Friday, 28 June 2013

დრო რომელსაც არ ვიცნობთ (ეფუძნება არგუმენტირებულ უტოპიას)

 წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე, წელი, საუკუნე... დრო მუდამ მოძრაობს და მხოლოდ ერთი მიმართულებით. იგი სივრცეში იშლება და სივრცესაც საკუთარ თავში შლის. მისი პირობითი აღნიშვნებით ჩვენ ვცდილობთ გარკვეულწილად განვსაზღვროთ „მოცულობა“, „მასა“ ან „წილი“, რომელიც გვერგება ხანმოკლე თუ ხანგრძლივი არსებობისთვის.
 დედამიწის წრიულ მოძრაობას მზესთან მიმართებით ვაკავშირებთ „რეალური“ დღისა და ღამის ურთიერთ ჩანაცვლებასთან. ამ პერიოდების დინამიურ სახეცვლილებას კი საათობრივ სისტემას ვარგებთ. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი იმიტაციაა გარკვეული ტიპის ილუზიის შესაქმნელად, რაც რამდენადმე „განსაზღვრულობის“ შეგრძნებას აჩენს და სიმშვიდის გარანტად იქცევა.
 სინამდვილეში  ჩვენ წარმოდგენაც არა გვაქვს რამდენს ვხარჯავთ, ვფლანგავთ ან ვიყენებთ.  დრო არც ბევრი და არც ცოტა სახით არსებობს. იგი იყო, არის, იქნება. მას ახასიათებს მუდმივი „გადინება“.
 სიტყვები გუშინ, დღეს, ხვალ არაფრისმთქმელია. შენი არსებობა რაღაც უცნობი, კონკრეტული და ინდივიდუალური მომენტით შემოიფარგლება, გადაწყვეტილება და მოქმედება კი მკაცრად შემოსაზღვრულია უხილავი კედლებით.
 როდესაც ვამბობთ „მე ამას ხვალ გავაკეთებ“ ყველა ვიჯერებთ, რომ საქმე ერთი დღით გადავდეთ, თუმცა ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, რამდენად დიდი პერიოდია ერთი დღე. მით უფრო დედამიწაზე დაფიქსირებული გარკვეული მწერების სახეობები მხოლოდ, რამდენიმე საათს ცოცხლობენ. შესაძლოა რამოდენიმე საათი მათთვის, გაცილებით მეტი პირობითი წელის მომცველი იყოს ვიდრე ჩვენი ერთი საუკუნეა.
დროის ხანგრძლივობა სინამდვილეში ჩვენივე მოგონილი განსაზღვრული ერთეულების რაიმე კონკრეტულ ციფრზე არ არის დამოკიდებული. დარწმუნებით ვერ იტყვი ვინ უფრო მეტი იცოცხლა მაშინაც კი, როცა ზუსტად იცი ორი ადამიანი გარდაცვალებისას რა ასაკისანი იყვნენ. თუ ერთმა 79 პირობითი წელი იარსება და მეორემ 100, მაინც ვერ იქნები დარწმუნებული ვისი არსებობის პერიოდი იყო მეტი. მაგალითად თუ ჩვენ საათის განმავლობაში იმ აქტივობების რაოდენობას გავზრდით რაც ზოგადად მიღებულია ეს გარკვეულწილად დროის მონაკვეთის გაზრდაც იქნება. ანუ ჩვენ დროს ვიყენებთ იმის განსასაზღვრადაც თუ რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია გარკვეული პირობითი ერთეულის მოქმედებისას. რაც უფრო სწრაფი ვარ მით უფრო „იწელება“, ხანგრძლივდება ჩემი დრო.
 საბოლაო დასკვნა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა არ განისაზღვრება დროის პირობითი მონაკვეთით, რომელიც ზოგადად არის მიღებული. რეალურად იგი იმ აქტივოებების რაოდენობაზეა დამოკიდებული რომელიც არსებობის პერიოდში დავაფიქსირეთ.

No comments:

Post a Comment