Wednesday 17 July 2013

ქალაქის ხმაურს ემსხვერპლა ბავშვი

ქალაქის ხმაურს, ემსხვერპლა ბავშვი...
შიშით გაზარდეს, არიდეს ქუჩას
გადაუმტვრიეს ის ხერხემალი
თავისუფლებას ხიდად, რომ უდგას.

უკვე წირავენ სკოლის კვარცხლბეკზე,
„დედიკოს ლექსებს“ შემკრთალი ამბობს,
სუნთქვას თუ არა? სუნთქავს თუ არა?
აქ არვინ იმჩნევს... აქ არვის ახსოვს...

აჰა მოვიდა წელი დიდების,
უნივერსიტეტს ახვევენ თავზე,
მიმართულებას ირჩევს „მამიკო“
შვილი ვერ ამბობს კვლავ თავის სათქმელს.

გადაუარა ყველა საფერხურს
ზოგსაც ოჯახმა გადაატარა,
ხარისხებს ვერ თვლის, თუმცაღა რაც სურს,
არ ღირსებია... არა... აღარა....

ცოლი? რა ცოლი მას შეურჩიეს
ოჯახის შვილი, ბებოს რჩეული,
ქალი უღიმის, ქალსაც უღიმის,
და მაინც იგი არს დაბნეული.

შვილი ყავს უკვე, თან არა ერთი,
ცოლიც ფუსფუსებს, დიდ-მყუდრო სახლში
ერთი შეხედვით ეს იდილია
ვარსკვლავებს მოწყვეტს და შემდეგ დათვლის.

ცაზე ღრუბელმა, შავად, მზაკვრულად,
დაიღრიალა და ელვად ინთო,
ეს ჩვენი გმირი თავის მანსარდში
თავ-ჩამომღრჩვალი, პირღია თითქოს...
ეკითხებოდა, ვიდრე დამარხეს,
მე რა ვიყავი? ან ვინ ვარ ახლა?
პასუხად მხოლოდ, წვიმის წვეთების
ჩუმი ხარხარი, ხშირ-ხშირად ატყდა...

Sunday 14 July 2013

"დილის აერობიკა"

