Tuesday 28 January 2014

ანალიზი (ნაწილი მეორე)

 ცხოვრება ერთობ რთული ფენომენია ერთი შეხედვით, მაგრამ ჩვენ შეცდომას სწორედ აქ ვუშვებთ. მხოლოდ ერთხელ შევავლებთ მას თვალს და ამის შემდეგ უმეტესად, რაღაც ძალით მოჯადოებულნი ვაგრძელებთ უთავბოლო სვლას დროსა და სივრცეში.
 საუბედუროდ ხშირად არც ვიცით რა გვსურს და ამიტომ სული მუდამ შეშფოთებული გვაქვს იმის არქონით, რაც რეალურად გვესაჭიროება. იმის მაგივრად, რომ საკუთარი მე შევისწავლოთ, სხვათა ცხოვრებაში ვეძებთ პირადი გამოცანის პასუხებს. ეს მეთოდი ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ძნელად თუ დაგვეხმარება.
 სათქმელად ყველაფერი ძალიან მარტივია და ეს მაიმედებს. არ მგონია ვინმე მოვიდეს და ჩემი გასაკეთებელი საქმე, ჩემს მაგივრად, ჩემზე უკეთ გააკეთოს. შესაძლოა ამის ილუზია ჰქონდეს კიდეც ვინმეს, მაგრამ ფუჭი იქნება იგი, რადგან ერთი კაცის ცხოვრების გზა რამდენიმე კაცის მიერ არ გაივლება. ყველას თავისი წილი ჯვარი აქვს სატარებელი.
 სავარაუდოდ განსაცდელი, რომელთა სიმცირეს არცერთი მოაზროვნე სულიერი არ უჩივის, სწორედ საკუთარი თავის შეცნობის მიზნით მოგვევლინება ("ის რაც არ გვკლავს გვაძლიერებს"). ყოველი დაბრკოლება მოიცავს ისეთ ნაწილს, რომელიც გვაიძულებს გადავხედოთ, გავიაზროთ და გავაცნობიეროთ აწ უკვე  განვლილი გზის ხარისხობრივი მაჩვენებლები. შევისწავლოთ, გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები და ის თუ რამ მიგვიყვანა არსებულ შედეგამდე. ასევე აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ უნარები, რომელთა საშუალებით აღმოვფხვრით პრობლემას.
 სამწუხაროა, მაგრამ ის რაც ერთი შეხედვით ლოგიკურია წარმოსახვისას, ერთობ რთულ ფაქტორად გარდაიქმნება "სტატუს კვოში" და მისი განხორციელება ჭირს. დღევანდელობაში ხშირია პრობლემათა წინაშე ქედის მოხრა და დანებება. ჩვენ თითქოს გვიჭირს ვიპოვოთ ის ძალა, რომლის საშუალებითაც გამარჯვებას ვისწავლით. მას სადღაც შორს, არა ჩვენში არამედ სადღაც სხვაგან ვეძებთ და სწორედ ამიტომ ვერ ვპოულობთ.
 აი აქ და ამ დროს კი მახსენდება ილია-"რა გითხრათ!? რით გაგახაროთ?!"...