამდენადმე მისაღები იქნება, როგორც მათთვის ასევე ჩვენთვის.

Friday 28 June 2013

დრო რომელსაც არ ვიცნობთ (ეფუძნება არგუმენტირებულ უტოპიას)

 წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე, წელი, საუკუნე... დრო მუდამ მოძრაობს და მხოლოდ ერთი მიმართულებით. იგი სივრცეში იშლება და სივრცესაც საკუთარ თავში შლის. მისი პირობითი აღნიშვნებით ჩვენ ვცდილობთ გარკვეულწილად განვსაზღვროთ „მოცულობა“, „მასა“ ან „წილი“, რომელიც გვერგება ხანმოკლე თუ ხანგრძლივი არსებობისთვის.
 დედამიწის წრიულ მოძრაობას მზესთან მიმართებით ვაკავშირებთ „რეალური“ დღისა და ღამის ურთიერთ ჩანაცვლებასთან. ამ პერიოდების დინამიურ სახეცვლილებას კი საათობრივ სისტემას ვარგებთ. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი იმიტაციაა გარკვეული ტიპის ილუზიის შესაქმნელად, რაც რამდენადმე „განსაზღვრულობის“ შეგრძნებას აჩენს და სიმშვიდის გარანტად იქცევა.
 სინამდვილეში  ჩვენ წარმოდგენაც არა გვაქვს რამდენს ვხარჯავთ, ვფლანგავთ ან ვიყენებთ.  დრო არც ბევრი და არც ცოტა სახით არსებობს. იგი იყო, არის, იქნება. მას ახასიათებს მუდმივი „გადინება“.
 სიტყვები გუშინ, დღეს, ხვალ არაფრისმთქმელია. შენი არსებობა რაღაც უცნობი, კონკრეტული და ინდივიდუალური მომენტით შემოიფარგლება, გადაწყვეტილება და მოქმედება კი მკაცრად შემოსაზღვრულია უხილავი კედლებით.
 როდესაც ვამბობთ „მე ამას ხვალ გავაკეთებ“ ყველა ვიჯერებთ, რომ საქმე ერთი დღით გადავდეთ, თუმცა ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რამდენად დიდი პერიოდია ერთი დღე. მით უფრო დედამიწაზე დაფიქსირებული გარკვეული მწერების სახეობები მხოლოდ, რამდენიმე საათს ცოცხლობენ. შესაძლოა რამოდენიმე საათი მათთვის, გაცილებით მეტი პირობითი წელის მომცველი იყოს ვიდრე ჩვენი ერთი საუკუნეა.
დროის ხანგრძლივობა სინამდვილეში ჩვენივე მოგონილი განსაზღვრული ერთეულების რაიმე კონკრეტულ ციფრზე არ არის დამოკიდებული. დარწმუნებით ვერ იტყვი ვინ უფრო მეტი იცოცხლა მაშინაც კი, როცა ზუსტად იცი ორი ადამიანი გარდაცვალებისას რა ასაკისანი იყვნენ. თუ ერთმა 79 პირობითი წელი იარსება და მეორემ 100, მაინც ვერ იქნები დარწმუნებული ვისი არსებობის პერიოდი იყო მეტი. მაგალითად თუ ჩვენ საათის განმავლობაში იმ აქტივობების რაოდენობას გავზრდით რაც ზოგადად მიღებულია ეს გარკვეულწილად დროის მონაკვეთის გაზრდაც იქნება. ანუ ჩვენ დროს ვიყენებთ იმის განსასაზღვრადაც თუ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია გარკვეული პირობითი ერთეულის მოქმედებისას. რაც უფრო სწრაფი ვარ მით უფრო „იწელება“, ხანგრძლივდება ჩემი დრო.
 საბოლაო დასკვნა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა არ განისაზღვრება დროის პირობითი მონაკვეთით, რომელიც ზოგადად არის მიღებული. რეალურად იგი იმ აქტივოებების რაოდენობაზეა დამოკიდებული რომელიც არსებობის პერიოდში დავაფიქსირეთ.

