Monday 29 December 2014

ჩემი ამბავი (ნაწილი პირველი - მაღვიძარა)

ყველაფერი იმ კვირას დაიწყო დეკემბრის სუსხიანი დილა, რომ უნდა დამდგარიყო, მაგრამ ავის მომასწავებელი სითბო ადნობდა არარსებულ ყინულს ქალაქში. მზეც ცინიკური ღიმილით მიტორტმანობდა ლურჯ ფერში და არაფრით გავდა ეს დღე იმ დღეს, რომელსაც ველოდი არც თუ ადრეულ ზამთარში.
 მოკლედ მომიწია კვირა დილით ადრე ავმდგარიყავი, რადგან წინა დღით მაღვიძარას გათიშვა დამავიწყდა, რაც აშკარად „არიფის“ ქმედებას გავდა, მე კი არ მინდოდა ეს ეჭვშეუვალი ჭეშმარიტება მეღიარებინა და ვიჯექი ასე, თვალებდაჭყეტილი ნახევრად ძილბურანში მყოფი. ჩემი მაღვიძარა კი საწოლიდან 5-იოდ მეტის მოშორებით არხეინად უბერავდა ტრინ ტრინნ ტრინნ-ის საოცარ კომპოზიციას (შეგნებულად ვდებ ამ მანძილზე, ადგომა რომ მომიწიოს თორემ განვლილი პრაქტიკა მაძლევს საბაბს ვიფიქრო თუ მაღვიძარა საწოლიდან ჩემი ხელის სიგრძის ტოლ მანძილზეა იგი თავის ფუნქცია დანიშნულებას კარგავს) და გაჩერებას არაფრით არ აპირებდა. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე მოდი ამ არამზადას ბალიშით ჩავაწყვეტინებ ხმას თქო, (და ის სცენა წარმომიდგა ერთი ძველი ფილმიდან - ახალგაზრდა ბიჭი სახეზე ბალიშს აფარებს მსხვერპლს და მაყუჩიანი იარაღით ესვრის) მაგრამ უბალიშოდ დარჩენის რისკი უფრო დიდი იყო ვიდრე მაღვიძარას ამ გზით გაჩერების. 
 საბოლაო ჯამში ავდექი კვირას 8 საათსა და 5 წუთზე. არც თუ ისე მშვიდად გამოვრთე ჩემი უბედურების წყარო და ჩემდა უნებურად წამოვიწყე ფიქრი იმაზე თუ რამდენი რამე გიშლის ხელს რეალურად ცხოვრებაში თუნდაც მცირე მიზნების მიღწევაშიც კი.
 „თავიდან და შემდეგაც ეს ასაკია, პერიოდი როდესაც ყველაფრისთვის პატარა ხარ. ფრაზა რომელიც ყელთან არის მობჯენილი და გაღრჩობს „ ეს შენთვის ჯერ არ შეიძლება , გაიზრდები და ...“ ეს მაგიური გამოუცნობი სურვილი , რომ გაიზარდო და მართო, წარმართო შენი ცხოვრება ისე როგორც შენ გინდა და როგორც გაგიხარდება, თუმცა იზრდები მხოლოდ, პირველს კი არაფერი შველის.
 აღმოჩნდება , რომ ასაკს თან თავისი სხვა დაბრკოლებები მოსდევს. ჯერ ერთი შენ ფული უნდა გამოიმუშავო და თუ სასწაულის წყალობით იგი საკმარისია შენთვის აღმოაჩენ , რომ ფულს თან ძალაუფლებაც უნდა დაუმატო, რათა გარკვეული სივრცეები და კარები გააღო. გაიგებ თუ როგორ იზრდება შენი მოთხოვნილებები პირამიდის მსგავსად და სადღაც წვერში ისეთ რამეს მოგიჩმახავს შენივე „ეგო“ გაკვირვებისგან პირს დააღებ. 
 რაღაც ეტაპზე (ან ყველა ეტაპზე ერთი და იგივე, შესაძლოა სხვა და სხვაც) მოგინდება ოცნების გოგონა, რომელიც ან სხვისია ან კიდევ შენ მოპირდაპირე კორპუსის კედელზეა ბილბორიდის სახით გამოჭიმული. შენ მაინც იწვალებ, იპოვი და იბრძოლებ, თუმცა - ჰოი კიდევ ერთი საოცრება - ოცნების გოგო სულაც არ ყოფილა საოცნებო და მანდვე დაეჭვდები ეგებ ის დისტანცია სულაც არ დამერღვია, დამეტოვებინა რომ ოცნება მაინც დარჩენილიყო ოცნებადო, მაგრამ ეგეც არაფერი მალე სხვა ოცნების გოგო გამოჩნდება, რომელიც ასევე არ აღმოჩნდება ის ერთადერთი თუმცა იმედს მაინც იტოვებ , რომ იპოვი და მართლაც იპოვი. გაგიჩნდება შვილები რომლებიც დაგავიწყებენ შენ პირად მისწრაფებებს და შეუერთებენ თავისას შენს მიზნებს, ფიქრებს, აზრებს და ზოგადად ყველაფერს.
 გაივლის ის პერიოდი ერთხელ ნაბოძები და საბოლაო ჯამში იტყვი იმას რისი თქმაც გინდოდა ოღონდ ჩუმად ისე , რომ არავინ გაგიგოს რადან ამას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა.“

 ის კვირა დილა იყო ადრე რომ გამეღვიძა ჩემივე გამოუსწორებელი შეცდომის გამო და ჭოლას შესანიშნავი ეტიუდის ტიპის გამოსვლა ვნახე youtube-ის ვიდეობის პორტალზე გადაცემა „ჩაის თემაში“...