Wednesday 17 July 2013

ქალაქის ხმაურს ემსხვერპლა ბავშვი

ქალაქის ხმაურს, ემსხვერპლა ბავშვი...
შიშით გაზარდეს, არიდეს ქუჩას
გადაუმტვრიეს ის ხერხემალი
თავისუფლებას ხიდად, რომ უდგას.

უკვე წირავენ სკოლის კვარცხლბეკზე,
„დედიკოს ლექსებს“ შემკრთალი ამბობს,
სუნთქვას თუ არა? სუნთქავს თუ არა?
აქ არვინ იმჩნევს... აქ არვის ახსოვს...

აჰა მოვიდა წელი დიდების,
უნივერსიტეტს ახვევენ თავზე,
მიმართულებას ირჩევს „მამიკო“
შვილი ვერ ამბობს კვლავ თავის სათქმელს.

გადაუარა ყველა საფერხურს
ზოგსაც ოჯახმა გადაატარა,
ხარისხებს ვერ თვლის, თუმცაღა რაც სურს,
არ ღირსებია... არა... აღარა....

ცოლი? რა ცოლი მას შეურჩიეს
ოჯახის შვილი, ბებოს რჩეული,
ქალი უღიმის, ქალსაც უღიმის,
და მაინც იგი არს დაბნეული.

შვილი ყავს უკვე, თან არა ერთი,
ცოლიც ფუსფუსებს, დიდ-მყუდრო სახლში
ერთი შეხედვით ეს იდილია
ვარსკვლავებს მოწყვეტს და შემდეგ დათვლის.

ცაზე ღრუბელმა, შავად, მზაკვრულად,
დაიღრიალა და ელვად ინთო,
ეს ჩვენი გმირი თავის მანსარდში
თავ-ჩამომღრჩვალი, პირღია თითქოს...
ეკითხებოდა, ვიდრე დამარხეს,
მე რა ვიყავი? ან ვინ ვარ ახლა?
პასუხად მხოლოდ, წვიმის წვეთების
ჩუმი ხარხარი, ხშირ-ხშირად ატყდა...

No comments:

Post a Comment