Tuesday 24 September 2013

პასუხი


 სიმშვიდე მომენატრა... ვცდილობ წარმოვიდგინო ორგანულად მწვანედ შეღებილი წიწვოვანი ტყე, სადაც შეგიძლია საკუთარ სუნთქვას ყური დაუგდო და რიტმი დაიჭირო, კონკრეტული სიცოცხლის რიტმი... მომენატრა მთის მკაცრი კლიმატი და ჰაერი, რომელიც ჟანგბადით არის სავსე... წმინდა ქარის მოტანილი ნადირის ღრიალი და მდინარის უშრეტელი ხმაურის აღრევა მომენატრა...
 სულ ორი წამით ვფიქრობ შეჩერებას... მიმოვიხედო ეგებ და მივხვდე რა გავაკეთე ან რა გავაფუჭე, რა დავანგრიე ან რა ავაშენე. ძალიანაც, რომ მოვინდომო ეს შესვენება ვერ გამაჩერებს. კმაყოფილების გრძნობა საქმის მიმართ ერთ დღეზე მეტხანს არასდროს მქონია. მიზნისკენ სწრაფვას უკვე ინსტიქტურად ვაგრძელებ, რამეთუ სისხლში მაქვს სასურველი სასრულის წითელი ნაწილაკები, რომლებიც ხასიათდებიან თვითგანახლებით, რაც თავის მხვრივ ჩემ მუდმივ მოძრაობას განაპირობებს ყველგან და ყველაფრისკენ.
 მინდა თუ არა მაინც მომიწევს შესვენება ავიღო... რა ჯიუტი ხასიათის პატრონიც არ უნდა იყო ვერაფერს გახდები თიხით შეტიტყნილი სხეულის ყოველი მცირე წერტილი, რომ გიმტყუნებს თავისი მიწიერი არარაობითა და უსუსურობით. აი იდეა, აზრი, მიზანი კი მუდმივად შეინახება და მას ვერაფერი შეეხება თუ ჭეშმარიტად გწამს და გაკმაყოფილებს არგუმენტები, რომელთაც ფლობ. (შეიძლება არაფერსაც არ ფლობდე და „ბრმა“ ფანატი იყო)
 თუმცა ზემოთხსნებეულთან აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ყველაფერი მართლაც საოცრად მარტივდება, როდესაც მომდევნო დილის გათენებას ეჭვის ქვეშ აყენებ. უკვე დრო თავის უზარმაზარ ძალას თვალნათლივ წარმოაჩენს, ისევ და ისევ შენივე ძალისხმევით. გეგმებიც თავისით იფილტრება წვრილმანებიდან აუცილებლებამდე.(აქ საკითხავია თუ ვისთვის რა არის მთავარი) ზოგჯერ იმედგაცრუებაც გველის, მაგრამ სიტყვა ზოგჯერ უკვე იმედის მომცემია, მით უფრო ასეთ კრიზისულ გარემო პირობებს თუ წარმოვქმნით...
 წმინდა ქარის მოტანილი ნადირის ღრიალი და მდინარის უშრეტელი ხმაურის აღრევა მომენატრა...



Wednesday 4 September 2013

კითხვები ჩემს თავში (პირველი ნაწილი, დაბადება... ძიება…)

 ვიღვიძებ?
(კითხვა დაიბადა დილით, როცა რეალობასა და სიზმარს შორის არსებული ბურუსი ვერაფრით გავფანტე)
 ფხიზლად ვარ?
(კითხვა დაიბადა მზის ჩასვლისას... ხედის საყურებლად მისულმა ვერც კი შევნიშნე როგორ გაქრა მზე ჰორიზონტიდან)
 საკუთარი სურვილები მმართავენ?
(კითხვა დაიბადა როდესაც სწრაფი კვების ობიექტში შესვლისას აღმოვაჩინე რომ უკვე 50–მეათედ ვდებ პირობას, რომ ოდესმე შევეშვები არაჯანსაღი პროდუქტით კვებას)
 სურვილი რომელიც ჩნდება, ჩვენივე გონების თავისუფალი ნების საფუძველზეა აღმოცენებული?
(კითხვა დაიბადა სარეკლამო ბანერის წინ, როცა მომინდა ის რაც არასდროს მომინდებოდა)
 რასაც ვეხები რეალურია?
(კითხვა დაიბადა მცდელობისას ყინულის ცივი ნატეხი აღმექვა გავარვარებულ ლითონის ნაგლეჯად... საპირისპირო ექსპერიმენტი მავნებელი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის)
 მატერია თავისი არსით მატერიაა?
(კითხვა დაიბადა სპონტანურად, არაფრისგან, მაგრამ იგი მაინც გაჩნდა)
 სიტუაცია მხოლოდ ერთ განზომილებაში და მხოლოდ ერთი სახით ვითარდება?
(კითხვა დაიბადა მას შემდეგ რაც ვუყურე DC-ს ანიმაციას, სუპერ გმირ Flash-ის მონაწილეობით... იგი ავითარებს ზებუნებრივ სიჩქარეს რის საშუალებითაც გადაადგილდება დროის ხვრელში და წარსულში ცვლის გარკვეულ მოვლენებს რაც თავის მხვრივ იწვევს მომავლის სახეცვლილებასაც)
 მისია რომელიც უნდა შევასრულო, ჩემივე არსებობის გამართლებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს? 
(კითხვა დაიბადა ჩემს მიერ ჩემივე მისისს განსაზღვრისას)
 რამდენჯერ ვაღებთ კარს ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში?
(კითხვა დაიბადა როდესაც ბუდისტურ წარმოდგენებს ვეცნობოდი გარდაცვალებაზე)
 ვინ არის ჰომოსაპიენსი... ბუნების ჭეშმარიტი მკვიდრი თუ სიმსივნური წარმონაქმნი რომლის მოკვეთა გახდება საჭირო?
(კითხვა დაიბადა 2012 წლის მიწურულს)
 შევძლებ კი ოდესმე ჩემ გენეტიკურ კოდში დაშიფრული, ისტორიული გამოცდილების სრულად ათვისებას და გამოყენებას?
(კითხვა დაიბადა BBC-ის შემეცნებითი პროგრამის ჩვენების შემდეგ)
  დროის მსვლელობა სამყაროს გაფართოების პროცესის პირდაპირ პროპორციულია?
(კითხვა დაიბადა მას შემდეგ რაც სამყაროს წარმოშობის შესახებ დიდი აფეთქების თეორიას გავეცანი, ასევე „ინფლაციის“ თეორიასაც)
  სად ვიყავით , სად მოვედით და სად მივდივართ?

(კითხვა დაიბადა...)