Thursday 27 June 2013

სუიციდის მცდელობა და „საზოგადოება“ (ეფუძნება ძველ მოგონებას)

 ერთხელ ვნახე ქუჩაში, გზის პირზე ჩამომჯდარი კაცი, როგორ აცალკავებდა მარცხენა ხელში დაჭერილი მინის ნატეხით მარჯვენა ხელზე, სისხლით დაბერილ ვენებს. ასაკისთვის შეუფერებელი სურათი საოცარი სიცხადით შემოინახა მეხსიერებამ, თუმცა ასეთი რამის არდამახსოვრებაა უფრო რთული ვიდრე პირიქით.
 „მუქი და ბლანტი წითელი ფერით მოთხვილი ასფალტის სუნი გულს მირევს ოდნავ, სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა. როგორც სვავები შემოიკრიბებიან განწირული ცხოველის ლეშთან, მსგავსად ამისა ადამიანთა მცირე ჯგუფი უცებ შეგროვდა თვითმკვლელის ირგვლივ. ნაწილი განიკითხავს, ნაწილი ანუგეშებს ხოლო სხვები ჩემსავით უბრალოდ ინტერესით აკვირდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სასწრაფო დამხარების მანქანა თითქოს შეგნებულად იგვიანებს, რათა ისტორია უფრო მძაფრი და „შთამბეჭდავი“ გამოვიდეს.
 კარგად თუ დააკვირდები, ნათლად დაინახავ მბზინავი სისხლის წვეთები, როგორ ეცემა მტვრის ხალიჩაზე და ამგვარი შერწყმის შემდეგ უცნაური მოყვანილობის ფიქურად გარდაიქმნება. ამაღელვებელი და შემაძრწუნებელია „ხელოვნების“ ეს მიმდევრობა. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ იგი ადამიანთა ფართო მასებში გავრცელდეს...
 ერთფეროვანი კითხვების მთელი წყება, სტაბილურად აქტიური ვულკანის ლავასავით გადმოიღვრება შიგადაშიგ. „ოჯახი თუ ჰყავს?“... „ნორმალური ხარ საერთოდ?“... „ამას, რომ ჩადიხარ ღმერთის არ გეშინია?“... რაღაც ჩემთვის ამოუცნობი რიტმულობით იმეორებენ ასეთ „მნიშვნელოვან“ შეკითხვებს. დარწმუნებული არა ვარ, რომელიმე კითხვის ავტორს, პასუხი საერთოდ თუ ანაღვლებს.
 როგორც იქნა სასწრაფომ მოაღწია. საოცარი გამძლეობა და სისხლის აშკარად ჭარბი რაოდენობა, რომ არა შესაძლოა სუიციდის მცდელობა, მხოლოდ მცდელობად არ დარჩენილიყო.“

 საუბედუროდ მთელი ნახევარი საათით დავაგვიანე იმ დღეს სკოლაში, თუმცა გასაგებ მიზეზთა გამო მალევე წამოვედი სახლში, მომდევნო კვირა კი მთლიანად გავაცდინე. ნანახის სიმძაფრე გაცილებით გვიან გავაანალიზე...

Sunday 16 June 2013

წვიმა ჩვენ გულში

 მოპირკეტებულ ეზოში  ფილებს წვიმის წვეთები რეცხავს. საღამოს პირია. დაახლოებით ერთ საათში სიბნელე გამეფდება პატარა ქუჩებში. ლამპიონების იმედი თუ გექნება ამის შემხედვარეს.
 ბებერი ჭადარი ფოთლებს აშრიალებს მისდა უნებურად, თორემ ახლა ვინ რას ეკითხება უკვე დაკოჟრილს და გასაცოდავებულს. წვიმაც ნიავს ერევა და ქოლგა ვეღარაფერს შველს ახალგაზრდა ქალბატონებს. სულ გაიწუწენ და ანერვიულდნენ. ანაც რა ადარდებთ, ისევ გაშრებიან, ჯერ სულ ნორჩები არიან. თანაც ხალხი ისეთი სისველიდან გამოდის მშრალი და ისეთი ტალახიდან სუფთა, ზეციური წვიმა რა მოსატანია საერთოდ მაგათთან.
 მოხეტიალე კატები წყლიანი თვალებით გამოხატავენ საყვედურს. აბა კნავილს რა აზრი აქვს?! კაცის არ ესმით კატისას ვინ რას გაიგებს.
 ნაგვის ურნაში მოფუსფუსე კაცი მშვენიერ კონტრასტს ქმნის მის გვერდით ჩავლილ-"მსუქან ბიძიასთან", რომელმაც წითელზე გაიარა თავისი ძვირფასი მანქანით. ალბათ ეს ავტომობილი 2 წლის განმავლობაში გამოკვებავდა მათხოვარს და არა ერთს.
 ბოლოს და ბოლოს გარეთ ისე გაწვიმდა ვეღარაფერს ვეღარ გაარჩევ. მგონი ჯობს ბურუსში და გაურკვევლობაში ცხოვრება, თორემ ეს რეალობა ბოლოს ისე მოგიღებს ვერც კი გაიგებ საიდან მოგიქნია ცელი მსახვრალმა ამა ქვეყნისამან...

