Tuesday 24 December 2013

ანალიზი (ნაწილი პირველი)

 ჩვენ გვიწევს ვიარსებოთ ისეთ გარემოში,რომელიც შედგება კომპლექსურ პროცესთა უწყვეტად მზარდი ჯამისგან. თავად სამყარო კი რთულად აგებული ვარირებადი სისტემაა, სადაც ყოველი ცალკეული ელემენტი გარკვეულ როლს ასრულებს მთლიანი მექანიზმის „გამართული“ ფუნქციონირებისთვის.
 მეცნიერების აშკარა პროგრესის მიუხედავად ამ დროისთვის არ გვაქვს ნათელი პასუხი უამრავ კითხვაზე. არის რაღაც, რაც ჩვენი ცნობიერის მიღმა რჩება და მასთან მუდმივი მიახლოებისას იგი ორჯერ მეტად გვცილდება.
 კაცობრიობა დასაბაბამიდან ცდილობს გაანალიზოს თუ რაში მდგომარეობს, როგორც ერთიანი პოპულაციის ასევე ცალკეული ინდივიდის არსებობის თეზა. ჩვენ შესაძლოა კონკრეტული მაგალითის განხილვის საფუძველზე, თავად შესასწავლი ობიექტის მოსაზრებიდან გამომდინარე ამ კითხვას მარტივი პასუხი გავცეთ, მაგრამ იქნება კი ეს პასუხი შესატყვისი სამყაროს უსასრულობასთან და განუსაზღვრელობასთან?! ნუთუ ჩვენი დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ იმ პრიმიტიული ყოფით განიმარტება, რასაც ადამიანთა ყოველდღიურობა ჰქვია.
 სავარაუდოდ ერთხელაც, რომ შევძლოთ იმის წარმოდგენა თუ რამდენად უძლურნი და მცირე ზომისანი ვართ ვეებერთელა კოსმოსიურ სივრცეში, მიღებული ინფორმაციის მასშტაბურობა და განცდილი არარაობა უმალ გაანდაგურებდა ჩვენს ამქვეყნიურ მოცემულობას. სწორედ ამიტომ გვაქვს ალბათ ბოძებული უსაზღვრო ამბიცია და სიბრიყვე, რომლებიც გვიცავენ ჭეშმარიტების შეუბრალებლობისაგან და რეალობის მოუხეშაობისაგან.
 ასევე ვარაუდის დონეზე მსურს დავუშვა, რომ ოდესმე ყოველი საიდუმლო სამყაროს შესახებ ცხადი გახდება, თუმცა არა ახლა და ამ ფორმით. ადამიანთა არსებობისთვის განსაზღვრული დრო საკმარისი არ არის ეტაპობრივად ჩამოაყალიბოს იმგვარი ინტელექტი, რომლისთვისაც საშიში არ იქნება შეულამაზებელი და სიღრმისეული „არსის“ გაგება, თუმცა გენეტიკური ცოდნა, რაც აერთიანებს წარსულსა და აწმყოში მიღებულ გამოცდილებას ინსტიქტურ დონეზე გვაახლოებს მასთან (პასუხთან, პასუხებთან) და ამგვარად ძიების პროცესი მეტად აზარტული ხდება. ალბათ ამიტომ შიგა და შიგ იმ ანარეკლში, რომელსაც ჩვენ რეალობას ვუწოდებთ ფრაგმენტულად, მცირე დროით ჩნდება ჭეშმარიტების სუსტი გაელვება.


No comments:

Post a Comment