„და იქმნა ნათელი“ - კოსმიურ სივრცეში მომზადდა, ჩაისახა და გაჩნდა საარსებო გარემო, რომელსაც უნდა გამოეკვება, სამყაროს ჩვენთვის ნაცნობ ისტორიაში, ყველაზე კეთილშობილი არსება სახელად - ადამიანი. ადგილს, სადაც ჩვენი რასისთვის საციცოცხლოდ ხელსაყრელი ელემენტების უცნაური დამთხვევა მოხდა, პირობითად მზის სისტემა ვუწოდეთ ხოლო მოკრძალებულ, მომწვანო-მოლურჯო ფერის პლანეტას კი დედამიწა. სახელწოდების პირობითობა იქედან გამომდინარეობს, რომ არავინ უწყის რეალურად შემოქმედმა, როგორ მოიხსენია (მოიხსენია კი საერთოდ?) საკუთარი ნამუშევარი შექმნის პირველ წამს ან შემდეგ (ახლა რას უძახის ისიც არ ვიცით).
თანამედროვეობაში მცხორებთა უმრავლესობა ვერც კი ამჩნევს, რამდენი ფაქტორის სინთეზია ის ყოველდღიურობა, რომელშიაც ჩვენ ასე აუღელვებლად ვმოძრაობთ, ვერ აცნობიერებენ თუ რა ოდენობის რთული პროცესი ემსახურება სასიცოცხლო ციკლის შეუქცევად უწყვეტობას. სწორედ, ამიტომ ადამიანები ინარჩუნებენ სიმშვიდეს და ბედნიერების იმგვარ ილუზიას იქმნიან თითქოს საკმარისად მცოდნენი არიან, თითქოს გეგმავენ რაღაცას ან საერთოდ აქვთ შესაძლებლობა რაიმე დაგეგმონ.
მიმდინარე პერიოდში ცალკეული ბედნიერების საზომად შეგვიძლია ავიღოთ ის თუ რამდენად უვიცია კონკრეტული პიროვნება და რამდენად ფლობს უნარს შესაძლო, ალბათური და უეჭველი მოვლენების იგნორირება მოახდინოს (იშვიათ გამონაკლისთა გარდა). ამიტომაცაა, რომ სულელები უფრო ძნელად ეგუებიან ცვლილებებს, რადგან კითხვებისა და პასუხების ძიების ამბიცია არ აქვთ. ისინი ვერ შეიგრძნობენ სიახლეთა დადებით და უარყოფით ასპექტებს. მით უფრო, რომ მათი მთავარი „საკვლევი თემა“ მხოლოდ „ყოველდღიური საარსებო მინიმუმით“ შემოიფარგლება და იშვიათად თუ გასცდება ამ „ჯადოსნურ წრეს“. ისინი მედლის მხოლოდ იმ მხარეს ხედავენ, რომლის დანახვაც თავად სურთ და რომელსაც მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები გაწვდება...
შესაძლოა ვიღაცამ გამოთქვას მოსაზრება, რომ ზემოთ მოყვანილი მსჯელობით ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვინც ცდილობს და რამდენადმე ახერხებს კიდეც გაიაზროს სამყაროს რთული ბუნება, აუცილებლად უბედური უნდა იყოს. არა ეს ნამდვილად არ არის ასე, უბრალოდ ასეთი პიროვნებების ბედნიერება გაცილებით მყარ საძირკველზეა დაშენებული ვიდრე იმათი ვისაც საკუთარი უმეცრებით თვალებზე ხელი აუფარებია და ყურები დაუცავს, რამეთუ ცოდნა და წვდომა წარმოშობს არჩევანის შესაძლებლობას. არჩევანის რომელიც საშუალებას გაძლევს გეშინოდეს ან საპირისპიროდ ამისა აღფრთოვანდე იმ სასწაულით, რაც ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს ჩვენგან დამოუკიდებლად სდევს თან.
No comments:
Post a Comment