 სამსახურში მისვლამდე 15-წუთით ადრე, ჩვევად მაქვს ქალაქის შუაგულში მდებარე პატარა პარკში შევისვენო. პარკში სიგრილეა და ამავდროულად დატვირთულია ისეთი ტიპის სანახაობებით, რომელიც ჩემი აზრით არ უნდა დაიკარგოს და სასურველია მომავალ თაობებს გადაეცეს ყოველგვარი შელამაზების თუ შესწორების გარეშე (ისტორია კი თავისი არქივებით, ნამდვილად არ წყალობს პარკში "დროის მომკვლელთა" საზოგადოებას).
 9:40-ზე წითელ ფორმიანი დამლაგებლები , დიდი თეთრი წარწერებით (ეს ალბათ ისეთ ფსიქოლოგიურ ფერთა შეხამებაა, სამუშაო განწყობა, რომ უნდა შეგიქმნას) "სუფთა ქალაქი", უკვე ამთავრებენ თავიანთ საქმეს. სიამაყით აკვირდებიან გარემოს და საკუთარი ღვაწლის სიდიადის წარმოდგენაც კი უჭირთ (ეს მათ აღიბეჭდება თუ კარგად დააკვირდებით). დიახაც! რომ არა ისინი, ბინძურ დედამიწას "რა თვალით შეხედავდნენ" მეზობელი პლანეტები მხოლოდ ღმერთმა უწყის (ისე ახლაც უკვირთ, ამდენი არა ჯანსაღი გამონაბოლქვის შემდეგ, როგორ არ უჩნდება ფილტვების ან ყელის კიბოო, თუმცა ვინ იცის რა სენი აქვს შეყრილი ამ პასიურ მწეველს...). ოდნავ უცნაურ შეგრძნებას მარტო ის ფაქტი ტოვებს, რომ სისუფთავის დამცველები თავად არც ისე სუფთად გამოიყურებიან. ეს იცით რას გავს? - სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, ცოცხლად დარჩენილ მეომრებს ტანსაცმელსა და აღჭურვილობაზე, რომ შერჩენიათ მძიმე "შეტაკების" კვალი.
 ძვირფასო დამლაგებლებო! დაე თქვენი მარჯვენის მეოხებით მუდმივად "კრიალებდეს" ჩვენი ქალაქისა და პლანეტის მთლიანი ტერიტორია თუ არა დიდი ნაწილი მაინც!
 9:45-ზე არაფერი შეცვლილა პარკის ერთ-ერთ სკამზე (მისთვის საწოლზე) ჩაძინებული მოქალაქისთვის. ისე მართლა საინტერესო შემთხვევაა, რადგან ერთი შეხედვით ვერ მიაკუთვნებ იმათ კატეგორიას, ვისაც ასეთ პირობებში უხდებათ ძილი. ამ კონკრეტული შემთხვევის მიზეზი ან დიდი დოზით ალკოჰილი, ან გაბრაზებული ცოლია, ან ორივე ერთად.
 ჩვენ გმირს სკამის ძელზე, პირით ქვემოთ სძინავს და ცხვირი ხის მაგარი ზედაპირის გამო სახეში აქვს შეჭყლეტილი, სწორედ ამიტომ სუნთქვა უძნელდება და "გაჭირვებით" ცდილობს გვერდი იცვალოს, თუმცა თავს ვერაფერს უხერხებს და ისევ ძველ პოზიციას უბრუნდება. ასე მეორდება იგივე პროცესი 30 წამიანი ინტერვალით დაახლოებით 3-ჯერ. ბოლოს ნებდება ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობას ორგანიზმი, თან იღლება ამდენი წარუმატებელი მცდელობით და ჰაერის მიწოდების ალტერნატიულ გზად პირის ღრუს ირჩევს. ღია პირით კი დაკვირვების ობიექტი, მისდა უნებურად ლოკავს ურიცხვ საჯდომთა მიერ "სტერილურად მოხეხილ" სავარძელს (იცოდეთ ანჩხლო ცოლებო სად უშვებთ და რისთვის წირავთ საკუთარ ქმრებს. ასეთ დროს "ჭეშმარიტად" პრინციპული და ამავდროულად მზრუნველი მეუღლე მოხარულიც კი უნდა იყოს თუ მის ქმარს, რომელიმე სხვა მანდილოსანი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე, თბილ კერას გაუზირებს და ააცდენს ამგვარ განსაცდელს). არაფრით სასიამოვნო სანახაობას სწრაფად ვარიდებ თვალს, თუმცა ის აზრი, რომ გარეთ ძილი ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნოა, თავიდან ავტომატურად მივარდება.
 9:50... დღეს საქმე საკმარისზე მეტი მაქვს... ეს სასიამოვნოა... მშვიდად ვეთხოვები ბუნებრივ სიგრილეს და ხელოვნურად იმიტირებულ მის ანალოგში ვინაცვლებ...

Saturday 13 July 2013

ვათავისუფლებ წარმოსახვას

 ჩამოიღრჩო თავი ძილმა, გარეთ კი წვიმა არ ეშვება სახლის სახურავს... აღარ მინდა ვიფიქრო, მაგრამ არ მეშვება, ვერ ისვენებს ოხერი გონება... ვათავისუფლებ წარმოსახვას და აჰა გავცდი უკვე ჩემი ოთახის კედლებს... 
 ვმოძრაობ ასე სინათლის სიჩქარით და დედამიწას უკვე რამდენგზის ვუვლი გარსს აღარც კი ვიცი... კოსმოსის სიმძიმე მაწვება უცებ მთელი ძალით და ვეშვები, ვდუნდები, თორემ ტვინს გამიჭყლეტს უეჭველად...
 სამყაროს ისეთ ფორმას ვაძლევ, რომ ადვილად მოვირგო დილით ადრე, გაღვიძებულზე... ბუნდოვნად მესახება საერთოდ დილა, თუმცა ვერ აღვიქვამ ამას პრობლემად, რამეთუ ჩემ მიერ ფორმირებულ სამყაროში არ შეიძლება პრობლემა არსებობდეს...
 მკვდრები, ცოცხლები დააბოტებენ და თელავენ უსასრულო ბილიკებს... ფრთების მოქნილი მოძრაობით ცურავენ ზემოთ თევზები... ლურჯი ფერის ცაზე დავაბიჯებ და შესაფერ ადგილს ვეძებ, რათა რომელიმე მსუქან-ფარფლიან ფრინველზე ვინადირო... 
 აქ არც მანქანები არიან და საერთოდ არაფერია რაც გარემოს დააბინძურებს... დრო მხოლოდ და მხოლოდ უკვდავების ტბისაკენ მიემართება, იქედან უკან, ჩვენთან...
 ხელახლა ვაიძულებ გონებას არაფერზე კონცენტრირდეს და ამჯერად ამას უფრო წარმატებით ვახერხებ... 
 დილით ვგრძნობ, რომ სიამოვნებით მოვკლავდი მას ვინც მაღვიძარა გამოიგონა...