Saturday 15 June 2013

არსებობა და წვდომა

 და იქმნა ნათელი“ - კოსმიურ სივრცეში მომზადდა, ჩაისახა  და გაჩნდა საარსებო გარემო, რომელსაც უნდა გამოეკვება, სამყაროს ჩვენთვის ნაცნობ ისტორიაში, ყველაზე კეთილშობილი არსება  სახელად - ადამიანი. ადგილს, სადაც ჩვენი რასისთვის საციცოცხლოდ ხელსაყრელი ელემენტების უცნაური დამთხვევა მოხდა, პირობითად მზის სისტემა ვუწოდეთ ხოლო მოკრძალებულ, მომწვანო-მოლურჯო ფერის პლანეტას კი დედამიწა. სახელწოდების პირობითობა იქედან გამომდინარეობს, რომ არავინ უწყის რეალურად შემოქმედმა, როგორ მოიხსენია (მოიხსენია კი საერთოდ?) საკუთარი ნამუშევარი შექმნის პირველ წამს ან შემდეგ (ახლა რას უძახის ისიც არ ვიცით).
 თანამედროვეობაში მცხორებთა უმრავლესობა ვერც კი ამჩნევს, რამდენი ფაქტორის სინთეზია ის ყოველდღიურობა, რომელშიაც ჩვენ ასე აუღელვებლად ვმოძრაობთ, ვერ აცნობიერებენ თუ რა ოდენობის რთული პროცესი ემსახურება სასიცოცხლო ციკლის შეუქცევად უწყვეტობას. სწორედ, ამიტომ ადამიანები ინარჩუნებენ სიმშვიდეს და ბედნიერების იმგვარ ილუზიას იქმნიან თითქოს საკმარისად მცოდნენი არიან, თითქოს გეგმავენ რაღაცას ან საერთოდ აქვთ შესაძლებლობა რაიმე დაგეგმონ.
 მიმდინარე პერიოდში ცალკეული ბედნიერების საზომად შეგვიძლია ავიღოთ ის თუ რამდენად უვიცია კონკრეტული პიროვნება და რამდენად ფლობს უნარს შესაძლო, ალბათური და უეჭველი მოვლენების იგნორირება მოახდინოს (იშვიათ გამონაკლისთა გარდა). ამიტომაცაა, რომ სულელები უფრო ძნელად ეგუებიან ცვლილებებს, რადგან კითხვებისა და პასუხების ძიების ამბიცია არ აქვთ. ისინი ვერ შეიგრძნობენ სიახლეთა დადებით და უარყოფით ასპექტებს. მით უფრო, რომ მათი მთავარისაკვლევი თემამხოლოდყოველდღიური საარსებო მინიმუმითშემოიფარგლება და იშვიათად თუ გასცდება ამჯადოსნურ წრეს“.  ისინი მედლის მხოლოდ იმ მხარეს ხედავენ, რომლის დანახვაც თავად სურთ და რომელსაც მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები გაწვდება...

 შესაძლოა ვიღაცამ გამოთქვას მოსაზრება, რომ ზემოთ მოყვანილი მსჯელობით ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვინც ცდილობს და რამდენადმე ახერხებს კიდეც გაიაზროს სამყაროს რთული ბუნება, აუცილებლად უბედური უნდა იყოს. არა ეს ნამდვილად არ არის ასე, უბრალოდ ასეთი პიროვნებების ბედნიერება გაცილებით მყარ საძირკველზეა დაშენებული ვიდრე იმათი ვისაც საკუთარი უმეცრებით თვალებზე ხელი აუფარებია და ყურები დაუცავს, რამეთუ ცოდნა და წვდომა წარმოშობს არჩევანის შესაძლებლობას. არჩევანის რომელიც საშუალებას გაძლევს გეშინოდეს ან საპირისპიროდ ამისა აღფრთოვანდე იმ სასწაულით, რაც ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს ჩვენგან დამოუკიდებლად სდევს თან.

