Tuesday 4 March 2014

საკუთარი შემოსავლების მართვა ანუ ფინანსური მენჯმენტი პრაქტიკაში (დაუმუშავებელი ნაწილი 1-ელი)

 ნებისმიერი თეორია, რომელიც იწერება გარკვეული ვარაუდის საფუძველზე, მიზნად ისახავს გამოყენებულ იქნას რეალური ადამიანების, რეალურ ცხოვრებაში.
 ფინანსური მენეჯმენტი თავისი არსით საკმაოდ რთულ საგანს წარმოადგენს, კომპლექსური და მრავლისმომცველი ბუნების გამო. სწორედ ამიტომ დღეს-დღეობით იგი ბუნდოვნად წარმოუჩნდება საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ისინი ვერ აცნობიერებენ რა მის საჭიროებას ან უგულებელყოფენ მას ზემოთხსენებული რთული ბუნებიდან გამომდინარე.
 სინამდვილეში ეს რთული, მაგრამ დაძლევადი საგანი ჭეშმარიტ საჭიროებას წარმოადგენს, როგორც წარსული რეტროსპექტივის, ასევე სტატუს კვოს და სამომავლო გამოწვევების გათვალისწინებით. ქართულ მოსახლეობას ყველაზე მეტად მართებს სიფრთხილით მოეკიდოს საკუთარი ფინანსური რესურსების მართვის საკითხს, რადგან მის მწვავე დეფიციტს განიცდის.
იყო ასეთი გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ, რომელმაც თავის ნაშრომში „ადამიანური მოტივაციის თეორია“ (1942 წელი) - აღწერა მოთხოვნილებათა იერარქია, რომელსაც აქვს პირამიდის სახე.
მასლოუს პირამიდაზე მნიშვნელობის და საჭიროების მიხედვით მოთხოვნილებები შემდეგნაირად არის გადანაწილებული ქვემოდან ზემოთ: 1)ფიზიოლოგიოური მოთხოვნილებები; 2) უსაფრთხოება;3) სოციალური ურთიერთობები (მეგობრები,  თანამშრომლობა, სიყვარული და ა.შ.) ; 4)დაფასება (საზოგადოებაში თავის დამკვიდრება) ; 5) და ბოლოს თვითრიალიზაცია. თავისთავად ასეთი რიგითობა შესაძლოა ცალკეული პიროვნებისთვის განსხვავებული იყოს და ამაში განსაკუთრებული არაფერია, რამეთუ ეს ძალზედ სუბიექტური საკითხია. უბრალოდ ამით იმის ჩვენება მსურდა , რომ განვლილი პერიოდი ნათლად გვიჩვენებს და ამტკიცებს ერთს. ჩვენი სურვილები მუდმივად მზარდია. უმეტეს შემთხვევაში კი სურვილთა ზრდას პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება ხარჯების ზრდა. ხოლო იმისთვის , რომ დავაბალანსოთ, გავათანასწოროთ შემოსავლებისა და გასავლის ნაწილი, აუცილებელია სწორი ფინანსური მენეჯმენტი.
 ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება, როდესაც გარკვეული „საგანი“ წარმოსახვის სფეროდან ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოგვაქვს და შესაბამისი დანიშნულებით ვიყენებთ. ასეთი თვალსაჩინოება აღსაქმელად უფრო იოლდება ცალკეული ადამიანებისთვის. ფინანსურ მენეჯმენტსაც მსგავსი მიდგომა ესაჭიროება, რათა მისი დადებითი მხარით საზოგადოების უფრო დიდმა ნაწილმა ისარგებლოს.