Tuesday 9 July 2013

წამები და წუთები

 ახალგაზრდობისთვის დრო ნელა გადის, ახალგაზრდობა კი მალე მთავრდება... საერთოდ ასეთ რამეზე არ უნდა ფიქრობდე ალბათ, მაგრამ ალბათ არ არსებობს როცა ფიქრს იწყებ...
 განსაკუთრებით დროს სისწრაფე შუალედურიდან–შუალედურამდე ემატება. ვინც არ იცით შუალედურები გამოცდების ერთ–ერთი სახეობაა, რომელიც 2-ჯერ ყოველ მე–7 კვირაში ტარდება. როდესაც ასეთ პრიმიტიულ რამეს ყურადღებით აკვირდები იმწუთს ხვდები, რომ დრო კიდევ უფრო ჩქარა უნდა მიდიოდეს სხვა შემთხვევებშიც.
 ყველაფერი, რასაც იშვიათად თუ უწერია განმეორება განწირული არ არის, მაგრამ სხვა დანარჩენი კი დავიწყებას მიეცემა ოდესმე აუცილებლად. ალექსანდრე მაკედონელის საქმეები კეისარმა გაიმეორა, კეისარს თემურ ლენგმა "მიბაძა", თემურ ლენგს ნაპოლეონ ბონაპარტმა(თავისთავად ფართო მასშტაბის დაპყრობით ომებს ვგულისხმობ მსგავსებაში), ამიტომაცაა მათი სახელები და ქმედებები უკვდავი ვიდრე პლანეტა არ ჩაქვრება მთლიანად. ძალიან ძნელია, როცა ფიქრობ რომ დედამიწაზე ნაცხოვრები N რაოდენობის ადამიანების აბსოლიტური უმრავლესობა უსახელოდ მოკვდა. არაფერი არ შეგაშინებს ისე როგორც ეს.
 დრო მკვლელი მექანიზმი, რომ არის დიდი ხანია მიხვდა ყველა. წამები და წუთები ჩვენგან დამოუკიდებლად და დაუსრულებლად განიბნევიან სივრცეში. ვერაფერს ვცვლით ამასთან მიმართებით, მაგრამ ვიბრძვით, ვიბრძვით როგორც იმედი პანდორას ყუთში ჩაკეტილი მარტო, რომ დარჩა. უკან არ ვიხევთ, რადგან უკან მხოლოდ გვამებია ისტორიის გრძელ გზაზე მიმოფანტული. წინ კი დიდი უფსკრული გვაქვს წამების და წუთების მჟღერი სიმფონიით ამოვსებული პირთამდე. ჩვენ კი უკანასკნელი მებრძოლები ველოდებით მას ვინც ბრძოლის ველს გაგვაშორებს. წამები და წუთები ისევ და ისევ განიბნევიან მარტო, ჩვენ გარეშე, სამარადისოდ...