Tuesday 4 June 2013

ლოდინი

მტანჯველია და თან როგორი. ნერვული სისტემა იმპულსურად გახსენებს თავს. გონებაში სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტს ამუშავებ და არცერთი მათგანი სიამოვნებას არ მიანიჭებს ლოდინის ობიექტს. შენი შინაგანი სამყარო პლაზმურ მდგომარეობაში გადადის და ნელ-ნელა იკუმშება, როგორც მომაკვდავი ვარსკვლავი აფეთქების წინა პერიოდში. ადუღებული სისხლის მოძრაობა გიწვავს კაპილარებს, ვენებს და არტერიებს. გაღიზიანება? - არა ეს გაცილებით მეტია ვიდრე აღგზნების რაღაც ფორმა. განსაკუთრებით გაცოფებს იმის გაცნობიერება, რომ ვერაფერს აკონტროლებ...
 შენგან დამოუკიდებელი ფაქტორები ასეთი სიცხადით არასდროს შეგიმჩნევია. გაბრაზებას სასოწარკვეთილობა ანაცვლებს. საკუთარ თავს წარმოიდგენ, როგორც წვეთს ოკეანეში ან ქვიშის მარცვალს საჰარას უდაბნოში. უკვე ლამის დარწმუნდი, რომ არავის არაფერში ჭირდები. „მეს“ ეგოისტური სიყვარული გაიძულებს შეიცოდო და დაიტირო „ამაო სიცოცხლე“...
 უცბად გახსენდება, რომ არსებობს ღმერთი და იგი შენთვისაც ისევეა, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის. იმედი გაგიჩნდა. ნუგეშისმცემლად ყოვლის შემოქმედი მოგევლინა. იმ სისწრაფით მაღლდები რა სისწრაფითაც დადაბლდი. შესთხოვ და გჯერა მისი ყოვლის შემძლეობის. ახსენებ წინათაც, რომ გჯეროდა მისი და აღიარებდი მის უსაზღვრო ძალაუფლებას, თუმცა შენი მრწამსის „ზედმეტი“ მტკიცებით არ გსურდა მისი ყურადღების უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიდან ასეთ წვრილმანზე გადატანა და ამიტომაც ლოცულობდი ნაკლებს ან საერთოდაც არ ლოცულობდი...
 ამ პროცესმა უკვე აგრია. ფიქრები და აზრები წრიულად ამოძრავდნენ. გაბრაზება, სასოწარკვეთა, იმედი ერთმანეთს ანაცვლებენ ისევ და ისევ. სიზიფეს ამაო შრომას გავს ეს ყველაფერი. უამრავი რამ ამოტივტივდა მეხსიერებიდან, რომელთაც კავშირი არა აქვთ "სტატუს კვოსთან". ერთი სიტყვით გგონია, რომ გიჟდები…
 ჩემი კომპიუტერის ეკრანზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში, ისევ აენთო უკაბელო ინტერნეტის მაჩვენებელი პატარა ნიშანი. როგორც იქნა, უკვე 4 საათია ველოდები... 

Monday 3 June 2013

ზღვა

 არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად ოდნავ მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ გარემომცველი სამყაროს ცალკეულ ელემენტებს...
 ჩემ შემთხვევაში ასეთი ელემენტები მუდმივად იცვლიან ფორმასა და მდგომარეობას, რაც ხასიათის არამდგრადობის აშკარა ნიშანია, თუმცა ეს არაფერი.
 როდესაც გარკვეულ ასაკს აღწევ და შენში დაგროვილი განვლილი წლების „გამოცდილება“ გამოაწრთობს შენეულ ხედვას მიმდინარე, განვლილი და წინ გასავლელი მოვლენების მიმართ, გსურს თუ არ გსურს იწყებ ასოციაციებით აზროვნებას. გულწრფელად, რომ ვთქვა ვერ დავიჩემებ ამ მოსაზრების განზოგადებას, რამეთუ პირადი მაგალითი მომყავს. ყველაფერი კი ასე დაიწყო...
 პირველად მე ვიხილე წყალი უსაზღვრო, უძირო და შთანმთქმელი ვითარცა ცხოვრება... დავუძახე სახელი და მან სიჩუმეში მოტივტივე მრავლისმეტყველება წარმოშვა პასუხად. დავიძაბე... მივხვდი ჩვენ ერთნი ვიყავით იმწამს თუმცა მე არ შემეძლო დამეტია იგი, მას კი შეეძლო სამყაროს უსასრულობამდე შეეფარებინა მთელი კაცობრიობა... სუნთქვა შევიკარი და მარილიან, თხევად სასწაულს შევურიე დაჭიმული სხეული... შევიმეცნე სადამდეც შევძელი და ჰაერს დანატრებულმა ამოვყვინთე... ჟანგბადის ნაკადი ხარბად შევისუნთქე... ღელვას მივნებდი... რა სიფრთხილითაც ახალშობილ შვილს ეპყრობა დედა იმდაგვარადვე მიფრთხილდებოდა ზღვა, რადგან ერთდროულად მიყვარდა და მეშინოდა მისი...
 დღემდეა ჩემში გაუნელებელი სითბოს შეგრძნება იმ პირველი შეხვედრის შემდეგ წარუშლელ კვალად, რომ დაეტყო სულს. ახლა კი, როგორც ძველ მეგობარს, ვაკითხავ ხოლმე და უტყვად ვსაუბრობთ უსასრულობაზე...