Thursday, 27 June 2013

სუიციდის მცდელობა და „საზოგადოება“ (ეფუძნება ძველ მოგონებას)

 ერთხელ ვნახე ქუჩაში, გზის პირზე ჩამომჯდარი კაცი, როგორ აცალკავებდა მარცხენა ხელში დაჭერილი მინის ნატეხით მარჯვენა ხელზე, სისხლით დაბერილ ვენებს. ასაკისთვის შეუფერებელი სურათი საოცარი სიცხადით შემოინახა მეხსიერებამ, თუმცა ასეთი რამის არდამახსოვრებაა უფრო რთული ვიდრე პირიქით.
 „მუქი და ბლანტი წითელი ფერით მოთხვილი ასფალტის სუნი გულს მირევს ოდნავ, სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა. როგორც სვავები შემოიკრიბებიან განწირული ცხოველის ლეშთან, მსგავსად ამისა ადამიანთა მცირე ჯგუფი უცებ შეგროვდა თვითმკვლელის ირგვლივ. ნაწილი განიკითხავს, ნაწილი ანუგეშებს ხოლო სხვები ჩემსავით უბრალოდ ინტერესით აკვირდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სასწრაფო დამხარების მანქანა თითქოს შეგნებულად იგვიანებს, რათა ისტორია უფრო მძაფრი და „შთამბეჭდავი“ გამოვიდეს.
 კარგად თუ დააკვირდები, ნათლად დაინახავ მბზინავი სისხლის წვეთები, როგორ ეცემა მტვრის ხალიჩაზე და ამგვარი შერწყმის შემდეგ უცნაური მოყვანილობის ფიქურად გარდაიქმნება. ამაღელვებელი და შემაძრწუნებელია „ხელოვნების“ ეს მიმდევრობა. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ იგი ადამიანთა ფართო მასებში გავრცელდეს...
 ერთფეროვანი კითხვების მთელი წყება, სტაბილურად აქტიური ვულკანის ლავასავით გადმოიღვრება შიგადაშიგ. „ოჯახი თუ ჰყავს?“... „ნორმალური ხარ საერთოდ?“... „ამას, რომ ჩადიხარ ღმერთის არ გეშინია?“... რაღაც ჩემთვის ამოუცნობი რიტმულობით იმეორებენ ასეთ „მნიშვნელოვან“ შეკითხვებს. დარწმუნებული არა ვარ, რომელიმე კითხვის ავტორს, პასუხი საერთოდ თუ ანაღვლებს.
 როგორც იქნა სასწრაფომ მოაღწია. საოცარი გამძლეობა და სისხლის აშკარად ჭარბი რაოდენობა, რომ არა შესაძლოა სუიციდის მცდელობა, მხოლოდ მცდელობად არ დარჩენილიყო.“

 საუბედუროდ მთელი ნახევარი საათით დავაგვიანე იმ დღეს სკოლაში, თუმცა გასაგებ მიზეზთა გამო მალევე წამოვედი სახლში, მომდევნო კვირა კი მთლიანად გავაცდინე. ნანახის სიმძაფრე გაცილებით გვიან გავაანალიზე...

No comments:

Post a Comment