ეს ჩემი ქვეყანაა

 საქართველო ქვია მას...
 დიდი ხანია უკვე გზას იკვლევს ისტორიის ბილიკებზე და გზაც ხშირად არევია (ან ურევდნენ), თუმცა ჩემამდე მოაღწია და კიდევ ბევრს გაივლის მარადისობამდე. მარადისობა კი ნამდვილად მისი ხვედრია... ჩემი შეხედულება მიკერძოებული და სუბიექტურია, რამეთუ ეს ჩემი ქვეყანაა...
 ხალხი ძალიან თბილი, ჭკვიანი და მედიდურია. ყოველი მათგანი საკუთარ თავს საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირსა და პიროვნულ ინდივიდუალიზმში გამოავლენს... ფეთქებადი ხასიათით დავიკვეხნით, მაგრამ საჭიროებისამებრ შორს ჭვრეტაც შეგვიძლია და მშვიდად აზროვნებაც... გვიყვარს ქეიფი ზე-აღმატებით... ეს  ცოტათი ხელს გვიშლის, თუმცა არ ვაღიარებთ... ეს ჩემი ქვეყანაა...
 ჩვენი ამინდი ძალიან წააგავს ჩვენსავე ხასიათს. იგი ცვალებადია, თუმცა მშვენიერი... ბუნება ალაგ მკაცრი და ალაგ სიმშვიდის მომგვრელი... ზღვარი ყველაფერში დაცულია... სიწმინდე ჩვენი მთის ნაკადულებში სხვა განზომილებაშია გადასული. უფრო მეტად სამოთხის მდინარეებს მოგაგონებთ წყალნი მომჩქეფარნი. მთაცა გვაქვს და ზღვაც. ეს ჩემი ქვეყანაა...
 მე ბედს ვუმადლი ჩემი ქვეყნის შვილად რომ გამაჩინა. ეს ჩემი სამშობლოა...

Saturday 6 July 2013

გამონაკლისი (შეშლილ აზრთა ნაკრები)

 დღისით არ ვწერ ხოლმე... უმეტესად ''მუზა'' საღამოობით მომდის, უფრო სწორად გვიან ღამით როდესაც ყველას სძინავს გარდა რამდენიმე შეშლილისა. აი ამ წუთს კი გავიფიქრე, აუცილებელია რომ მარტო ღამით ვწერო? – რა თქმა უნდა არა ეგ მაინც არის ჩემზე დამოკიდებული რას დავწერ და როდის.
 ზოგიერთი ისტორიის მოყოლა შეიძლება ზოგის არა, უმეტესობას ვერ მოყვები. პირადი ისტორიები მხოლოდ ჩვენთვის არის საინტერესო.
 ვეძებე და ბოლოს ვიპოვე პასუხი. რასაც ვეძებ ის არ არსებობს ან ჯერ ვერ მივაგნებ...  
 სიცოცხლე სამხიარულო დღესასწაულია უბრალოდ აქ ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება. წვეულება ყოველთვის არ შეიძლება იყოს სასიამოვნო. მოდას ყველანი ვერ ავყვებით, რადგან ზოგჯერ ჩვენ ვქმნით მას სხვებისთვის.  გინდა იყო პირველი?– ადგილი უკანა რიგში დაიკავე, გასვლის დრო ყოველთვის დგება, ამიტომ შენ ყოველთვის პირველი გახვალ. მეტი სიხარულისთვის ყოველთვის მეტი საზღაურია და ეს გარდაუვალია. მინდა წყნარად ვიწვალო წარმატების მიღწევის პროცესში, რათა შედეგით მეტად დავტკბე. უაზრო ნუგეში უბრალოდ გვანერვიულებს. თავი შეიკავე, წითელზე თუ გადახვალ მანქანა არ გაწითლდება გადატანითი მნიშვნელობით, აი პიდაპირით კი გაწითლდება. მუდამ იტანჯება მხოლოდ მაზოხისტი. თუ სიამოვნებას არ ეძებ ის თავად ვერ გიპოვის. შეიკავე თავი და დიდხანს იცოცხლებ თუმცა მუდამ ინანებ. არასდროს მოიტყუო და შენ ტრამვებით მოკვდები, სამაგიეროდ ვისაც არ მოატყუებ ისინი ინფარქტით. კეთილი საქმის კეთებისას იყავი მშვიდი და დაფიქრებული, რამეთუ პირიქით არ გამოგივიდეს. ცხოვრება რომ ომია, ეს ფრაზა ზღაპრიდან და კინოფილმიდანაა, ამიტომ აზრი აქვს დაკარგული მხოლოდ მათთვის ვისაც ცხოვრება თამაშად არ მიაჩნია. არ ინერვიულო და არ გაბოროტდები...
 ეს ყველაფერი ვიცი, გააზრებულიც მაქვს და მინდა ასე გავაკეთო, თუმცა ზოგჯერ სხვა რამე მკარნახობს თუ როგორ ვიცხოვრო...

