Saturday 13 July 2013

ვათავისუფლებ წარმოსახვას

 ჩამოიღრჩო თავი ძილმა, გარეთ კი წვიმა არ ეშვება სახლის სახურავს... აღარ მინდა ვიფიქრო, მაგრამ არ მეშვება, ვერ ისვენებს ოხერი გონება... ვათავისუფლებ წარმოსახვას და აჰა გავცდი უკვე ჩემი ოთახის კედლებს... 
 ვმოძრაობ ასე სინათლის სიჩქარით და დედამიწას უკვე რამდენგზის ვუვლი გარსს აღარც კი ვიცი... კოსმოსის სიმძიმე მაწვება უცებ მთელი ძალით და ვეშვები, ვდუნდები, თორემ ტვინს გამიჭყლეტს უეჭველად...
 სამყაროს ისეთ ფორმას ვაძლევ, რომ ადვილად მოვირგო დილით ადრე, გაღვიძებულზე... ბუნდოვნად მესახება საერთოდ დილა, თუმცა ვერ აღვიქვამ ამას პრობლემად, რამეთუ ჩემ მიერ ფორმირებულ სამყაროში არ შეიძლება პრობლემა არსებობდეს...
 მკვდრები, ცოცხლები დააბოტებენ და თელავენ უსასრულო ბილიკებს... ფრთების მოქნილი მოძრაობით ცურავენ ზემოთ თევზები... ლურჯი ფერის ცაზე დავაბიჯებ და შესაფერ ადგილს ვეძებ, რათა რომელიმე მსუქან-ფარფლიან ფრინველზე ვინადირო... 
 აქ არც მანქანები არიან და საერთოდ არაფერია რაც გარემოს დააბინძურებს... დრო მხოლოდ და მხოლოდ უკვდავების ტბისაკენ მიემართება, იქედან უკან, ჩვენთან...
 ხელახლა ვაიძულებ გონებას არაფერზე კონცენტრირდეს და ამჯერად ამას უფრო წარმატებით ვახერხებ... 
 დილით ვგრძნობ, რომ სიამოვნებით მოვკლავდი მას ვინც მაღვიძარა გამოიგონა...

No comments:

Post a Comment