Friday 5 July 2013

"ლინგვისტი ქვეშემრდომი"

ზაფხულია... ასე 12 საათი იქნება და მეც ჩემი კომპიუტერის წინ ვზივარ ჩემსავე სკამზე (სამსახურში). ხალხის ტალღა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ ეხეთქება შემოსასვლელსა და გასასვლელს. საკმაოდ მოსაწყენი გარემოა და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ შევამჩნიო რამე ისეთი, რაც ოდნავ მაინც გამომიკეთებს გუნება განწყობილებას. სწორედ ასეთ დროს ვამჩნევ იმას რასაც ვეძებდი და ყურადღების ფოკუსირებას მასზე ვახდენ...
 „ხელების საოცარი მოძრაობა, ჰაერს ლაღად, ნაზად არხევს და ლივლივებს მასში, როგორც კამკამა წყალში თევზი ან ნიავში, რომელიმე ჩიტის მსუბუქი ბუმბული.
 ეს მშვენიერია და ერთი შეხედვით წარმოუდგენელიც, თუ რამდენად მეტყველი შეიძლება გახდეს პანტომიმა განსაკუთრებით იმ დროს, როცა შენი მენეჯერი თავზე დაგყურებს და შენ კი ვალდებული ხარ ინგლისურის ცოდნა გამოამჟღავნო. სხვა გზა აღარ რჩება კონსულტანტს და ისიც იწყებს პრეისტორიულ როკვას, რომლის საშუალებითაც პირველყოფილი ადამიანები კომუნიკაციას ახერხებდნენ ერთმანეთთან. ეს უძველესი მსოფლიოს ენაა, ეს უფრო მეტია ვიდრე ვერბალური მეტყველების შეზღუდულ ფრაზათა ერთობლიობა და აქაც, იგი კვლავ იმარჯვებს კაცობრიობის ყველა პროგრესზე, რამეთუ კლიენტმა ყველაფერი გაიგო, მენეჯერიც კმაყოფილი დაჰყურებს თავის „ლინგვისტ ქვეშემრდომს“ და მაღაზიაც კვლავინდებურად აგრძელებს მუშაობას.
 გულში ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემი საქმე. აქ შეუძლებელია დიდი ხნით დარჩე მოწყენილი...“

 ზაფხულია... საღამოს 7 საათი... სამსახურიდან გავდივარ და უკვე ვიცი თუ რას მოვყვები „ლუდის სმის საღამოზე“...

No comments:

Post a Comment