Friday 5 July 2013

"ლინგვისტი ქვეშემრდომი"

ზაფხულია... ასე 12 საათი იქნება და მეც ჩემი კომპიუტერის წინ ვზივარ ჩემსავე სკამზე (სამსახურში). ხალხის ტალღა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ეხეთქება შემოსასვლელსა და გასასვლელს. საკმაოდ მოსაწყენი გარემოა და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ შევამჩნიო რამე ისეთი, რაც ოდნავ მაინც გამომიკეთებს გუნება განწყობილებას. სწორედ ასეთ დროს ვამჩნევ იმას რასაც ვეძებდი და ყურადღების ფოკუსირებას მასზე ვახდენ...
 „ხელების საოცარი მოძრაობა, ჰაერს ლაღად, ნაზად არხევს და ლივლივებს მასში, როგორც კამკამა წყალში თევზი ან ნიავში, რომელიმე ჩიტის მსუბუქი ბუმბული.
 ეს მშვენიერია და ერთი შეხედვით წარმოუდგენელიც, თუ რამდენად მეტყველი შეიძლება გახდეს პანტომიმა განსაკუთრებით იმ დროს, როცა შენი მენეჯერი თავზე დაგყურებს და შენ კი ვალდებული ხარ ინგლისურის ცოდნა გამოამჟღავნო. სხვა გზა აღარ რჩება კონსულტანტს და ისიც იწყებს პრეისტორიულ როკვას, რომლის საშუალებითაც პირველყოფილი ადამიანები კომუნიკაციას ახერხებდნენ ერთმანეთთან. ეს უძველესი მსოფლიოს ენაა, ეს უფრო მეტია ვიდრე ვერბალური მეტყველების შეზღუდულ ფრაზათა ერთობლიობა და აქაც, იგი კვლავ იმარჯვებს კაცობრიობის ყველა პროგრესზე, რამეთუ კლიენტმა ყველაფერი გაიგო, მენეჯერიც კმაყოფილი დაჰყურებს თავის „ლინგვისტ ქვეშემრდომს“ და მაღაზიაც კვლავინდებურად აგრძელებს მუშაობას.
 გულში ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემი საქმე. აქ შეუძლებელია დიდი ხნით დარჩე მოწყენილი...“

 ზაფხულია... საღამოს 7 საათი... სამსახურიდან გავდივარ და უკვე ვიცი თუ რას მოვყვები „ლუდის სმის საღამოზე“...

Thursday 4 July 2013

"ორიოდ ნოტად"

 მუსიკით შთაგონებული ვწერ. ვუსმენ... მიტაცებს... მიზიდავს... მითრევს...
 მშვიდი ვარ როგორც მთა ზვავის მოლოდინში. ვგრძნობ ტალღებს ყოველ ბგერას, რომ მოაქვს თავისი - ახალი, ძლიერი, ლამაზი. თავხედურად ვხდები ყველაფრის ბატონი და ყველაფერი ხდება ჩემი ბატონი. ცა უფრო ლურჯია, ოთახი უფრო ნათელი, ღამე უფრო გრძელი, დილა მზიანი, ცხოვრება შინაარსიანი.
 მუსიკით შთაგონებული ვწერ, ვერ ვჩერდები რამეთუ მეტია ეს ყოველივე ჩემზე. ევერესტზე მაღალიც ვარ და ყველზე ღრმა უფსკრულზე დაბლადაც ვეშვები. აი ამ დროს განსაკუთრებით მწამს, მიყვარს და განვიცდი.
  უკვდავებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვისურვებდი თუ კი ყოველ მოსმენილ მუსიკას თან მოყვება ის პირველი განუმეორებელი შეგრძნება რომელიც დაუვიწყარს ქმნის ცხოვრების ერთ ძალიან პატარა მონაკვეთს.
  პატარა ზვირთი, რომელიც ცუნამად გადაიქცევა, აი რა ძალა აქვს ხელოვნებას. შემოქმედი ქმნის, სხვები კი იგებენ ისე როგორც უნდათ, როგორც შეუძლიათ. თავისთავად ავტორისთვის მნიშვნელოვანი ნაწარმოები საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემად იქცევა. ეს გენიალური მოვლენაა.
გაზაფხული კი ისევ მოვა მუსიკის ორიოდ ნოტად...

