Monday 3 June 2013

ზღვა

 არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად ოდნავ მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ გარემომცველი სამყაროს ცალკეულ ელემენტებს...
 ჩემ შემთხვევაში ასეთი ელემენტები მუდმივად იცვლიან ფორმასა და მდგომარეობას, რაც ხასიათის არამდგრადობის აშკარა ნიშანია, თუმცა ეს არაფერი.
 როდესაც გარკვეულ ასაკს აღწევ და შენში დაგროვილი განვლილი წლების „გამოცდილება“ გამოაწრთობს შენეულ ხედვას მიმდინარე, განვლილი და წინ გასავლელი მოვლენების მიმართ, გსურს თუ არ გსურს იწყებ ასოციაციებით აზროვნებას. გულწრფელად, რომ ვთქვა ვერ დავიჩემებ ამ მოსაზრების განზოგადებას, რამეთუ პირადი მაგალითი მომყავს. ყველაფერი კი ასე დაიწყო...
 პირველად მე ვიხილე წყალი უსაზღვრო, უძირო და შთანმთქმელი ვითარცა ცხოვრება... დავუძახე სახელი და მან სიჩუმეში მოტივტივე მრავლისმეტყველება წარმოშვა პასუხად. დავიძაბე... მივხვდი ჩვენ ერთნი ვიყავით იმწამს თუმცა მე არ შემეძლო დამეტია იგი, მას კი შეეძლო სამყაროს უსასრულობამდე შეეფარებინა მთელი კაცობრიობა... სუნთქვა შევიკარი და მარილიან, თხევად სასწაულს შევურიე დაჭიმული სხეული... შევიმეცნე სადამდეც შევძელი და ჰაერს დანატრებულმა ამოვყვინთე... ჟანგბადის ნაკადი ხარბად შევისუნთქე... ღელვას მივნებდი... რა სიფრთხილითაც ახალშობილ შვილს ეპყრობა დედა იმდაგვარადვე მიფრთხილდებოდა ზღვა, რადგან ერთდროულად მიყვარდა და მეშინოდა მისი...
 დღემდეა ჩემში გაუნელებელი სითბოს შეგრძნება იმ პირველი შეხვედრის შემდეგ წარუშლელ კვალად, რომ დაეტყო სულს. ახლა კი, როგორც ძველ მეგობარს, ვაკითხავ ხოლმე და უტყვად ვსაუბრობთ უსასრულობაზე...

No comments:

Post a Comment