Monday 14 October 2013

ცოტა რამ "ლიტერატურულ ქმნილებაზე"

  რა არის საჭირო იმისთვის რომ ნაწერს ჰქონდეს მკითხველისთვის სასიამოვნო მხატვრული იერი? ან როდის და რატომ ვიწყებთ წერას? როდესაც ეჭვი გვეპარება თუ პირიქით, როდესაც არსებულს გრავიტაციის არნახული სიმძიმით შევიგრძნობთ?  
 მე თუ მკითხავთ „ლიტერატურული  ქმნილება“ ლამაზ მელოდიას უნდა მიემსგავსოს, რომელიც თავის წარუშლელ კვალს ტვიფრავს მსმენელის(მკითხველის) სულში. მისი ყოველი გაჟღერება გაბრწინება უნდა იყოს... უნდა იყოს სინათლე უსინათლოთათვის, წყალი მწყურვალთათვის და შვება მომაკვდავთათვის. სამყაროში ერთი და ერთში ყოველი...
 განაპირობებს თუ არა ნაწარმოების ხარისხს მისი მოცულობა? - რა თქმა უნდა არა. ნებისმიერი სისულელის განვრცობა უფრო ადვილია ვიდრე „სწორად“ ჩამოყალიბებული ნააზრევის გადმოტანა ფართო მოცულობით. ზოგიერთის ერთი წინადადება მეტს იტევს და ამბობს ვიდრე სხვათა ათტომეულნი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთეულ გენიებს შეუძლიათ გამოხატონ სათქმელი ზუსტად იმდენი სიტყვით, რამდენითაც „ჯერ არს“...
 სტილი? - სტილით ვახდენთ ნაწარმოების იმგვარ წყობით ვიზუალიზაციას, რომ შესაძლებელი გახდეს კონკრეტული მწერლის იდენტიფიცირება. ის ნაშრომის ყველაზე ინდივიდუალური და ფაქიზი შემადგენელია. სტილი ავტორის ფაქსიმილიაა. ასევე იგია ბილიკი, ჩვენს მიერ არჩეული, მკითხველამდე მისასვლელად. ეს ნიშნავს გქონდეს შენი სამოსი (კარგი ან ცუდი) და შესაბამისად მას იცვამდე მოხდენილად ან პირიქით...
 სად ჩანს ხელნაწერში (ნაბეჭდში) სული? რა არის მასში ფასეული და რას უნდა მიექცეს ყურადღება? - ეს არის თემა, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის დამოუკიდებელია. კარგი ნაწერის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მას თანაბრად გასდევს არსობრივი დატვირთვა და ამით, შენ მკითხველი არჩევანში თავისუფალი ხარ, რამეთუ შეგიძლია იპოვო ის რასაც ეძებ, როგორც დასაწყისში ასევე ნებისმიერ სხვა ადგილას...

 და მაინც რა ქმნის ნაწერს დაუვიწყარს? - მხოლოდ და მხოლოდ მკითხველი... 

No comments:

Post a Comment