Tuesday 14 October 2014

ქართული უდრეკი სული

 ისე მოხდა, რომ 1992 წლის 27 ივლისიდან მოყოლებული ქართველი ვარ! ამას აღარაფერი ეშველება და არც მსურს სადმე სხვა უკეთეს ადგილას დავბადებულიყავი. აქ ჩვენთან მალევე აცნობიერებ, რომ  დაწყევლილი ბედის მქონე ერის მცირე ნაგლეჯი გახდი, მაგრამ ეს წყევლა განაპირობებს იმას, რასაც ქართულ უნიკალურობას ეძახიან ხალხთა შორის.
 სადღაც ჩაკეტილი მენტალობისაგან გაწვალებული მორალი 90-იანი წლების გაჭირვებულ სულს სახეში ულაწუნებს და ტუქსავს, რათა არ გამოთავისუფლდეს და არ წალეკოს გენიალურობამ იდიოტიზმით შედუღაბებული სისტემა. ამ ისტორიას სიახლის სუნი აუდის და ალბათ ამიტომაცაა ტყვიების ბასრ ცურვას სივრცეში ლამის ცხვირწინ, რომ გრძნობ.
 იმ დღეს ვნახულობდი ჯანღონით სავსე არსება, როგორ ითხოვდა ფულს და საკუთარ თავს ხეიბრად ასაღებდა. იყო კიდეც ხეიბარი რადგან დაიჯერა ეს და არ იყო იგი მარტოსული. მისი თვალები, შიშით დაზაფრული და ურწმუნო, ძალიან გავდა იმ თვალების უმეტესობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომ სარგებლობს და არა მარტო მათ თვალებს მოგაგონებდათ დაპატარავებული დევკაცის ჟინჩამქრალი მზერა.
 ისეთი განცდა ჩამოღვენთა მატერიალისტურმა სამყარომ, თითქოს მიზანი რომლისკენაც ვისწრაფვით ნაკლებად ცხადია რისკიანი ქმედებებისთვის, ხოლო საუკუნოვანი მარშრუტი სადღაც აგვერია. კომპასიც ნათლად ვეღარ საზღვრავს დასავლეთსა თუ ჩრდილოეთს და მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენის ვერაფერი გაგვიგია, გვერდით მდგომს შეგვიძლია საოცარი თავდაჯერებულობით განვუსაზღვროთ მთელი მისი დარჩენილი სასიცოცხლო ციკლის ყოველი ცალკეული ეტაპი, მცირე დეტალების ჩათვლითაც კი. ნუთუ ეს შთამბეჭდავი არ არის?!
 ადრე მტერი გვყავდა , მაგრამ არ გვეშინოდა არც სპის სიმრავლის და არც სხვა უპირატესობების, რომლებიც ასე აშკარად იჩენდა თავს. რეალური მოწინაღმდეგების ნაკლებობას ახლაც არ განვიცდით, თუმცა იგი არა ჩვენი „თავხედი მეზობელი“ არამედ რაღაც შინაგანი ნიჰილიზმი და უიმედობაა. რწმენა რომელიც დასუსტდა და განიბნა ვითარცა მტვერი ქართა შიგან. იგი ახლა არა სიმტკიცით, არამედ სისუსტით და უფრო მეტიც, ფორმის ცვალებადობით ხასიათდება.
 ქართული „დიდი დეპრესია“  არც გუშინ და არც გუშინწინ არ დაწყებულა. იგი სადღაც 1921 წლის 17 მარტიდან მოყოლებული დღემდე გრძელდება და რასაც მივაღწიეთ მხოლოდ ინერციული, საუკუნეთა მანძილზე გენებში ჩალექილი ინსტინქტური ქმედებების გარდაუვალი დაბოლავება იყო. ის რაც ჩვენამდე შეიქმნა აწმყოს საძირკვლად იქცა ხოლო ჩვენ ქმნადობის უწყვეტი პროცესი გავწყვიტეთ.

 თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს სვეტიცხოვლობაა, დღე რომელიც ჩემთვის მცხეთაში აგებული, ქართული უდრეკი სულის სავანესთან ასოცირდება და მე მჯერა (ვიცი კიდეც), რომ ყველაფერი კარგად იქნება!  

Saturday 11 October 2014

ფრაგმენტაცია

იმ კონდიციას მივუახლოვდი კითხვა, რომ ხელახლა უნდა დაიწყო და ახალი თავსატეხების ამოხსნას შეუდგე. სამწუხაროდ როგორც წესი ყველაფერი ადვილად მოსაბეზრებელია ცხოვრებაში და მრავალფეროვნებისთვის მხოლოდ ოცნება შეგრჩება საბოლაო ჯამში, რომელსაც რეალობაში მკაცრად დადგენილი განრიგის ფარგლებში უნდა მისდიო, რათა არ ჩამორჩე რიტმულ სვლას, რომელიც ძალზედ გავს საკოორდინატო სიბრტყეზე ტეხილის მოძრაობას უფრო მეტი აღმასვლითა და ცალკეული, იშვიათი დაღმასვლებით.
  შემოდგომა, ნაყოფიერებით და ოქროსფერი საჭურველით შემკული ნაწილი ოთხად დაყოფილი ჟამისა,  თავის მხრივ ღრუბლიანი დღეებით აფუჭებს განწყობას. წვიმა კი ყოველგვარ საზღვრებს გადასული თავს ვეღარ თოკავს. ხალიჩად გაგებული ფოთლები ისეთივე ბანალურ თემად იქცევა როგორც ჩემ მიერ მოყვანილი შედარება მათ შესახებ. გარდამავალი პერიოდი ზოგადად ხასიათდება ისეთი დისონანსებით, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ შეგირყიოთ თქვენი სიმშვიდის სავანე და აქამდე შეუშფოთებელი არასასიამოვნოდ აგაღელვოთ.
  სამოტივაციო ლიტერატურის დიდი ფანატი ვარ, მაგრამ ადრე კიდევ უფრო მეტად ვეცნობოდი მსგავსი სახის ლიტერატურას. ახლა ვხვდები, რომ უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, რადგან ჭეშმარიტად ყველას სხვადასხვა, ინდივიდუალური მოტივატორი ყავს, რაც ხელს უშლის რეალურად ზოგადი სტანდარტების შემოღებას გავრცობას და გავრცელებას. რატომღაც იაპონური სიბრძნე მახსენდება ამასთან დაკავშრებით, რომლის პერიფრაზირებაც დაახლოებით ასეთი იქნებოდა „კარგია როდესაც სხვისგან ისმენ თუმცა უკეთესია თავად დარწმუნდე საკუთარი თვალებით“.

 ზომიერება თავის თავში არსებული საზღვრებით ყველაზე საშიში ნაღმია გონებრივი განვითარების პროცესებისათვის.

to be continued ...