Sunday 16 June 2013

წვიმა ჩვენ გულში

 მოპირკეტებულ ეზოში  ფილებს წვიმის წვეთები რეცხავს. საღამოს პირია. დაახლოებით ერთ საათში სიბნელე გამეფდება პატარა ქუჩებში. ლამპიონების იმედი თუ გექნება ამის შემხედვარეს.
 ბებერი ჭადარი ფოთლებს აშრიალებს მისდა უნებურად, თორემ ახლა ვინ რას ეკითხება უკვე დაკოჟრილს და გასაცოდავებულს. წვიმაც ნიავს ერევა და ქოლგა ვეღარაფერს შველს ახალგაზრდა ქალბატონებს. სულ გაიწუწენ და ანერვიულდნენ. ანაც რა ადარდებთ, ისევ გაშრებიან, ჯერ სულ ნორჩები არიან. თანაც ხალხი ისეთი სისველიდან გამოდის მშრალი და ისეთი ტალახიდან სუფთა, ზეციური წვიმა რა მოსატანია საერთოდ მაგათთან.
 მოხეტიალე კატები წყლიანი თვალებით გამოხატავენ საყვედურს. აბა კნავილს რა აზრი აქვს?! კაცის არ ესმით კატისას ვინ რას გაიგებს.
 ნაგვის ურნაში მოფუსფუსე კაცი მშვენიერ კონტრასტს ქმნის მის გვერდით ჩავლილ-"მსუქან ბიძიასთან", რომელმაც წითელზე გაიარა თავისი ძვირფასი მანქანით. ალბათ ეს ავტომობილი 2 წლის განმავლობაში გამოკვებავდა მათხოვარს და არა ერთს.
 ბოლოს და ბოლოს გარეთ ისე გაწვიმდა ვეღარაფერს ვეღარ გაარჩევ. მგონი ჯობს ბურუსში და გაურკვევლობაში ცხოვრება, თორემ ეს რეალობა ბოლოს ისე მოგიღებს ვერც კი გაიგებ საიდან მოგიქნია ცელი მსახვრალმა ამა ქვეყნისამან...

No comments:

Post a Comment