Sunday 14 July 2013

"დილის აერობიკა"

 სამსახურში მისვლამდე 15-წუთით ადრე, ჩვევად მაქვს ქალაქის შუაგულში მდებარე პატარა პარკში შევისვენო. პარკში სიგრილეა და ამავდროულად დატვირთულია ისეთი ტიპის სანახაობებით, რომელიც ჩემი აზრით არ უნდა დაიკარგოს და სასურველია მომავალ თაობებს გადაეცეს ყოველგვარი შელამაზების თუ შესწორების გარეშე (ისტორია კი თავისი არქივებით, ნამდვილად არ წყალობს პარკში "დროის მომკვლელთა" საზოგადოებას).
 9:40-ზე წითელ ფორმიანი დამლაგებლები , დიდი თეთრი წარწერებით (ეს ალბათ ისეთ ფსიქოლოგიურ ფერთა შეხამებაა, სამუშაო განწყობა, რომ უნდა შეგიქმნას) "სუფთა ქალაქი", უკვე ამთავრებენ თავიანთ საქმეს. სიამაყით აკვირდებიან გარემოს და საკუთარი ღვაწლის სიდიადის წარმოდგენაც კი უჭირთ (ეს მათ აღიბეჭდება თუ კარგად დააკვირდებით). დიახაც! რომ არა ისინი, ბინძურ დედამიწას "რა თვალით შეხედავდნენ" მეზობელი პლანეტები მხოლოდ ღმერთმა უწყის (ისე ახლაც უკვირთ, ამდენი არა ჯანსაღი გამონაბოლქვის შემდეგ, როგორ არ უჩნდება ფილტვების ან ყელის კიბოო, თუმცა ვინ იცის რა სენი აქვს შეყრილი ამ პასიურ მწეველს...). ოდნავ უცნაურ შეგრძნებას მარტო ის ფაქტი ტოვებს, რომ სისუფთავის დამცველები თავად არც ისე სუფთად გამოიყურებიან. ეს იცით რას გავს? - სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, ცოცხლად დარჩენილ მეომრებს ტანსაცმელსა და აღჭურვილობაზე, რომ შერჩენიათ მძიმე "შეტაკების" კვალი.
 ძვირფასო დამლაგებლებო! დაე თქვენი მარჯვენის მეოხებით მუდმივად "კრიალებდეს" ჩვენი ქალაქისა და პლანეტის მთლიანი ტერიტორია თუ არა დიდი ნაწილი მაინც!
 9:45-ზე არაფერი შეცვლილა პარკის ერთ-ერთ სკამზე (მისთვის საწოლზე) ჩაძინებული მოქალაქისთვის. ისე მართლა საინტერესო შემთხვევაა, რადგან ერთი შეხედვით ვერ მიაკუთვნებ იმათ კატეგორიას, ვისაც ასეთ პირობებში უხდებათ ძილი. ამ კონკრეტული შემთხვევის მიზეზი ან დიდი დოზით ალკოჰილი, ან გაბრაზებული ცოლია, ან ორივე ერთად.
 ჩვენ გმირს სკამის ძელზე, პირით ქვემოთ სძინავს და ცხვირი ხის მაგარი ზედაპირის გამო სახეში აქვს შეჭყლეტილი, სწორედ ამიტომ სუნთქვა უძნელდება და "გაჭირვებით" ცდილობს გვერდი იცვალოს, თუმცა თავს ვერაფერს უხერხებს და ისევ ძველ პოზიციას უბრუნდება. ასე მეორდება იგივე პროცესი 30 წამიანი ინტერვალით დაახლოებით 3-ჯერ. ბოლოს ნებდება ჟანგბადის მიწოდების აუცილებლობას ორგანიზმი, თან იღლება ამდენი წარუმატებელი მცდელობით და ჰაერის მიწოდების ალტერნატიულ გზად პირის ღრუს ირჩევს. ღია პირით კი დაკვირვების ობიექტი, მისდა უნებურად ლოკავს ურიცხვ საჯდომთა მიერ "სტერილურად მოხეხილ" სავარძელს (იცოდეთ ანჩხლო ცოლებო სად უშვებთ და რისთვის წირავთ საკუთარ ქმრებს. ასეთ დროს "ჭეშმარიტად" პრინციპული და ამავდროულად მზრუნველი მეუღლე მოხარულიც კი უნდა იყოს თუ მის ქმარს, რომელიმე სხვა მანდილოსანი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე, თბილ კერას გაუზირებს და ააცდენს ამგვარ განსაცდელს). არაფრით სასიამოვნო სანახაობას სწრაფად ვარიდებ თვალს, თუმცა ის აზრი, რომ გარეთ ძილი ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნოა, თავიდან ავტომატურად მივარდება.
 9:50... დღეს საქმე საკმარისზე მეტი მაქვს... ეს სასიამოვნოა... მშვიდად ვეთხოვები ბუნებრივ სიგრილეს და ხელოვნურად იმიტირებულ მის ანალოგში ვინაცვლებ...

No comments:

Post a Comment