დამღლელი რუტინა ანუ ყველაფერი ის რასაც სამსახურს ვეძახით (მუდამ საყვარელი საქმე აკეთე)

 დილით ადრე დგები, ტანზე გამალებით იცმევ. სასწრაფოდ გარბიხარ აბაზანაში თავის მოსაწესრიგებლად. მიუხედავად იმისა რომ წყალი სახეზე 10ჯერ მაინც შეისხი გეძინება თან ძალიან გეძინება. ყველაფრის მიუხედავად აღებ სახლის კარს თუმცა საუზმე ბოლომდე ვერ დაასრულე. გარბიხარ იქ სადაც ყველაზე ნაკლებად გინდა წასვლა.
 დააგვიანე ასე 15 წუთი, მაგრამ ამას ყურადღებას აღარ აქცევენ პირიქით ეს შენი ერთგვარი ხელწერაა. მიმოიხედავ თანამშრომლების დაღლილ, მოლიმონებულ სახეებს გამარჯობას მიახლი და შენ სამყოფელში გადიხარ თუ ასეთი გაქვს რა თქმა უნდა.
 საქმე საქმე და საქმე. ერთი სიტყვით მაგრად ,,დაგენძრა". არაფერი გიშველის გრაფიკს იმდენად აცდი ახლა უკვე შეუძლებელია დროულად დაამთავრო დაწყებული სამუშაო. ეგეც ფეხებზე გკიდია რადგან ამითაც გცნობენ.
 საღამო ხანს სახლში მიდიხარ და არ ფიქრობ, ვერ ფიქრობ. აღებ სახლის კარს, ტელევიზორს უყურებ. ჩაის ან რამეს დალევ ერთ ორ კარაქიან პურთან ერთად. კბილებს გამოიხეხავ თუ არ დაგეზარა და ისევ იძინებ.
 დილით ადრე დგები, ტანზე გამალებით იცმევ, ერთი სიტყვით მაგრად "გენძრევა"

Tuesday 2 July 2013

"რეალობა"

 ჩემ წინ სკამი დგას, უბრალო ხის სკამი. მასზეა ჩემივე ქურთუკი საცოდავად მიგდებული.
 სამწუხაროდ დანამდვილებით ვერ იტყვი ეს სკამი მართლაც სკამია თუ ტახტი. ეგებ ჩემი შეხედულება საერთოდ მცდარია საგნებთან მიმართებით. ეგებ სწორად ვერ ვაფასებ იმას რასაც ვხედავ... 
 დილით უნივერსიტეტში მივდივარ ან არც მივდივარ. შესაძლოა ერთ ადგილას ვზივარ და სხვა ყველაფერი გონების, წარმოსახვის ნაყოფია. ლექციები რომლებსაც ვუსმენ, ლექტორები, კურსელები და ხალხი ვისთანაც ძირითადად ვურთიერთობ. რამდენად არის ეს ყველაფერი რეალური?
 ხშირად სახე მეყინება ზამთრის საღამოს სახლში მომავალს. თავდაპირველად კანი გრძნობას კარგავს, შემდეგ კი საშინელი ქავილის შეგრძნება მაქვს...
 ლამპიონები აანთეს... შუქი იფანტება... ნუთუ ყველაფერი რეალურად არსებობს. განცდები და წარმოსახვები წარმოსახვათა შიგნით...
 ყველაფერი ისეთი არეულია...
 სახლიდან გასულს არასდროს გამჩენია აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლოა ჩემი არყოფნის დროს შენობა სადაც ვცხოვრობ სამოგზაუროდ მიდის და ჩემი უკან დაბრუნებისას ისიც ბრუნდება...
 მეზობლები... თუ ისინიც მე გამოვიგონე გამოდის თავადაც ვიღაცის "წარმოსახვითი რეალობის" ნაყოფი ვარ. რთულ სისტემას ვაგებთ და შიგვე ვიკარგებით შემდეგ...
 მე მაინც ეს სკამი მგონია უფრო მეტად ვიდრე ტახტი, თუმცა ამ საკითხზე დავას მოვერიდებოდი გულწრფელად, რომ ვთქვა...