Thursday 17 October 2013

ფეხები და გზა

 გარეთ გავდივარ... მზის შუქი ისედაც გაღიზიანებულ თვალებს მეტად და მეტად მიღიზიანებს. ცრემლი მდის თუმცა „სელპაკი“ ჩემთანაა და არაფერი მაშინებს. იმ იღბლიან შემთხვევას კი უკვე აღარ ველოდები, რეკლამაში როგორც აჩვენებდნენ (მე ჩემი ისტორია მაქვს უკვე). გოგონა ლამის სრულყოფილი ფორმებით შემზარავი დაცემინების ზღვარზეა, ამ დროს კი ახალგაზრდა ყმაწვილი „სელპაკის“ მიერ წარმოებულ სალფეთქს მოკრძალებით ააფარებს პირდაპირ ცხვირის ნესტოებზე და ვირუსის გავრცელების პრეცენდენტს არ უშვებს. ეკრანზეა საოცარი რომანტიკა და იმედისმომცემი პერსპექტივა უაზროდ თუ უზომოდ ბედნიერი ურთიერთობისა. ზოგჯერ განსაკუთრებით რთულია ნათელი აზრის დანახვა, თუნდაც ჩვენ ცხვირწინ იყოს ის.
 თავს მაქსიმალურად ღრმად ვხრი საკუთარი მკერდისკენ და გზას ასე ვაგრძელებ. ძირითადად ადამიანების ფეხებს ვხედავ. ზოგი ლამაზია ზოგი არა. ასე მარტივად ვახდენ მათ დაჯგუფება გადაჯგუფებას. ლამაზი ფეხები მარტო მანდილოსნებს აქვთ, თუმცა ყველას არა, რაც საკმაოდ სამწუხარო ფაქტია. ძალიან ბედნიერად ვიგრძნობდი თავს ნებისმიერი მდედრობითი სქესის წარმომომადგენლის ფეხი, რომ მომწონდეს, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. წარმოვიდგენდი რა სამოთხეს დედამიწაზე და თავს „ბაუნტის“ შოკოლადის კაიფში გამოვიჭერდი, რისთვისაც მკაცრად გამასამართლებდა კონკურენტი „სნიკერსი“ და მომისჯიდა დაახლოებით- „არ გაჩერდე წაუსნიკერსე“ ოდენობით თავისუფლების აღკვეთას სადმე ისეთ ადგილას სადაც არც ინტერნეტია და არც კომპიუტერი.
 მე სულაც არ მიზიდავს დაგრეხილი ფეხები ან დაკუნთული, ათლეტურად მკვრივი. მსუბუქ გულის რევასაც კი ვგრძნობ, როცა ასეთს შევნიშნავ ხოლმე და უმეტესად ორს. ფეხიც ხომ ძირითადად წყვილი სახით გვხვდება ბუნებაში, როგორც „ტვიქსი“, მაგრამ ტვიქსის განსხვავებულ ნაწილებს კიდევ აიტანს კაცი ხოლო მსგავსად განსხვავებული ფეხების ატანა არც ისე იოლია. (იოლი ანუ სუპერმარკეტების ქსელი? - არა)
 ამ ისტორიას ლოგიკური დასასრული არ აქვს, რადგან გზა (მანძილს) რომელსაც გავივლი საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლო დაწესებულებამდე, ამის საშუალებას რეალურად არ მაძლევს.
და ბოლოს,  გაუმარჯოს იმგვარ გაფრთიანებას, რომელიც “RedBull”-ისაგან არ არის მონიჭებული! 

No comments:

Post a Comment