მტანჯველია და თან როგორი. ნერვული სისტემა იმპულსურად
გახსენებს თავს. გონებაში სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტს ამუშავებ და არცერთი
მათგანი სიამოვნებას არ მიანიჭებს ლოდინის ობიექტს. შენი შინაგანი სამყარო პლაზმურ
მდგომარეობაში გადადის და ნელ-ნელა იკუმშება, როგორც მომაკვდავი ვარსკვლავი აფეთქების
წინა პერიოდში. ადუღებული სისხლის მოძრაობა გიწვავს კაპილარებს, ვენებს და არტერიებს.
გაღიზიანება? - არა ეს გაცილებით მეტია ვიდრე აღგზნების რაღაც ფორმა. განსაკუთრებით
გაცოფებს იმის გაცნობიერება, რომ ვერაფერს აკონტროლებ...
შენგან დამოუკიდებელი
ფაქტორები ასეთი სიცხადით არასდროს შეგიმჩნევია. გაბრაზებას სასოწარკვეთილობა ანაცვლებს.
საკუთარ თავს წარმოიდგენ, როგორც წვეთს ოკეანეში ან ქვიშის მარცვალს საჰარას უდაბნოში.
უკვე ლამის დარწმუნდი, რომ არავის არაფერში ჭირდები. „მეს“ ეგოისტური სიყვარული გაიძულებს
შეიცოდო და დაიტირო „ამაო სიცოცხლე“...
უცბად გახსენდება,
რომ არსებობს ღმერთი და იგი შენთვისაც ისევეა, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის.
იმედი გაგიჩნდა. ნუგეშისმცემლად ყოვლის შემოქმედი მოგევლინა. იმ სისწრაფით მაღლდები
რა სისწრაფითაც დადაბლდი. შესთხოვ და გჯერა მისი ყოვლის შემძლეობის. ახსენებ წინათაც,
რომ გჯეროდა მისი და აღიარებდი მის უსაზღვრო ძალაუფლებას, თუმცა შენი მრწამსის „ზედმეტი“
მტკიცებით არ გსურდა მისი ყურადღების უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიდან ასეთ წვრილმანზე
გადატანა და ამიტომაც ლოცულობდი ნაკლებს ან საერთოდაც არ ლოცულობდი...
ამ პროცესმა
უკვე აგრია. ფიქრები და აზრები წრიულად ამოძრავდნენ. გაბრაზება, სასოწარკვეთა,
იმედი ერთმანეთს ანაცვლებენ ისევ და ისევ. სიზიფეს ამაო შრომას გავს ეს ყველაფერი.
უამრავი რამ ამოტივტივდა მეხსიერებიდან, რომელთაც კავშირი არა აქვთ "სტატუს კვოსთან".
ერთი სიტყვით გგონია, რომ გიჟდები…
ჩემი კომპიუტერის ეკრანზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში,
ისევ აენთო უკაბელო ინტერნეტის მაჩვენებელი პატარა ნიშანი. როგორც იქნა, უკვე 4 საათია
ველოდები...
No comments:
Post a Comment