 ნებისმიერმა ჩვენგანმა იცის თუ რა იქნება სავარაუდოდ მისი შემოსავალი (ბევრმა ზუსტადაც) ერთი თვის განმავლობაში. ასევე დაახლოებით ვიცით თუ რა ოდენობის ხარჯის გაწევა მოგვიწევს იგივე პერიოდში, თუმცა უმეტესი ჩვენგანი არასდროს ახდენს მსგავსი ფულადი სახსრების მოძრაობის დოკუმენტურ ასახვას, ანუ ჩვენ არ ვწერთ წინასწარ რას ველოდებით და რისი გაცემა გვიწევს. (შესაძლოა რაღაც ნაწილი აკეთებს ამას თუმცა უმეტესობა ნამდვილად არა) შესაძლოა ამის აღწერა არასაჭიროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე. როდესაც ჩვენ ვადგენთ მომდევნო თვის პირად ბიუჯეტს (დიახ ეს ბიუჯეტის შედგენის პროცესია. ბიუჯეტი - შემოსავლების და გასაწევი ხარჯების ნუსხა, ოღონდ ამ შემთხვევაში უფრო მარტივი და გასაგები თქვენთვის) ზემოთაღნიშნული მარტივი წესის გათვალისწინებით ეს გზა მეტად თვალსაჩინოდ წარმოადგენს თქვენს ამჟამინდელ და სამომავლო ფინანსურ მდგომარეობას, რითაც საშუალება გეძლევათ გარკვეული ზომები მიიღოთ წინასწარ, სასურველი შედეგის მისაღწევად.  
 და როცა ჩვენ ვსაუბრობთ პირად შემოსულობებზე განვსაზღვროთ ისინი, როგორც სტაბილური პერიოდულობით მისაღები ფულადი (ან არაფულადი) რესურსი პლუს არა ყოველდღიური საქმიანობიდან მიღებული სხვა სახსრები, რაშიც იგულისხმება მაგ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვით ან სესხის აღებით და ა.შ. მიღებული არასტაბილური სახის შემოსავლები.
 აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო ისეთი შემოსავლის სახეზე , როგორიცაა კრედიტი. ვალდებულების აღება შესაძლოა მიმდინარე თვეში იქნას გათვალისწინებული შემოსავლად, ხოლო ყოველ შემდგომში იგი ამავდროულად წარმოადგენს ხარჯს და ვიდრე მივიღებთ ამ კონკრეტული საბანკო პროდუქტით სარგებლობის გადაწყვეტილებას ჯეროვნად დაფიქრება გვმართებს, რადგან მსგავსი ნაბიჯი მოითხოვს არსებული და სამომავლო პერსპექტივის მაქსიმალურად ზუსტ ანალიზს. 
 დავანაწევროთ შემოსულობები, როგორც რაოდენობრივად (თნხობრივი სახესხვაობა) ასევე შინაარსობრივად(შემოსავლის წყაროს გათვალისწინებით). რიგითობა კი განვსაზღვროთ შემოსავლების სიხშირის და სტაბილურობის მიხედვით. მაგალითისთვის
შემოსულობები
(იანვარი)
ხელფასი : 800 ლარი
იჯარა:       500 ლარი        (იჯარა- უძრავი ქონების დროებით გაქირავება, სარგებლობა)
სესხი (სესხის წყარო):   200 ლარი
შემოსავლები ავტომობილის გაყიდვიდან : 5500 დოლარი
...
...                                                                                                         ჯამური შემოსავალი ლარში: 1500
                                                                                                     ჯამური შემოსავალი დოლარში: 5500   

ეს არის თქვენი შემოსულობების აღწერის ყველაზე მარტივი ფორმა , რომლის გაკეთებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და რომელიც გაცილებით ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით საკუთარ შემოსავლებზე ვიდრე ამჟამად გაქვთ.
 რაც შეეხება გადასახდელების ნაწილს. ამ შემთხვევაში უნდა ავღნიშნოთ , რომ რეალურად ფიზიკური არსებობისთვის საჭირო ხარჯები წარმოადგენენ საფუძველს, რომლებიც გვაიძულებენ მოვახდინოთ მინიმალური შემოსავლების ფორმირება ,რომლითაც უზრუნველვყოფთ მათ გასტუმრებას, თუმცა შემოსულობების ზრდაც თავის მხრივ იწვევს გასაწევი გადასახდელების გადიდებას.
 თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის თუ რა არის ჩვენთვის ხარჯი. ეს გახლავთ ყველაფერი ის რაშიც გვიწევს გადავიხადოთ ფული იმისთვის, რომ ვიარსებოთ ან მივიღოთ სიამოვნება. ჩვენ უკვე მოვახდინეთ ხარჯების დაყოფა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორი მიმართულებით. პირველი აუცილებელი ხარჯები  და მეორე გასავლები, რომელთა შემცირება ან სრული შეკვეცა არ გამოიწვევს ჩვენ ფიზიკურ განადგურებას. სწორედ ამიტომ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ახდენს ხარჯის პრიორიტეტულ და მიზნობრივ დანაწევრებას, რაშიც იგულისხმება, რომ ჯერ შემოსავლებს მიმართავს კვების , ბინის ქირის (ასეთი ხარჯის არსებობის შემთხვევაში), კომუნალური მომსახურების, ტანსაცმლის (აუცილებელი და არა მოდური ან ბრენდის) დასაფინანსებლად და შემდგომ ამისა ყიდულობს სხვადასხვა ფუფუნების საგანს.
 ზოგიერთი ხარჯის წინასწარ განსაზღვრა მარტივია, ხოლო ზოგიერთის შედარებით რთული. თუკი თქვენ არ გაქვთ განსაზღვრული კვების რაციონი და გიჭირთ იანგარიშოთ რა ოდენობით მოგიწევთ მომდევნო თვეში ამ მიმართულებით თქვენი ბიუჯეტის გაწერა, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, რომელიც შეეხება საარსებო მინიმუმს (ყოველთვიურს) მიმდინარე ინფლაციის გათვალისწინებით, თუმცა არა მგონია ეს დაგჭირდეთ. ინფლაციისთვის თვალყურის დევნება კი ნამდვილად წაგადგებათ.
 სისტემურად დალაგებულ ხაჯრებს კი შეიძლება შემდეგი სახე მივცეთ
                                                                       ხარჯები
საკვები:  250 ლარი
ბინის ქირა: 500
ახალი ტელევიზორი:1500
...
...
  ხარჯები ჯამში: 2250

 ადამიანის ცხოვრების განუყრელი მოვლენაა რისკი, რომელიც წარმოადგენს შესაძლო არასასურველ შემთხვევათა მოსვლის ალბათობას. არსებობს რისკები რომელთა მიახლოებითი განსაზღვრა შესაძლებელია და ასევე არსებობს განუსაზღვრელი რისკის სახეები.
 რისკების ამოქმედების შემთხვევებისგან მოყენებული ზარალის ასანაზღაურებლად მსხვილი კომპანიები ქმნიან რეზერვებს. იგივე მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ცალკეული პიროვნების შემთხვევაშიც. დარეზერვება გულისხმობს შემოსავლის გარკვეული ნაწილის აკუმულირებას (დაგროვებას).
 რეზერვებიც თავის მხრივ დანიშნულების მიხედვით შეგვიძლია დავყოთ, როგორც მიზნობირივი რეზერვები და გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის ფორმირებული რეზერვები. მიზნობრივია რეზერვი, რომლის დანიშნულება და გამოყენება მკაცრად გაქვთ წინასწარ განსაზღვრული. მაგალითად ქმნით დანაზოგს სპეციალურად ქონების ხელყოფასთან დაკავშირებული ფაქტების დასაფინანსებლად ან ავტომობილის მოსალოდნელი შესაკეთებელი სამუშაოებისათვის. ხოლო რაც შეეხება არამიზნობრივ რეზერვს მისი დანიშნულება მკაცრად განსაზღვრული არ არის.
 ზოგიერთი რისკისის ამოქმედების შედეგად მოყენებული ზარალი იმდენად დიდია, რომ ჩვენს მიერ ფორმირებული რეზერვი ვერ უზრუნველყოფს მის სრულ დაფინანსებას. სწორედ ამ დროს ხდება თვალსაჩინო სადაზღვევო პროდუქტის მნიშვნელოვანი როლი. სადაზღვევო კომპანიები მსგავს შემთხვევებში დიდი მოცულობის დანაკარგების ფინანსურ უზრუნველყოფას ახდენენ, რითაც საკმაოდ გვიმსუბუქებენ მოყენებული დანაკარგის სიმძიმეს. ამიტომაა სადაზღვევო პროდუქტით სარგებლობა აუცილებელი და მიზანშეწონილი.